• Ƀ/$

ბოლო 100 წელიწადში თურქეთში მიწისძვრებს 80 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

25 იანვარი 22:02 | ანალიტიკა

თურქეთი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, სადაც დამანგრეველი მიწისძვრები თითქმის ყოველწლიურად ხდება. ბუნების ამ სტიქიურ გამოვლინებას ბოლო 100 წელიწადში 80 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

1924-1929 წლებში თურქეთში 4 ძლიერი: პასილნერის, ყარსის, იზმირისა და სუსერის მიწისძვრა მოხდა. რასაც 600-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიწისძვრების სიმძლავრე მაგნიტუდით 6.1-დან 6.8-მდე მერყეობდა. ყველაზე დიდი 360 კაციანი მსხვერპლი 1926 წლის ყარსის მაგნიტუდით 6.1 სიმძლავრის მიწისძვრას მოჰყვა. ბიძგები იმდროინდელი საბჭოთა კავშიორის ტერიტორიაზე, კერძოდ საქართველოსა და სომხეთშიც იგრძნობოდა.


1930 წლის 7 მაისს, ირანში, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში შუაღამისას, ადგილობრივი დროით 01:34-ზე მაგნიტუდით 7.5 სიმძლავრის მკიწისძვრას, ირანსა და მეზობელ თურქეთში 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 70 სოფელი თითქმის მთლიანად განადგურდა.


1939 წლის 27 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მაგნიტუდით 7.8 მიწისძვრა მოხდა, რასაც რამდენი ასევე დამანგრეველი აფთერშოკი მოჰყვა. პირველი ბიძგების მგრძონელობა 12 ბალს აღწევდა. ერზინკანის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33 000-ს გადააჭარბა, 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.



1942-1944 წლებში თურქეთს კიდევ 3 დამანგრეველი მიწისძვრა დაატყდა თავს. ნიკსერ-ერბას, ტოსა-ლედიკისა და ბოლუ გერედის მიწისძვრებს საერთო ჯამში 12 000 ადმიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თითოეული მიწისძვრის სიმძლავრე მაგნიტუდით 7.0-ს აღემატებოდა.


1966 წლის 19 აგვისტოს, მაგნიტუდით 6.9 სიმძლავრის ვარტოს მიწისძვრამ 2500-მდე ადამიანი შეიწირა; 1970 წლის 28 მარტის გედიზის მაგნიტუდით 7.2 სიმძლავრის მიწისძვრამ 1000-ზე მეტი; 2500-მდე ადამიანი დაიღუპა 1975 წლის 6 სექტემბრის მაგნიტუდით 6.6 სიმძლავრის ლაისის მიწისძვრის შედეგად. 4000-მდე ადმიანი შეიწირა 1976 წლის 24 ნოემბრის მაგნიტუდით 7.5 სიმძლავრის გალდირენ მორიდიეს მიწისძვრამ; ხოლო კიდე 1500 ადამიანი 1983 წლის 30 ოქტომბრის მაგნიტუდით 6.9 სიმძლავრის ერზრუმის მიწისძვრამ.


ერზინკანის შემდეგ, თავისი მასშტაბით, დამანგრეველი ძალითა და დაღუპულთა რაოდენობით ყველაზე მძლავრი მიწისძვრა თურქეთში გასული საუკინის მიწურულს, 1999 წლის 17 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 03:01-ზე დაფიქსირდა. იზმითის მიწისძვრის სიმძლავრე მაგნიტუდით 7.6-ს შეადგენდა, თუმცა მგრძნობელობა 9 ბალს აღწევდა, ბიძგები 37 წამი გრძელდებოდა. დაღუპულთა რაოდენობამ 17 000-ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა.



XXI საუკუნეში ყველაზე დიდი მსხვერპლი 600 კაციანი მსხვერპლი თურქეთში 2011 წლის 23 ოქტომბრის მაგნიტუდით 7.1 სიმძლავრის ვანის მიწისძვრამ გამოიწვია. სხვადასხვა სახის დაზიანება 4500-მდე ადამიანმა მიიღო.


რაც შეეხება ბოლო 2020 წლის 24 იანვრის ელაზიგის მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით მას 29 ადამიანი ემსხვერლა და 1100-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მაგნიტუდით 6.8 სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:55-ზე მოხდა. ბიძგები 40 წამს გრძელდებოდა, მგრძნობელობამ 8 ბალს მიაღწია. ჰიპოცენტრი 10 კმ-ს სიღრმეზე მდებარეობდა.


მიწისძვრისგან გამოთავისუფლებული ენერგია 240 000 ტონა ტროტილის ექვივალენტს უდრიდა, რაც თავის მხრივ ჰიროსიმაში ჩამოგდებული 15 ატომური ბომბის დამანგრეველ ძალას უთანაბრდება. 



მცირედი რყევები იგრძნობოდა საქართველოსა და სომხეთშიც, თუმცა მას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია. საქართველოს სამხრეთი საზღვარი ეპიცენტრიდან 400 კილომეტრზე ნაკლებითაა დაშორებული.


სხვა სიახლეები