• Ƀ/$

მსოფლიო ბერდება - სად არის გამოსავალი?

14 დეკემბერი 11:26, 2019 წელი | ანალიტიკა

სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობის ინტენსიური მატებისა და შობადობის კლების ფონზე მსოფლიო მოსახლეობა სწრაფი ტემპით ბერდება. პროცესი შუქცევადია როგორც განვითარებულ ასევე განვითარებად სამყაროში. 

1960-2017 წლებში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 20 წლით 52-დან 72 წლამდე გაიზარდა. კაცობრიობის არსებობის ისტორიაში არასდროს, ასე მცირე მონაკვეთში ასეთი დიდი - 38%-იანი ზრდა არ დაფიქსირებულა. შედეგად თუ იქამდე 2000 წლის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობა 200 მლნ-დან 3 მლრდ-მდე გაიზარდა, ამის შემდეგ სულ რაღაც 57 წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა კიდევ 4.5 მლრდ-ით ანუ 150%-ით გაიზარდა.


სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობის ზრდას თან შობოდაობის კლებაც ახლდა. 1960-2017 წლებში შობადობის კოეფიციენტი განახევრდა, უფრო ზუსტად კი 51%-ით 4.98-დან 2.43-მდე შემცირდა.



როგორც ერთმა, ასევე მეორე ცვლილებამ გავლენა მოსახლეობის საშუალო ასაკზე და ასაკობრივი ჯგუფების წილობრივ მაჩვენებლებზეც იქონია. 1960 წელს პლანეტის მოსახლეობის საშუალო ასაკი 23 წელს უდრიდა, დღეს ეს მაჩვენებელი 6.8 წლით 29.8 წლამდეა გაზრდილი. თუ 65 წელს გადაცილებულ პირთა წილი მთელ მოსახლეობაში 1960 წელს 4.97%-ს შეადგენდა, 2018 წელს ის უკვე 8.87%-მდე იყო გაზრდილი.



ასაკიანი ადამიანების წილის საპირისპიროდ 15 წლამდე ასაკის ბავშვების წილი ნახევარ საუკუნეში 37.2%-დან 25.8%-მდე შემცირდა.


ბუნებრივია სხვადასხვა ქვეყანაში პროცესები სხვადასხვა სიჩქარითა და მოცულობით განვითარდა, მაგრამ ტენდენცია მაინც ერთი იყო მთელ მსოფლიოში. მაგალითად თუ შვეიცარიაში ბოლო ნახევარ საუკუნეში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 18%-ით, 71-დან 84 წლამდე გაიზარდა, იმავე პერიოდში სამხრეთ სუდანში 78%-იანი ზრდა დაფიქსირდა და სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 32-დან 57 წლამდე გაიზარდა. შობადობის კოეფიციენტი იტალიაში 2.37-დან 1.34-მდე შემცირდა, კორეაში 6.6-დან 1.1-მდე.


იმის გამო, რომ განვითარებულ ქვეყნებში უკეთესი სამედიცინო მომსახურებაა, უმუშევრობა და მათ შორის ქალების უმუშევრობა მცირე ამ ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ასაკი უფრო მეტია, შობადობა კი ნაკლები.


დემოგრაფიული სურათის ცვლილება, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს. ასაკიანი ადამიანების წილის ზრდა საპენსიო და სამედიცინო ხარჯების ზრდას იწვევს. პოლიტიკოსები არჩევანის წინაშე დგანან. მაღალია პოპულისტური გადაწყვეტილების მიღების ცდუნება და სოციალური ხარჯების გაზრდა, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპს ამცირებს და პრობლემებს დროში ავადებს. ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებები კი მემარცხენე ძალებისთვის სოციალური აფეთქებების მოსაწყობად საუკეთესო საჩუქარია. გაფიცვები და დემონსტრაციები ხშირად ძალადობაში გადადის რასაც ზოგჯერ მსხვერპლიც ახლავს თან.


