ატამს ნაგავსაყრელზე
კახეთში გასაყიდ ატამს ნაგავსაყრელზე ყრიან - გლეხები მიზეზებს განმარტავენ

კახეთში, სოფელ ჩუმლაყში, გასაყიდ ატამს ნაგავსაყრელზე ყრიან. სამოქალაქო აქტივისტი უჩა ქემაშვილი აცხადებს, რომ გლეხები მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ და იძულებული ხდებიან, პროდუქცია ნაგავსაყრელზე დატოვონ.გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორია საღი ატმითა და ხილით სავსე ყუთებითაა გადავსებული.ადგილობრივი ფერმერების ნაწილი ადასტურებს, რომ მოსავალი უფუჭდებათ და პროდუქციის დროულად გასაღების პრობლემა აქვთ. მათი თქმით, შექმნილი ვითარების გამო იძულებული არიან, ატამი მყიდველებს დაბალ ფასად გაატანონ, რათა მოსავალი სრულად არ გაუფუჭდეთ."ხალხმა გადაყარა ეს ატამი იმიტომ, რომ ვერ გაყიდა. კიდევ ხომ ასხია ხეს? უნდა წავიდეს, მოკრიფოს იმის იმედად, რომ იქნებ მომავალში მაინც გაყიდონ. აი, ზევით ვნახეთ, რომ ყუთებით არის პირდაპირ გადაყრილი. ერთი-ორი რომ გაფუჭდა, მერე უკვე ვიღაც ნახავს, აღარ იყიდის და მერ ეუკვე მოდიან და ყუთებით ყრიან. სომხებმა შემოიტანეს ჩვენთან საქართველოში და საქართველოსი არ იყიდება და იყიდება შემოტანილი პროდუქტი", - ამბობს ადგილობრივი. 

1786948401

თხილი
„დიდი რაოდენობით ბაღები ნადგურდება, მთავარი გამოწვევა უეცარი ხმობაა - მოსავალი უკეთესია, 50 000 ტონამდე თხილს ველოდებით“ - ასოციაცია

„მოსავალი რაოდენობრივად შარშანდელთან შედარებით უკეთესია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ განაცხადა.მისივე თქმით, წელს საქართველოში 50 000-მდე ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან.„მოსავალი რაოდენობრივად შარშანდელთან შედარებით უკეთესია. რეგიონების უმეტესობაში ასეთი ვითარებაა. ზოგიერთ მაღალმთიან ზონაში ქარი იყო, თხილი ჩამოყარა და შესაბამისად, შედარებით ნაკლები მოსავალია.ფაროსანას პრობლემა ბაზარზე კვლავ აქტუალურია, არის პლანტაციებში და ზიანს აყენებს თხილს. შესაბამისად, ჩემი რჩევა და რეკომენდაცია ფერმერების მიმართ იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოკრიფონ თხილი, მექანიკურად დაამუშაონ საშრობებში თუ საწყობებში და დაასაწყობონ შესაბამის, კარგ პირობებში.საოჯახო პირობებში შენახვა თვეების მიხედვით, თხილის ხარისხს რადიკალურად გააუარესებს.ვფიქრობთ, რომ შარშანდელთან შედარებით მოსავალი დაახლოებით, 5%-ით მეტი მაინც იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ამინდები იქნება აგვისტოში და როგორ შეძლებენ ფერმერები მოსავლის ბაღებიდან გამოტანას.თუმცა, არსებული მონაცემებით, უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. გასულ წელს 45 000 ტონა თხილი იყო, წელს კი სადღაც 47–48 000 ტონა, შეიძლება 50 000 ტონაც კი ავიღოთ.პირველი რჩევა მათთვის, ვისაც თხილის შენახვის საშუალება არ აქვს და ვერ ახერხებს პროდუქციის საწყობში ისე დაბინავებას, რომ ხარისხი არ გაფუჭდეს, არის ის, რომ დროულად გაყიდონ.ეს ფასზე არ არის დამოკიდებული, უბრალოდ, პროდუქცია გაფუჭდება, რაც საბოლოო ჯამში, ფერმერის ჯიბიდან დაწყებული, ქვეყნის პოზიციით დამთავრებული, ყველაფერზე ცუდად მოქმედებს“, - განაცხადა მერაბ ჭითანავამ.თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სექტორში არსებულ გამოწვევებზე და განაცხადა, რომ დარგის უმთავრესი პრობლემა თხილის უეცარი ხმობაა, რაც ყოველწლიურად მწვავდება.„დღეის მდგომარეობით, პირველ ადგილზე მაინც თხილის უეცარი ხმობის პრობლემაა, რომელიც გრძელდება და ყოველწლიურად ძლიერდება. ბაქტერიული დაავადების გამო, ძალიან დიდი რაოდენობით ბაღები უბრალოდ ნადგურდება.ფაროსანა, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევად, თუმცა მართვადია - ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ და ეს ფერმერების ნებასა და ჩართულობაზეა დამოკიდებული.დანარჩენი უკვე ინდუსტრიული ტიპის გამოწვევებია - საბრუნავი კაპიტალის ღირებულება თუ ხელმისაწვდომობა, თხილის ქარხნების სარჩევი აპარატურით მოდიფიცირება, თანამედროვე მოდელის ფორმირება და სერტიფიცირება, ასევე წვრილი საამქროების შეზღუდვა და მათზე ხარისხის კონტროლის დაწესება.ასეთი გამოწვევები გვაქვს, თუმცა პირველი ორი დასახელებული საკითხი არის ფუნდამენტური პრობლემა, რაც ჩვენი სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ მოსაგვარებელია“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ მერაბ ჭითანავამ.

1786089994

მოცვი
გვირაბში მოყვანილი მოცვის მოსავლიანობამ უკრაინელი ფერმერების მოლოდინს გადააჭარბა — ერთ ბუჩქზე 2 კილოგრამზე მეტი მიიღეს

უჩვეულოდ ცივი და ხანგრძლივი გაზაფხულის მიუხედავად, უკრაინაში დამცავი გვირაბების ქვეშ მოყვანილი მოცვის მოსავლიანობა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა. ქოთნებში გაშენებული „დიუკის“ ჯიშის მოცვის თითოეული ბუჩქიდან 2 კილოგრამზე მეტი ნაყოფი მიიღეს.შედეგების შესახებ უკრაინული კენკროვანი კულტურების მეურნეობის — „Fruktovyi Sad AT“-ის თანადამფუძნებელმა, ანა დომბროვსკამ ისაუბრა. მეურნეობაში მოცვი სპეციალურ კონტეინერებში, დამცავი გვირაბების ქვეშ მოჰყავთ.მისი განცხადებით, მიმდინარე სეზონზე თითოეული ბუჩქიდან დაახლოებით 2 კილოგრამ მოსავალს ელოდნენ, თუმცა საბოლოო შედეგი პროგნოზზე უკეთესი აღმოჩნდა.„წელს თითოეული ბუჩქიდან 2 კილოგრამის მიღებას ველოდით, თუმცა შედეგი ოდნავ უკეთესი იყო. მოსავლიანობით კმაყოფილები ვართ და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გვირაბში მოცვის წარმოებაზე დაკვირვებასა და ტექნოლოგიის შესწავლას გავაგრძელებთ“, — განაცხადა დომბროვსკამ.ცივმა გაზაფხულმა ყვავილობა და მოსავლის აღება დააგვიანა2026 წლის სეზონზე მოცვის წარმოებაზე განსაკუთრებით ცივმა გაზაფხულის დღეებმა და ღამეებმა იმოქმედა. დაბალმა ტემპერატურამ გვირაბებში ყვავილობის პერიოდი გაახანგრძლივა და მცენარეების განვითარება შეანელა.გვირაბში მოყვანილი მოცვის კრეფა 8 ივნისს დაიწყო — წინა სეზონთან შედარებით სამი დღით გვიან. მოსავლის აღების პროცესი კი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით ერთი კვირით გვიან დასრულდა.ცივმა ამინდმა ღია გრუნტში მოყვანილ მოცვზეც იმოქმედა. პლანტაციებში მოსავლის კრეფა ჩვეულებრივზე დაახლოებით ერთი კვირით გვიან დაიწყო.ამის მიუხედავად, გვირაბში მოყვანილ მოცვს დროის მხრივ მნიშვნელოვანი უპირატესობა მაინც ჰქონდა — როდესაც მეურნეობამ ღია გრუნტში პირველი მასშტაბური კრეფა დაიწყო, გვირაბებში მოსავლის აღება უკვე ბოლო ეტაპზე იყო.გვირაბები მოცვის სეზონის მართვისა და გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევამიღებული შედეგები აჩვენებს, რომ დამცავი გვირაბების გამოყენება ფერმერებს მოსავლის აღების ვადების უკეთ მართვაში, არასტაბილური ამინდისგან მცენარეების დაცვასა და ღია გრუნტთან შედარებით ბაზრისთვის მოცვის უფრო ადრე მიწოდებაში ეხმარება.კონტეინერებში მოცვის მოყვანა მწარმოებლებს სუბსტრატის, მორწყვისა და საკვები ნივთიერებების მიწოდების უფრო ზუსტად გაკონტროლების შესაძლებლობასაც აძლევს.თუმცა მეურნეობაში აცხადებენ, რომ ტექნოლოგიის გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტიანობის საბოლოოდ შესაფასებლად დაკვირვებას კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში გააგრძელებენ.უკრაინელი კენკროვანი კულტურების მწარმოებლებისთვის, რომლებიც სულ უფრო არაპროგნოზირებადი გაზაფხულის პირობებში მუშაობენ, დაცულ სივრცეში წარმოება შესაძლოა მოსავლის დაკარგვის რისკების შემცირებისა და ახალი მოცვის რეალიზაციის სეზონის გახანგრძლივების მნიშვნელოვანი საშუალება გახდეს.

1785565629

ძროხა
ესტონეთის სახელმწიფო ფლოტის ახალი გემი ძროხის ნაკელისგან მიღებულ ბიოგაზზე მუშაობს

ძროხის ნაკელიდან მიღებული ბიომეთანი ესტონეთის სახელმწიფო გემის საწვავი გახდაესტონეთის სახელმწიფო ფლოტი ახალ მრავალფუნქციურ გემს მიიღებს, რომლის ძირითადი საწვავი ადგილობრივ ფერმებში შეგროვებული ძროხის ნაკელისგან წარმოებული ბიომეთანი იქნება.გემი კუნძულ საარემააზე მოქმედმა გემთმშენებელმა კომპანია Baltic Workboats-მა ააგო. პროექტი სოფლის მეურნეობის ნარჩენების, ადგილობრივი ენერგიისა და საზღვაო ტრანსპორტის გაერთიანების ერთ-ერთ უჩვეულო მაგალითად იქცა.ნაკელი საარემაას ფერმებიდან ტაჰულას ბიოგაზის საწარმოში გადააქვთ, სადაც ორგანული ნარჩენი ანაერობული გადამუშავების გზით ბიოგაზად გარდაიქმნება. შემდეგ გაზი ნახშირორჟანგისა და სხვა მინარევებისგან იწმინდება და ბუნებრივი აირის მსგავსი ხარისხის ბიომეთანი მიიღება.ტაჰულას საწარმოს ხელმძღვანელის, ლაური იასმინის განცხადებით, ერთი საწვავის კონტეინერის შესავსებად დაახლოებით ხუთი ავტოცისტერნის ნაკელია საჭირო, რაც ერთი და ნახევარი დიდი ფერმის დღიურ მოცულობას შეესაბამება.გემს ბიოგაზით 500 საზღვაო მილამდე გავლა შეუძლიაშეკუმშული ბიომეთანი გემზე სპეციალური მოდულური კონტეინერებით იტვირთება. სისტემას კონტეინერების ორი კომპლექტი აქვს — სამი გემზე რჩება, კიდევ სამი კი ამ დროს ბიოგაზის საწარმოში ივსება.ასეთი მოდელი გემს საშუალებას აძლევს, საწვავი არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ პორტში, არამედ ესტონეთის სხვადასხვა ბიოგაზის საწარმოში მიიღოს.ERR-ის ინფორმაციით, სიჩქარისა და სამუშაო რეჟიმის მიხედვით, ბიომეთანის ერთი კონტეინერით გემს დაახლოებით 300-დან 500 საზღვაო მილამდე მანძილის გავლა შეუძლია.გემი შიგაწვის ძრავას იყენებს, თუმცა დიზელის ნაცვლად ბიომეთანზე მუშაობს. მისი კაპიტნის შეფასებით, სიმძლავრისა და მართვის თვალსაზრისით ახალი ხომალდი ტრადიციულ საწვავზე მომუშავე გემისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება.ახალი ბაზარი ფერმერებისა და ბიოგაზის მწარმოებლებისთვისპროექტს საზღვაო ტრანსპორტის გარდა აგრარული და ენერგეტიკული მნიშვნელობაც აქვს. ფერმებისთვის ნაკელი მხოლოდ ნარჩენი აღარ არის და ადგილობრივი საწვავის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულად იქცევა.