• Ƀ/$

ირანი დღეს უფრო ღარიბია ვიდრე 42 წლის წინ ისლამურ რევოლუციამდე

10 იანვარი 09:03 | ანალიტიკა

ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ირანი დღეს საშუალოზე ღარიბი სახელმწიფოა. შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე ისლამური რევულუციამდე არსებული პერიოდის მაჩვენებლის 65%-ზე ნაკლებია. 

1960-1976 წლებში ირანი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივ (2010 წლის დონის) ფასებში 244%-ით $2980-დან $10 265-მდე გაიზარდა. 1977-1978 წლებში არასწორმა ეკონომიკურმა რეფორმებმა და კორუფციამ ქვეყანაში რეცესია გამოიწვია, რამაც შიიტი სასულიერო პირების გავლენის ზრდა და საყოველთაო ამბოხი მნიშვნელოვნად დააჩქარა.


1979 წლის 1-ელ თებრვალს თეირანში თვითმფრინავი დაეშვა, 14 წლიანი დევნილობის შემდეგ აიათოლა ხომეინს ქალაქის ქუჩებში რამდენიმე მილიონი ადამიანი დახვდა. ეიფორია მალე დასრულდა. ირანი „ირანის ისლამურ რესპუბლიკად“ გამოცხადდა. აღდგა შარიათის კანონები და ჩადრის ტარების ვალდებულება. დასავლეთთან ურთიერთობის გამწვავებასა და ერაყთან ომს ეკონომიკის ვარდნა მოჰყვა. ყველაფერ ამას თან რეპრესიული მმართველობის გაძლიერებაც ახლდა თან.



ირანმა მთელი დასავლური სამყარო და უპირველესად შეერთებული შტატები მტრად გამოაცხადა, თუმცა რევოლუციის პროცესში თავად აიათოლა და მისი მიმდევრები, დასავლურ ტექნოლოგიურ მიღწევებს, განსაკუთრებით აუდიო კასეტებს აქტიურად იყენებდნენ. აიათოლას აუდიო მიმართვები სწორედ ასეთი კასეტების მეშვეობით ვრცელდებოდა.


რეგიონში უდიდესი სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვისა და საელჩოს თანამშრომლების 15 თვიანმა ტყვეობაში ყოფნა თავის მხრივ ვაშინგტონიც მნიშვნელოვნად გააღიზიანა. 1980-1988 წლებში ირან-ერაყის ომში ის ერაყს აქტიურად უჭერდა მხარს. ამ პერიოდის განმავლობაში ბაღდადი ამერიკული იარაღით მარაგდებოდა და ფინანსურ მხარდაჭერასაც ღებულობდა.


თუ რევოლუციის დაწყებამდე 1978 წელს შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $8000-ს შეადგენდა, ერაყთან ომის დასრულების შემდეგ 1988 წლისთვის ის $3600-მდე იყო შემცირებული. 2018 წლისთვის ის $6600-მდე გაიზარდა, მაგრამ ეს მხოლოდ 1969 წლის მაჩვენებლის ტოლია. ანუ საშაუალო სტატისტიკური ირანელის ეკონომიკური ცხოვრების დონე იგივეა რაც ნეილ არმსტრონგის მიერ მთვარის პირველი დალაშქვრისას. ზუსტად იმ პერიოდში როდესაც ირანში შემოსავლები 36%-ით შემცირდა, კორეამ 800%-იანი, ხოლო ჩინეთმა 2800%-იანი ზრდა აჩვენა.



რევოლუციის შემდეგ 40 წლის განმავლობაში ირანში ინფლაციის განავეთი ერთნიშნა პროცენტულ მაჩვენებელზე მხოლოდ 4-ჯერ დაფიქსირდა, 20%-იან ნიშნულს კი 13-ჯერ გადააჭარბა. ეკონომიკის განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სანქციებია. 2016 წელს, მაშინ როცა სანქციები მნიშვნელოვნად იყო შერბილებული ირანის ეკონომიკა 13.4%-ით გაიზარდა, 2018 წელს კი 4.8%-ით შემცირდა.


ირანული რიალი დიდი სიმყარით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ თუ 7 წლის წინ $1-ის საყიდლად 12 000 რიალი საკმარისი იყო, დღეს ის უკვე $42 000 ღირს. ვალუტის კურსზე საერთაშორისო გადარიცხვების სისტემის SWIFT-ის გარეთ ყოფნაც ართულებს.


ირანის ნავთობის მარაგი 212 მლრდ ბარელს შეადგენს და მე-3 ადგილზე იმყოფება. 34 ტრლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მარაგით კი მე-2 ადგილს იკავებს. ეს რიცხვები ირანს სხვა თანაბარ პირობებში ფუფუნების საშუალებას უნდა აძლევდეს, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. 1 სულ მოსახლეზე შემოსავლით ირანი გაბონზე და სურინამზე ღარიბია. ირანის მიერ ყოველდღიური ნავთობმოპოვება დღიურად 2.7 მლნ ბარელს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მე-10 ადგილს იკავებს. ექსპორტი კიდევ უფრო დაბალია. 2018 წელს ირანმა მხოლოდ $5.3 მლრდ-ის ბუნებრივი გაზის ექსპორტი შეძლო და მე-14 ადილს დასჯერდა. 2019 წლის სტატისტიკური მონაცემები ჯერ შეჯერებული არ არის, თუმცა ის ირანისთვის დამაიმედებელი ვერ იქნება. მსოფლიო ბანკის წინასწარი მონაცემებით გასულ წელს ირანის ეკონომიკა დამატებით 8.7%-ით შემცირდა.


მსგავს თემაზე:

ვინ არის ირანული ყუდსის დანაყოფის ახალი ხელმძღვანელი?


ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ისტორია და სტრუქტურა


ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და მისი შესაძლო გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე


ახლო აღმოსავლური დაძაბულობა: უკანასკნელი სიახლეები



სხვა სიახლეები