• Ƀ/$

„ნორმანდიული ფორმატის“ შედეგები - შანსი უკრაინისთვის?

10 დეკემბერი 15:08, 2019 წელი | ანალიტიკა

პარიზში შემდგარი ე.წ. ნორმანდიული ფორმატის (უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი) შემდეგ, კიევი და მოსკოვი პატიმართა გაცვლასა და ახალი შეხვედრის უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ.

კომპრომისის მიღწევა ვერ შედგა სამ ფუნდამენტურ საკითხზე: უკრაინის მიერ აღმოსავლეთ საზღვრის კონტროლის აღდგენაზე, არაკონტროლირებად რაიონებში არჩევნების ჩატარებასა და რუსული გაზის ტრანზიტზე.


ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს (მანამდე მხოლოდ სატელეფონო კავშირს იყენებდნენ) და 2016 წლის შემდეგ საერთოდ პირველად შედგა „ნორმანდიული ფორმატის“ სამიტი.


„ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა გავხსენით და ეს უკვე პოზიტიური ფაქტია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც „ნორმანდიული ფორმატის“ განახლების ინიციატორია.


თავის მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტმა სამიტს ნაყოფიერი უწოდა, ხოლო გერმანიის კანცლერის განცხადებით იგი კმაყოფილია პოზიტიური დამოკიდებულებით და მიღებული შედეგებით.


„ნორმანდიული ფორმატის“ მოლაპარაკებები აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო პროცესის აღდგენის მცდელობა იყო, სადაც 2014 წლიდან დაახლოებით 13 ათასი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური კიევი მოსკოვს თვითგამოცხადებული „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს. კონფლიქტში მონაწილეობას იღებენ რუსული რეგულარული არმიის ქვედანაყოფები, პარამილიტარისტული დაჯგუფებები (მაგალითად „ვაგნერის“ დანაყოფი) და ნებაყოფლობით ჩართული რუსეთის მოქალაქეები.


რაზე შეთანხმდნენ მხარეები


 - „ნორმანდიული ფორმატის“ მომდევნო შეხვედრა ოთხ თვეში უნდა გაიმართოს;


 - მოხდეს პატიმართა გაცვლა პრინციპით „ყველა ყველას სანაცვლოდ“, რის შემდეგაც 72 უკრაინელი შეძლებს საკუთარ სახლში დაბრუნებას;


 - მხარეებმა წლის ბოლომდე მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას უნდა მიაღწიონ;


 - აღმოსავლეთ უკრაინაში, სამ ახალ მონაკვეთზე (სადგურ ლუგანსკიზე, ზოლოტოისა და პეტროვსკიში) ძალთა გამიჯვნა მოხდება, რომელიც მარტის ბოლომდე უნდა განხორციელდეს (არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინი შეხების ხაზიდან ძალთა სრული დაშორების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ უკრაინული მხარე აღნიშნულს არ დათანხმდა).


„თუ სრული 409 კილომეტრიანი შეხების ხაზიდან ერთდროულად დაიწყება ჯარების დაშორება, ამას დაახლოებით 20 წელი დასჭირდება, ამიტომ აღნიშნული მცირე ფორმატებში უნდა მოხდეს, რომელსაც 6-8 წელი დასჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.


ზელენსკის თქმით აუცილებელია უკრაინულ კანონმდებლობაში ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის გათვალისწინება, რომელიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების წესს არეგულირებს; აგრეთვე აუცილებელია აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს მისიის მანდატის გაფართოება.


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამიტის დასასრულს განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ოთხი თვის ვადაში შექმნან შესაბამისი წინაპირობები არჩევნების ჩასატარებლად არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, რომელშიც „შტაინმაიერის ფორმულა“ იქნება გათვალისწინებული.


გერმანიის კანცლერის ანგელა მერკლეის განცხადებით უკრაინამ უნდა მიიღოს „შტაინმაიერის ფორმულა“ და კანონი ე.წ. განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უკონტროლო ნაწილში უკრაინის მიერ გასამართი არჩევნების პოლიტიკური პირობების უზრუველსაყოფად.


რაზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები


 - ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური პუნქტი - უკრაინის სახელმწიფო საზღვრის კონტროლის საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელი დარჩა. ზელენსკის თქმით, მომდევნო „ნორმანდიულ ფორმატზე“ კიევი მიუბრუნდება საზღვრის სრული კონტროლის აღდგენის თემას. საუბარია დონეცკისა და ლუგანსკის მხარის, უკრაინულ-რუსულ 409 კილომეტრიან საზღვარზე. პუტინმა დაადასტურა, რომ მხარეთა პოზიციები განსხვავდება ამ თემაზე. „ჩვენ მხარს ვუჭერთ მინსკის შეთანხმებების შესრულებას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. „მინსკის შეთანხმებებით“ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების შემდეგ, უკრაინას უნდა გადაეცეს საზღვრის კონტროლის ბერკეტები.


2015 წლის „მინსკის შეთანხმებებში“ (ხელმოწერილია ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ) ნათქვამია, რომ კიევი აღადგენს საზღვრის კონტროლს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ. ამ თეზისს დღევანდელი მდგომარეობით უკრაინული მხარე არ ეთანხმება. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას პუტინისთვის საკუთარი შეთავაზებები აქვს. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საზღვარზე კონტროლი შესაძლოა დაამყაროს არა უკრაინულმა ძალებმა, არამედ ეუთოს სპეციალურმა მისიამ. აქვე უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაქოვმა აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარებამდე მოხდეს საზღვრის კონტროლის ეტაპობრივი გადაცემა.


 - უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტზე არაფერი გადაწყვეტილა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მხოლოდ ამ თემის განბლოკვა მოხდა. „რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრისას ამ თემას შევეხეთ/გავხსენით და უკვე მრჩეველთა დონეზე განიხილება შესაძლებლობა, ფორმატი, მოცულობა, ფასი და სხვა მოლაპარაკების დეტალები, რადგან ეს საკითხი ყველასთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


„ბუნებრივი აირი გაქვთ, მაგრამ კიდევ უფრო იაფად გექნებათ, იმ შემთხვევაში თუ შევძლებთ შეთანხმებას ორმხრივ თანამშრომლობაზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


უკრაინული „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელი დირექტორის იური ვიტრენკოს თქმით, რომელიც უკრაინულ დელეგაციას ახლდა პარიზში, მხარეები რაიმე კონკრეტულზე არ შეთანხმებულან, მხოლოდ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეჯერდნენ, რომელიც ევროკავშირის მონაწილეობით მოხდება.


გაზის ტრანზიტსა და შესყიდვაზე კიევთან გაფორმებული მიმდინარე კონტრაქტი 2009 წელს გაფორმდა და ვადა 2019 წლის ბოლოს ეწურება. ოქტომბერში პუტინმა განაცხადა, რომ ახალი კონტრაქტის დადებამდე, უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები უნდა გამორიცხონ. საუბარია 3 მლრდ. ევროზე, რომელიც სტოკჰოლმის არბიტრაჟში დავის დროს „ნაფტოგაზმა“ რუსულ „გაზპრომს“ წინა წლის თებერვალში მოუგო და აგრეთვე $7 მლრდ-ის ოდენობის ჯარიმაზე, რომელიც „გაზპრომს“ უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა დააკისრა.


ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში ამ 3 მლრდ. ევროს ოდენობის ვალდებულების ბუნებრივი აირის სახით მიღებაზე ფიქრობენ.


 - მოსკოვი მიზანმიმართულად მოუწოდებს კიევს. ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები მოლაპარაკებების მხარეებად მიიღოს და მათთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს. თავის მხრივ უკრაინამ ასეთი შესაძლებლობა გამორიცხა და თანმიმდევრულად უარყო. „ნორმანდიული ფორმატის“ სამიტის შემდეგ პუტინმა კვლავ გაიმეორა რუსული ნარატივი და აღნიშნა, რომ „კონფლიქტის მონაწილე ლუგანსკი და დონეცკი“ პირდაპირ დიალოგში უნდა ჩაერთონ, რადგან არცერთი კონფლიქტი არ გადაწყვეტილა პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე.