ბიომეთანის გამოყენება დამატებით მოთხოვნას ქმნის ნარჩენების შეგროვებაზე, გადამუშავებაზე, გაზის გაწმენდაზე, ლოგისტიკასა და საწვავის ინფრასტრუქტურაზე. შესაბამისად, მსგავსი პროექტები ფერმერებსა და ბიოგაზის საწარმოებს შემოსავლის ახალი წყაროს შექმნის შესაძლებლობას აძლევს.ადგილობრივად წარმოებული საწვავი ასევე ამცირებს იმპორტირებულ წიაღისეულ რესურსებზე დამოკიდებულებას და ენერგიის მიწოდების ჯაჭვს ქვეყნის შიგნით ქმნის.ესტონეთი კონკურენტულ უპირატესობას ინოვაციაში ეძებსBaltic Workboats-ის ხელმძღვანელის, მარგუს ვანასელიას შეფასებით, გემი და მისი საწვავის სისტემა მსოფლიოში შესაძლოა უნიკალური იყოს. როგორც გემის დიზაინი, ისე ბიომეთანის მიწოდების რთული სისტემა ესტონურმა კომპანიებმა და ინჟინრებმა შექმნეს.მისი თქმით, ესტონეთს იაფი პროდუქციის წარმოებით კონკურენცია უჭირს, რის გამოც ქვეყნის უპირატესობა მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებზე უნდა დაფუძნდეს.Baltic Workboats ბიომეთანის გარდა წყალბადზე, ელექტროენერგიასა და ჰიბრიდულ სისტემებზე მომუშავე გემების მიმართულებითაც მუშაობს. კომპანია ალტერნატიულ საწვავზე გადასვლას გემთმშენებლობის ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ შესაძლებლობად განიხილავს.ნარჩენიდან ენერგიამდე — ცირკულარული ეკონომიკის მოდელიპროექტი ცირკულარული ეკონომიკის პრინციპს ასახავს: სოფლის მეურნეობის ნარჩენი ენერგეტიკულ რესურსად გარდაიქმნება, ადგილობრივი კომპანია მისთვის ტექნოლოგიას ქმნის, ხოლო სახელმწიფო ფლოტი მიღებულ საწვავს პრაქტიკაში იყენებს.ბიომეთანს დიზელის სრულად ჩანაცვლების შესაძლებლობა ყველა ტიპის საზღვაო ტრანსპორტში ჯერ არ აქვს. გამოწვევებს შორის რჩება საწვავის საწარმოების რაოდენობა, ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიის საწყისი ღირებულება და გემებზე გაზის შესანახად საჭირო სივრცე.თუმცა ესტონეთის პროექტი აჩვენებს, რომ ორგანული ნარჩენების გამოყენება მხოლოდ ელექტროენერგიისა და გათბობის წარმოებით აღარ შემოიფარგლება. ბიომეთანი თანდათან შესაძლოა საზღვაო, მუნიციპალური და სატვირთო ტრანსპორტის ალტერნატიულ საწვავადაც ჩამოყალიბდეს.წყაროები:https://news.err.ee/1610075344/new-estonian-state-fleet-vessel-runs-on-saaremaa-cow-manurehttps://news.err.ee/1609812711/saaremaa-shipyard-building-biofuel-electric-vessel-for-estonian-state-fleet

1785145635

დაფნა
დაფნის ექსპორტის მოცულობა 27%-ით გაიზარდა - რა ღირს 1 კილოგრამი

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტირებულია 4.2 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი.როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვგებულობთ, ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობის 27%-იანი (896 ტონა), ხოლო ღირებულების 23%-იანი (3,3 მლნ დოლარი) ზრდაა.უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, 1 კგ დაფნის ფოთლის საშუალო საექსპორტო ფასი 4.1 აშშ დოლარია.ცნობისთვის, დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზარია ჩინეთი (73%) და რუსეთი (15%).

1784180520

მოცვი
„ვყიდი 2 ლარად, მობრძანდით და დაკრიფეთ“ - რატომ უჭირთ ქართველ ფერმერებს მოცვის რეალიზება და რა განმარტებას აკეთებენ ასოციაციაში

„ვყიდი მოცვს 2 ლარად, მობრძანდით და დაკრიფეთ, არ ინანებთ“ - ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ამდაგვარი შინაარსის არაერთი პოსტი ქვეყნდება. ფერმერები ამბობენ, რომ მოსავალი ბევრია, უჭირთ გასაღება და ამიტომაც ლურჯ მოცვს ფაქტობრივად, თვითღირებულებაზე ნაკლებად ყიდიან.კენკროვანი ხილის ასეთ დაბალ ფასს „ლურჯი მოცვის ასოციაციაში“ „სეზონზე პროდუქტის არათანაბრად გადანაწილებას და ჭარბ მოსავალს უკავშირებენ“. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ასოციაციის პრეზიდენტი თორნიკე ფანჯავიძე აცხადებს, მოცვი შესაძლოა, 2-3 კვირაში კვლავ გაძვირდეს.„წინა წელთან შედარებით, წელს მოსავალი მეტი მოვიდა. დაახლოებით 10 ათასი ტონა. გასულ წელს დაახლოებით 7 ათასი ტონა გვქონდა. ხარისხიც სრულიად ნორმალურია წლევანდელი მოსავლის“ - განაცხადა თორნიკე ფანჯავიძემ.კითხვაზე, რატომ აბარებენ ბოლო კვირებში ფერმერები პროდუქტს საკმაოდ დაბალ ფასად, ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.„მიზეზი, რომ წელს ფერმერებს მოცვის გაყიდვა უჭირთ, არის ის, რომ პროდუქტი არ გადანაწილდა სეზონზე თანაბრად. სწორედ ამის გამო დაეცა ფასი. შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ეს იყოს.ნეგატიური ფაქტორი ითამაშა იმანაც, რომ წელს დავემთხვიეთ სერბეთს, რუმინეთსა და პოლონეთს, რომლებიც ასევე მოცვის უმსხვილესი მწარმოებლები არიან და აქამდე ჩვენს წარმოებებს კვეთა არ ჰქონია“, - განაცხადა ფანჯავიძემ.მისი თქმით, მოცვის ფასი კვირის ფასით დგება მთელს მსოფლიოში, ამიტომ შესაძლოა, მომდევნო კვირებში პროდუქტი კვლავ გაძვირდეს.„მოცვის ფასი მთელს მსოფლიოში კვირის ფასით დგება. როდესაც კონკრეტულ კვირას მოსავალი ჭარბია და ამასთან, არ ხდება მისი შენახვა, ფასი ავტომატურად ვარდება. პირობითად, 2-3 კვირაში მოცვის ღირებულებამ შესაძლოა, კვლავ მოიმატოს“, - განაცხადა ფანჯავიძემ.რაც შეეხება საექსპორტო ფასს, თორნიკე ფანჯავიძის თქმით, ის შემცირებულია.„წლევანდელი ფასი შეადგენს 4-5 დოლარს, გასულ წელს კი 6-6.5 დოლარი იყო საშუალო ფასი. კონკურენცია გაიზარდა. ევროპული მოცვი ევროპის ქვეყნებშივე გვიქმნის დიდ კონკურენციას და ეს ცუდად აისახება ფასზეც და მოთხოვნაზეც“, - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა.BPN

