• Ƀ/$

აშშ-ის მიერ „სომეხთა გენოციდის“ აღიარების საკითხი - თურქეთზე „ზეგავლენის იარაღი“

13 დეკემბერი 12:58, 2019 წელი | ანალიტიკა

ანკარა გმობს აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც 1915 წლის „სომეხთა გენოციდს“ აღიარებს, რადგან აღნიშნული „ისტორიის პოლიტიზირების სამარცხვინო მაგალითია“.

აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.


„შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატის - სენატის გადაწყვეტილება ანკარასა და ვაშინგტონს შორის არსებული ურთიერთობების დანგრევის მცდელობაა. ისინი ვინც ფაქტების უგულებელყოფით ისტორიას პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად იყენებენ, ვერასდროს მიაღწევენ მათთვის სასურველ მიზნებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ აქვს რაიმე სახის ისტორიული სამართლებრივი საფუძველი და არ გააჩნია იურიდიული ძალა. მსგავსი უსამართლო და დაუსაბუთებელი ნაბიჯები გავლენას ვერ მოახდენს თურქეთის გადაწყვეტილებაზე, რომელიც აგრძელებს ბრძოლას რეგიონში მისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.


რეჯეპ ტაიპ ერდოღანის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ფაჰრეთინ ალთუნის თქმით, აშშ-ის სენატის რეზოლუცია, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მიერ ე.წ. სომეხთა გენოციდს აღიარებს, საფრთხეს უქმნის ანკარასა და ვაშინგტონს შორის სამომავლო ურთიერთობებს, მაგრამ მუქარა და შესაძლო სანქციები გავლენას ვერ მოახდენს თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვაზე.


ერდოღანის პრესმდივნის იბრაჰიმ ქალინის განცხადებით, ანკარა გმობს და უარყოფს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ისტორიას პოლიტიკური ანგარიშსწორების განსახორციელებლად  იყენებს.


„აღნიშნული რეზოლუცია პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში თურქეთის იურიდიულად გადამწყვეტ პოზიციებზე გავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა ქალინმა.


საგარეო უწყების ხელმძღვანელის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას წმინდა პოლიტიკური ელფერი აქვს და მას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.


სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის განცხადებით აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია არის გადამწყვეტი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის და ჭეშმარიტების დადგენის გზაზე.


„სომეხთა გენოციდის“ აღიარების მნიშვნელობა


შეერთებული შტატების სენატმა გუშინ, 12 დეკემბერს „სომეხთა გენოციდის“ შესახებ დადგენილება მიიღო, რომელიც კონგრესის ზედა პალატის მოსაზრებას გამოხატავს. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, რომ ამ თემის აღიარებით სამომავლოდ მსოფლიოში  სხვა მსგავსი ფაქტის [სხვა შესაძლო გენოციდი] წახალისება არ მოხდება.


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ში მისი უკანასკნელი ვიზიტისას განაცხადა, რომ „სომხეთა გენოციდის“ წინ წამოწევა თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს.


ამ საკითხის გააქტიურება სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ [აგრეთვე რუსული S-400-ის სისტემის შესყიდვის გამო] საპასუხოდ და შესაბამისად ვაშინგტონთან მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, ოქტომბერში დაიწყო. მაშინ დემოკრატმა ბობ მენენდესმა და რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა შეიტანეს რეზოლუცია განსახილველად წარმომადგენელთა პალატაში, მაგრამ მისმა კოლეგებმა დაბლოკეს საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით სენატორმა ლინდსი გრემმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თემის შეჩერებით მათ თეთრი სახლის თხოვნა შეასრულეს, რადგან თურქეთის მწვავე რეაქცია ექნებოდა ამაზე.


დამატებით აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს, 11 დეკემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ანკარის მიერ, რუსული S-400-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენის და სირიაში სამხედრო ოპერაციის წამოწყების გამო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამ დოკუმენტს მხარი დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა ერთხმად დაუჭირეს.


ამ ეტაპზე ნატოს წევრ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში არსებულ სტატუს-ქვოს მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპსა და ერდოღანს შორის არსებული პოზიტიური დამოკიდებულება ინარჩუნებს და ახლა სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის მაგიდაზე აღმოჩნდება ხელმოსაწერად გამზადებული, სენატის მიერ მიღებული „სომეხთა გენოციდის“ შესახებ რეზოლუცია.


თუ ტრამპი ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს, შეერთებული შტატები ფედერალურ, სახელმწიფო დონეზე აღიარებს „სომეხთა გენოციდს“. დღემდე, აშშ-ის 50 შტატიდან 49-ს მხოლოდ ადგილობრივ დონეზე აქვს ეს საკითხი აღიარებული.


აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წელს 100 წელი უსრულდება ე.წ. ლოზანის საზავო ხელშეკრულებას, რომელსაც 1923 წლის 24 ივლისს ერთის მხრივ დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, საბერძნეთმა და ა.შ, ხოლო მეორეს მხრივ თურქეთმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულებამ იურიდიულად გააფორმა ოსმალეთის იმპერიის დაშლა და თანამედროვე თურქეთის საზღვრები ჩამოაყალიბა. ხელშეკრულებამ გამოაცხადა ზავი თურქეთსა და ანტანტის სახელმწიფოებს შორის. თურქეთმა შეინარჩუნა აღმოსავლეთი თრაკია, იზმირი და სხვა ტერიტორიები, რომლებიც დაკარგა სევრის ხელშეკრულების შედეგად. ამავდროულად თურქეთმა უარი თქვა არაბეთზე, ეგვიპტეზე, სუდანზე და სხვა გავლენის სფეროებზე. თრაკიაში საზღვარი მდინარე მარიცას გაჰყვა. ხელშეკრულებამ შეცვალა უცხოელების ეკონომიკური და პოლიტიკური პრივილეგიები თურქეთში და თურქეთზე არსებული საერთაშორისო ფინანსური კონტროლი. თურქეთი დათანხმდა გადაეხადა ოსმალეთის იმპერიის ვალის ნაწილი. 1923 წლის 23 აგვისტოს თურქეთმა მოახდინა ხელშეკრულების რატიფიკაცია, ხოლო ძალაში შევიდა 1924 წლის 6 აგვისტოდან, როდესაც რატიფიკაცია ყველა ხელმომწერმა სახელმწიფომ მოახდინა.


ანკარაში სავარაუდოა ფიქრობენ, რომ ახლოვდება ამ ხელშეკრულების გადასინჯვის საქმე და ყოველმხრივ საზღვრების გამყარებაზე ზრუნავენ, რაც გულისხმობს მაგალითად ქურთებით დასახლებულ აღმოსავლეთ და სამხრეთ თურქეთს, კვიპროსის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას, ლიბიასთან გაფორმებულ სასაზღვრო მემორანდუმს და ა.შ.


აქვე ხაზგასასმელია, რომ „სომეხთა გენოციდის“ საკითხის გამო, ოფიციალური ერევანი ანკარასთან 1921 წლის „მოსკოვის შეთანხმებით“ დადგენილ საზღვრებს „არ ცნობს“, რადგან თვლის რომ, სომეხთა დიდი ნაწილი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე ერევანზე მძლავრი რუსული გავლენის გამო, ჯერჯერობით საკითხზე აქტიური მსჯელობა არ მიმდინარეობს.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები