• Ƀ/$

როგორი იქნება კორონავირუსის გავლენა ჩინეთისა და მსოფლიო ეკონომიკაზე?

27 იანვარი 16:52 | ეკონომიკა

ექსპერტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ზურა ბატიაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელება აუცილებლად აისახება ჩინეთის ეკონომიკაზე, რასაც, დიდი ალბათობით, მსოფლიო ეკონომიკაში ცვლილებები მოჰყვება.

"ამ მომენტისთვის კარანტინში ათეულობით მილიონი ადამიანი იმყოფება. კრიზისმა უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოახდინა გავლენა. ჩინეთში გაჩერებულია სასწავლო და სავაჭრო პროცესი. ეს რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება მის ეკონომიკაზე. Bloomerg-ის პირველადი პროგნოზით, კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების შედეგად, პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 1%-ით შემცირდება. თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის ეკონომიკის მასშტაბებს, ეს რიცხვი დაახლოებით $140 მლრდ-ს მიაღწევს. თუმცა, ჩვენ არ ვიცით ეს სიტუაცია რამდენ ხანს გაგრძელდება",-უთხრა M2B-ს ზურა ბატიაშვილმა.


მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელებას უარყოფითი გავლენა ექნება საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობაზეც, რადგან შემცირდება ქვეყანაში მათი ეკონომიკური აქტივობა.


"ჯერჯერობით ციფრებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა გავლენა ნამდვილად ექნება, რადგან გარდა იმისა, რომ ჩინეთიდან ტურისტები გვყავს, საქართველოს მასთან დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს",- აღნიშნა ექსპერტმა.


რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკაზე ზემოქმედებას, ექსპერტის თქმით, კორონავირუსის გამო უკვე 2,5%-ით დაიკლო ნავთობის ფასმა.


"თუ ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდება, ნავთობის ფასი კიდევ შემცირდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როდის მიაღწევს პიკს გავრცელება და საერთოდ, რა პერიოდი გასტანს კრიზისი",- განაცხადა ზურა ბატიაშვილმა. 


ცნობისთვის, უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა, ხოლო 3000-მდე ადამიანი დაავადებულია.


 


 


სხვა სიახლეები