• Ƀ/$

"რუსეთთან ინტეგრაციის საკითხებს" მინსკში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა

9 დეკემბერი 14:11, 2019 წელი | ანალიტიკა

რუსეთი და ბელარუსი საერთო ეკონომიკური სივრცის ფორმირების ახალ საფეხურზე აპირებენ გადასვლას.

აღნიშნული შეთანხმება ორი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სოჭში 7 დეკემბერს შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ ორეშკინმა განაცხადა რომ მხარეებს შორის  მნიშვნელოვანი პროგრესია სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციების, საბაჟო და სანავთობე ბაზრის რეგულირების საკითხებში. მისი თქმით, რუსეთსა და ბელარუსს შორის გაერთიანდა პოზიციები ნავთობისა და გაზის საკითხებზეც. შესაბამისად, 9 დეკემბრიდან მოსკოვი და მინსკი საექსპერტო დონეზე მიღებული ინსტრუქციების საფუძველზე „საგზაო რუკების“ შემდგომი ფორმირების შესწავლას დაიწყებენ.


თავის მხრივ რუსეთში ბელარუსის ელჩმა ვლადიმირ სემაშკომ მხარეთა შორის პოზიციების მნიშვნელოვან დაახლოებაზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ აქვე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 8 დარგობრივი „საგზაო რუკა“ არ არის კოორდინირებული.


დიპლომატმა დამატებით კომენტარის სახით აღნიშნა, რომ მინსკს სურს $70 მლნ. ოდენობის ზარალის ანაზღაურება, რომელიც ბელარუსზე გამავალი ე.წ. მეგობრობის (დრუჟბის) მილსადენით ნავთობის მიწოდების შეფერხებას მოჰყვა, რადგან ენერგოპროდუქტი მნიშვნელოვნად იყო დაბინძურებული. შემთხვევის შემდეგ ნავთობის მიწოდება შეფერხდა პოლონეთში, გერმანიასა და ჩეხეთში.


რუსეთთან ინტეგრაციის თემას მინსკში პროტესტი მოჰყვა


ბელარუსის დედაქალაქში მოსკოვთან ეკონომიკური ინტეგრაციის საწინააღმდეგო მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები 7 დეკემბერს დაიწყო, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს არ სურთ რუსეთთან ერთიანი „საგადასახადო კოდექსის“ შემოღება.


ბელარუსი ღრმად ეყრდნობა რუსულ იაფ ნავთობს და ყოველწლიურ მილიარდობით დოლარის ოდენობის სუბსიდიებს, რათა „საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის ეკონომიკა“ შეინარჩუნოს.


მინსკი უკვე არის რუსული „ევრაზიული ეკონომოკური კავშირის“ და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (კუხო) წევრი, რომელსაც კრემლი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე როგორც თავისი გავლენის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად, აგრეთვე ევროკავშირისა და ნატოს შესასუსტებლად იყენებს.


თავის მხრივ ლუკაშენკომ უკანასკნელი გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი სახელმწიფო არ გეგმავს სხვა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან ინტეგრაციას, რომელიც მათთვის „ძმური ერია“.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


სხვა სიახლეები