დღეს არ არსებობს მზა პასუხი თუ რა უნდა მოუხერხოს კაცობრიობამ პრობლემას, რომელსაც შეუქცევადი ხასიათი აქვს. მომავალში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა კვლავ გაიზრდება, იმ ფონზე, როცა შობადობის კოეფიციენტის ზრდის ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. მედიცინის განვითარებასთან ერთად, ერთ-ერთ გამოსავლად სიცოცხლესთან ერთად შრომისუნარიანობის გახანგძლივებაც იქნება. საპენსიო ასაკის ზრდა ყველა ქვეყანაში სხვადასხვა დოზით უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ ეს გარდაუვალი პროცესი იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საპენსიო ასაკს უახლოვდებიან 60-იან წლებში დაბადებული ადამიანი. ამ პერიოდში შობადობა ჯერ კიდევ ძალიან მაღალი იყო, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა კი მის წინა პერიოდთან შედარებით მკვეთრად შემცირებული. იყო პერიოდი როცა, გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა პენსიონერთა რაოდენობას რამდენჯერმე აღემატებოდა, მათ შორის სხვაობა ნელ-ნელა მცირდება და ზოგ ქვეყანაში უკვე დასაქმებულზე მეტი საპენსიო ასაკის ადამიანია.


რა ხდება ამ დროს საქართველოში?


გამონაკლისი არც საქართველოა. ქვეყანაში მსოფლიო ტენტენციას 90-იან წლების ეკონომიკური კოლაფსიც დაერთო, რამაც შობადობის მკვეთრი შემცირება და მასობრივი ემიგრაცია გამოიწვია. 1960-1990 წლებში შობადობის კოეფიციენტი 2.9-დან 2.2-მდე შემცირდა 1990-2000 წლებში კი 2.2-დან 1.6-მდე. ხოლო შემდეგ 2017 წლამდე ნაბიჯ-ნაბიჯ 2.0-მდე გაიზარდა. იმავე პერიოდში მსოფლიოში შობადობის კოეფიციენტი 2.7-დან 2.4-მდე შემცირდა. მსოფლიო ტრენდიდან გადახვევის ერთადერთ მიზეზად ეკონომიკური მდგომარეობის მეტ-ნაკლებად გაუმჯობესება უნდა ჩაითვალოს. 65 წელს გადაცილებულ პირთა წილი კი ბოლო 30 წელიწადში 8.9-დან 14.9-მდე გაიზარდა. აქაც ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ემიგრაციაა, იმავე პერიოდში საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა ბევრად უფრო დაბალი ტემპით, 70.4-დან 73.4 წლამდე გაიზარდა.



საქართველოში პენსიას ქალები 60 წლის ასაკიდან იღებენ, კაცები 65-დან. შესაბამისად ასაკით პენსიონერთა წილი კიდევ უფრო მეტია. 2018 წელს ასაკით პენიონერთა რაოდენობამ 745 000 შეადგინა, რაც 20%-ს უდრის. საქსტატის ცნობით 2013-2018 წლებში მოსახლეობა 11 ათასით, 3.718 მლნ-დან 3.729 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო იმავე პერიოდში პენსიონერთა რაოდენობა 59 ათასით 686 ათასიდან 745 ათასამდე. ანუ პენსიონერთა წილი 18.45%-დან 19.98%-მდე გაიზარდა. საპენსიო ხარჯები 2019 წელს 15.8%-ით - 305 მლნ-ით 2.23 მლრდ ლარამდე იზრდება, მაშინ როცა დოლარში დათვლილი პენსიის ოდენობა კვლავ ორნიშნა რჩება.


სამომავლოდ პენსიების ზრდის მთავარ პირობად, 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებული სავალდებულო საპენსიო დაზღვევა ითვლება. 40 წლამდე ასაკის ყველა დასაქმებულს დარიცხული ხელფასიდან სავალდებულო წესით 2% ეჭრება, რასაც დამსაქმებლის 2% და ბიუჯეტიდან დამატებული 2%-ც ემატება. ეს თანხა დეპოზიტზე თავსდება, რასაც თავის მხივ საპროცენტო სარგებელი ერიცხება. 40 წელს გადაცილებულ პირებს სისტემის დატოვებისთვის ორთვიანი ვადა ჰქონდათ. ამ უფლებით 162 ათსზე მეტმა პირმა ისარგებლა. სავალდებულოების გამო რეფორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული და ის შესაძლოა ნებაყოფლობითი გახდეს.


მსგავს თემაზე:

2050 წელს ქალაქებში დღევანდელზე 3 მილიარდით მეტი ადამიანი იცხოვრებს


პლანეტის მოსახლეობა 2018 წელს 80 მლნ-ით გაიზარდა


2035 წლისთვის მსოფლიოს 10 უდიდეს ქალაქში 324 მლნ ადამიანი იცხოვრებს



სხვა სიახლეები