რა საკითხი არ განხილულა


რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის საკითხი არ განხილულა მოლაპარაკებებზე. უკრაინის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ოთხი თვის შემდეგ, მომდევნო „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრაზე ამ თემას დღისწესრიგში დააყენებს. „ყველა უკრაინელისთვის როგორც დონბასი, აგრეთვე ყირიმი არის უკრაინა და ვერასდროს დავთმობთ საკუთარ ტერიტორიებს. ვითარების მოგვარება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. უკრაინელი ხალხი აგრეთვე არ დაუშვებს სახელმწიფოს ფედერალიზაციის საკითხს. უკრაინა უნიტარული სახელმწიფოა.“, - განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინელი ლიდერის განცხადებით შეუძლებელია სუვერენული კიევის განვითარებისა და მოძრაობის ვექტორზე გავლენის მოხდენა, რადგან ქვეყანა დამოუკიდებელი და დემოკრატიულია.


„საქმიანი, პროდუქტიული შეხვედრა“


მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ნორმანდიული ფორმატის“ შეკრება მათთვის უკვე გამარჯვებაა.


„სამწუხაროდ ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ შეხვედრები იყო ძალიან კარგი და შედეგიანი. სიმართლე გითხრათ ეს ძალიან ცოტაა. მე არსებული პრობლემების უფრო სიღრმისეული მოგვარება მსურს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


უნდა ითქვას, რომ სამიტის მიმდინარეობისას უკრაინის პრეზიდენტი ღიად მოქმედებდა და მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი პოზიციების დაცვას იმის პასუხად, რომ პარალელურად კიევში აქციები გაიმართა, სადაც მის „კაპიტულაციას და დათმობას“ აპროტესტებდნენ.


გაეროს რეზოლუცია ყირიმთან დაკავშირებით


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 9 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ყირიმიდან რუსული ჯარების გასვლის მოთხოვნას და ნახევარკუნძულის დემილიტარიზაციას ითვალისწინებს.


რეზოლუცია უკრაინული მხარის მიერ იყო ინიცირებული და დოკუმენტს 63-მა ქვეყანა, მათ შორის საქართველომ დაუჭირა მხარი. 19 ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა (მათ შორის სომხეთი), ხოლო 66-მა ქვეყანამ თავი შეიკავა მონაწილეობისგან (მათ შორის აზერბაიჯანმა).


რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ რუსეთი, ჩინეთი, სირია, ბელარუსი, ყირგიზეთი, სომხეთი, კუბა, ირანი, ლიბია, სუდანი, სერბეთი, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ.


რეზოლუციის ავტორები აქვე კიევისთვის სამხედრო ტექნიკის, მათ შორის საზღვაო ხომალდების - „იანი კაპუს“, „ნიკოპოლის“, „ბერდიანსკის“ დაბრუნებას მოითხოვდნენ, რომლებიც რუსებმა ქერჩის სრუტეში დააკავეს 2018 წლის ნოემბერში, ცნობილი მოვლენების დროს. რეზოლუცია დამატებით რუსეთისგან მოითხოვს გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ყველა უკრაინელი მოქალაქე. მიღებული რეზოლუციის პროექტი რუსეთს მოუწოდებს ქალაქ სევასტოპოლის, ყირიმის ნახევარკუნძულის, შავი და აზოვის ზღვების უკრაინული წყლების დემილიტარიზაციას, მისი კუთვნილი შეიარაღებული ძალების გაყვანას და უკრაინის ტერიტორიის დროებითი ოკუპაციის დაუყონებლივ დასრულებას. რეზოლუცია გმობს რუსი ოფიციალური პირების გამგზავრებას ყირიმში, იქ სამხედრო წვრთნების ჩატარებას და ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს თავი შეიკავონ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ვიზიტისგან, რომელიც კოორდინირებული არ არის უკრაინის ხელისუფლებასთან.


აქვე აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის დოკუმენტი, უშისროების საბჭოს რეზოლუციებისგან განსხვავებით, იურიდიულად სავალდებულო შესასრულებელი არ არის.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


სხვა სიახლეები