• Ƀ/$

მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთთან დაკავშირებით WADA-ს რეკომენდაციას გაითვალისწინებს

9 დეკემბერი 16:29, 2019 წელი | ინტერვიუ

WADA სრულად აკონტროლებს სპორტულ ღონისძიებებზე დოპინგთან დაკავშირებულ საკითხებს და სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს იღებს, რომელსაც შემდგომ მსოფლიო სპორტული ორგანიზაციები ითვალისწინებენ.

 

აღნიშნულის შესახებ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა M2B-სთან საუბარში განაცხადა.


„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთის სპორტის მიმართ შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით მსოფლიოს ანტი-სადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელსაც 9 დეკემბრის სხდომაზე მიიღებდნენ სავალდებულო ხასიათის იქნებოდა ამ ორგანიზაციისთვის. შესაბამისად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თავიდან ბოლომდე იქნება მზად გაითვალისწინოს ზემოხსენებული რეკომენდაცია“, - აღნიშნა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა.


ელგუჯა ბერიშვილის თქმით, რუსეთისთვის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის აკრძალვა შეეხება 4 წლის მანძილზე ჩასატარებელ ყველა მსხვილმასშტაბიან აქტივობებს, უკვე დაგეგმილი შეჯიბრებების გარდა, მაგალითად ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში ან ძალოსნობაში. ეს უკანასკნელი გამოწვეულია იმით, რომ ხსენებული ღონისძიებები უახლოეს მომავალში გაიმართება და მათში ცვლილებების შეტანა დაგვიანებულია.


შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში დღეს, 9 დეკემბერს მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს (World Anti-Doping Agency - WADA) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დაიწყო, სადაც მომავალი 4 წლის მანძილზე, საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში რუსეთის მონაწილეობის საკითხი განიხილება. მანამდე შესაბამისმა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ მხოლოდ „სუფთა“ რუსი სპორტსმენები შეძლებდნენ შეჯიბრებებში მონაწილეობას ნეიტრალური დროშის ქვეშ.


უკვე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით:


- WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთს 4 წლით საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით, მონაწილეობის უფლება ჩამოართვა;


- WADA-მ რუსული სპორტის საჯარო მოხელეებს, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტს და რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტს საერთაშორისო ღონისზიებებზე დაწრება აუკრძალა;


- „რუსეთის ანტი-დოპინგური სააგენტო“ ანტი-დოპინგურ კოდექსთან შეუსაბამოდ გამოცხადდა;


- WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთს აგრეთვე აუკრძალა 4 წლის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება და ამ ტიპის ღონისძიების მასპინძლობაზე განაცხადის შეტანის უფლება;


- WADA-ში მიიღეს გადაწყვეტილება რომ ყველა ტიპის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება არ აეკრძალათ რუსი სპორტსმენებისთვის;


„რუსეთის ანტი-დოპინგური სააგენტოს“ ხელმძღვანელმა იური განუსმა დაადასტურა, რომ WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის საკითხთან დაკავშირებით. რუსეთთან დაკავშირებით WADA-ს გადაწყვეტილება ან 21 დღეში, ან მას შემდეგ შევა ძალაში, რაც სპორტული არბიტრაჟის სასამართლო სააპელაციო მიმართვას მიიღებს განხილვაში.


აღნიშნული სკანდალი მოსკოვის ანტი-დოპინგური ლაბორატორიის 2012-2015 წლების მონაცემთა ბაზაში WADA-ს მიერ გამოვლენილმა შეუსაბამობებმა გამოიწვია.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

რუსეთი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნეს


რუსეთი მსხვილ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებს 4 წლით ჩამოაცილეს



სხვა სიახლეები