• Ƀ/$

ყირიმში ფრანგულ კომპანია Bureau Veritas-სთან ასოცირებული ორგანიზაცია მუშაობს

11 დეკემბერი 11:57, 2019 წელი | ანალიტიკა

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, ოპერირებს ორგანიზაცია, რომელიც ცნობილ ფრანგულ სასერტიფიკატო კომპანია Bureau Veritas-სთან არის დაკავშირებული.

აღნიშნულის შესახებ „რადიო თავისუფლების“ და „ამერიკის ხმის“ საერთო ტელეარხის (www.currenttime.tv) და ანტიკორუფციული პროექტის -  „მუნიციპალური სკანერის“ (www.munscanner.com) მიერ ერთობლივად განხორციელებული გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი. მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება თითქმის ორი წლის მანძილზე „ყირიმის არქივის“ სახელით მიმდინარეობდა.


როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, საერთაშორისო კომპანია Bureau Veritas-მა ($5 მლრდ-იანი საერთო ბრუნვით) რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების შემდეგ, სევასტოპოლში ფილიალი დააარსა.


ზემოხსენებული ორგანიზაცია ორიენტირებულია ექსპერტიზაზე, სერტიფიცირებასა და აუდიტზე სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ნავთობის წარმოების სეგმენტში. მსგავსი ტიპის საქმიანობა, 2014 წლის ივლისში, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საფუძველზე აკრძალულია.


ფრანგული Bureau Veritas-ის ოფიციალური წარმომადგენლობა რუსეთში ჯერ კიდევ 1994 წელს დარეგისტრირდა, ხოლო უკრაინაში 1997 წელს. 2014 წლის ივლისის ყირიმის ანექსიის შემდეგ Bureau Veritas Rus JSC-იმ (АО "Бюро Веритас Русь") რუსეთის იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეესტრში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და სევასტოპოლში ფილიალი შექმნა. ამ კომპანიის ყირიმის ფილიალი ადვილად მოსაძებნია რუსულ ბიზნეს-საცნობარო სივრცეებში, მაგრამ კომპანიის რუსული და უკრაინული ფილიალების ვებ-გვერდებზე აღნიშნული არ ჩანს.



დამატებით ცნობილი გახდა, რომ კომპანია Bureau Veritas Rus JSC, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსულ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა. 2015, 2016 და 2018 წლებში ორგანიზაციამ საერთო ჯამში $318 000 მოცულობის კონტრაქტები გააფორმა „როსნეფტის“ შვილობილ კომპანია „როსნეფტეფლოტთან“ (Роснефтефлот), რომელიც 2014 წლიდან ევროკავშირის პერსონალური სანქციების ქვეშ იმყოფება.


Bureau Veritas-ის ფრანგულმა და რუსულმა წარმომადგენლობებმა დაადასტურეს, რომ სიმფეროპოლში მათი ფილიალი ფუნქციონირებს. მათი თქმით, იქ კომპანიის მხოლოდ ორი თანამშრომელია რეგისტრირებული და ისინი თავიანთ საქმიანობას ნახევარკუნძულის გარეთ ახორციელებენ. ორგანიზაციის ორივე წარმომადგენლობამ საკითხს სანქციების ქვეშ მოქცეულ კომპანიასთან დადებული სახელმწიფო კონტრაქტების თაობაზე პასუხი არ გასცა.


„თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ყირიმში ცხოვრობენ და ჩვენ კი მათ საქმიანობის შესაძლებლობას ვაძლევთ. მათ არ უნდა ეხებოდეს გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები“, - განაცხადა კომპანიის რუსეთის წარმომადგენლობის დირექტორმა მიხაილ ფროლოვმა.


„რადიო თავისუფლების“ (www.currenttime.tv) ტელეარხმა საკითხი საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს, სანქციებთან დაკავშირებულ სპეციალურ კომიტეტში გაგზავნა. ფრანგული სამინისტროსგან ტელეარხში მოკლე პასუხი დაუბრუნდა: „დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენ ევროკავშირის ყველა სასანქციო რეჟიმის დაცვას ყურადღებით ვაკვირდებით“.


„რადიო თავისუფლება“ (www.currenttime.tv) და ანტიკორუფციული პროექტი -  „მუნიციპალური სკანერი“ (www.munscanner.com) თითქმის ორი წელი ერთობლივად იკვლევდნენ ბიზნეს-საქმიანობებს ანექსირებულ ყირიმში. ჟურნალისტებმა ასობით ევროპული, ამერიკული, რუსული, უკრაინული კომპანია აღმოაჩინეს, რომლებიც ნახევარკუნძულთან დაკავშირებით საერთაშორისო სანქციებს არღვევდნენ.


რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წლის მარტში, ე.წ. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე განახორციელა, რომელიც შეიარაღებული ფორმირებების თანხმებით მიმდინარეობდა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყირიმის ანექსია უკანონოდ შეაფასეს და დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესეს. თავის მხრივ კრემლი უარყოფს ნახევარკუნძულის ანექსიას და მას „ისტორიული სამართლიანობის აღდგენას“ უწოდებს.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები