• Ƀ/$

ირანი კასპიის ზღვის საკითხზე სამუშაო ჯგუფს ვერ უმასპინძლებს

9 დეკემბერი 11:59, 2019 წელი | ეკონომიკა

ირანი კასპიის ზღვის საკითხზე მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ორგანიზებისთვის მზად არ არის.

აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა.


„კასპიის ზღვის საკითხზე სასაუბროდ ირანში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იგეგმებოდა, მაგრამ თეირანმა გარკვეული პრობლემების და ტექნიკური საკითხების გამო ვერ შეძლო ამ ღონისძიების ორგანიზება, რის გამოც შევთანხმდით, რომ აღნიშნული რუსეთში გაიმართება. ამის შესახებ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არაა“, - აღნიშნა ხალაფოვმა.


კასპიის ზღვის საკითხზე მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 19-20 თებერვალს, ბაქოში გაიმართა.


2018 წლის 12 აგვისტოს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ხელი მოეწერა კონვენციას „კასპისს ზღვის იურიდიული სტატუსის შესახებ“. ამ დოკუმენტის საფუძველზე რეგიონის ხუთ სახელმწიფოს (აზერბაიჯანი, ირანი, რუსეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი) შორის ზღვის ზედაპირის საზღვრები დადგინდა, მაგრამ ჯერჯერობით დაუდგენელია მისი ფსკერის გამოყენება/განაწილების საკითხი. ეს თემა იმ მხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ სხვა ხელშემშლელი ფაქტორების გარდა, ყაზახეთი და თურქმენეთი კასპიის ზღვის გამოყენებით, ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების გატანას ვერ ახორციელებენ, რაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დივერსიფიცირებისთვის.


სხვა სიახლეები