1784030801

სტიქია თელავში
"ზარალი დიდია, ზოგ ნაკვეთში საერთოდ ვერ მიხვდებით, თუ ვენახი იყო გუშინ - ზოგან გამორიცხულია, რომ ვაზი კიდევ გააშენონ" - ადგილობრივი თელავის სტიქიაზე

“ზოგიერთ ნაკვეთში საერთოდ ვერ მიხვდებით, თუ ვენახი იყო გუშინ”, - ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსთან” თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში სტიქიის შედეგად განადგურებული ვენახის მეპატრონემ, გურამ გურგენაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ზოგიერთი ნაკვეთის ტერიტორიაზე, სადაც ადრე მოვლილი ვენახები იყო, ახლა ჩვეულებრივი მდინარის კალაპოტი დგას და იმ ადგილებში, ფაქტობრივად, ვაზის კიდევ ერთხელ გაშენება, შეუძლებელია."ძალიან მაგარი ვენახებია განადგურებული - ზარალი დიდია"„ჩემი ვენახი წინანდალშია. ვიდეოში რაც ჩანს, ნახევარი ჰექტარი ფართობია და ალბათ მინიმუმ, მისი 70% განადგურებულია.ჩემს ქვევით ისეთი ნაკვეთებია, საერთოდ ვერ მიხვდებით, იქ თუ ვენახი იყო გუშინ. თან ძალიან მაგარი ვენახებია განადგურებული.ჩემი ვენახიდან დაიწყო და ქვევითა მხარეს წავიდა წყალი. სავარაუდოდ, მდინარემ კონკრეტულ ადგილას მთიდან ჩამოტანილი ხეები და მასა შეაგროვა, წყალი აღარ გავიდა, გადმოვიდა ვენახებისკენ და იმის ქვევით, ალაზნამდე, დიდი რაოდენობით ვენახები გააფუჭა.ჯერ კიდევ დატბორილია. სანამ წყალი არ დაშრება, ჩემს ვენახზე ვერაფერს ვიტყვი, წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რომ დაშრება, მერე გამოჩნდება - იქ კიდევ შეიძლება, რომ გავაშენო ვაზი თუ აღარ. შეიძლება, საერთოდაც გადამირჩეს ის დაწვენილი ვაზები, ფეხზე ავაყენო და გავმართო, შეიძლება - ვერც.მაგალითად, ჩემს ქვევით ნაკვეთებში წყალი აღარ არის, მაგრამ ჩვეულებრივი მდინარის კალაპოტია. მეზობლად მდებარე ნაკვეთებში, რაც თვალით დავინახე, გამორიცხულია, რომ ვაზი კიდევ გააშენონ.მაგ ადგილას, სადაც მე ვენახი მაქვს, არავის ახსოვს, მსგავსი რამ მომხდარიყოს. ეს იყო ბუნებრივი კატაკლიზმა. არ მგონია, წინასწარ ვინმეს განესაზღვრა ეგ. მდინარე საკმაოდ მოშორებულია ჩემი ვენახიდან და წარმოუდგენელი იყო, იქ წყალი თუ მოვიდოდა.ზარალი ძალიან დიდია, თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ არავინ დაშავებულა”, - განაცხადა “ბიზნესპრესნიუსთან” გურამ გურგენაშვილმა.ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი.უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა. დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.ამას გარდა, უამინდობამ თელავის გარდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.სოფლებში: წინანდალი, კისისხევი და კურდღელაური ხევები ადიდდა. უხვმა ნალექმა დატბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები.BPN

1783920826

გარგარი
სომხური გარგარი ქართულ ბაზარზე და ფერმერების გამოწვევა, რატომ უჭირს ადგილობრივ პროდუქტს კონკურენცია

ქართული გარგარის ბაზარზე მთავარი კითხვა ისევ უცვლელია: რატომ ვერ ახერხებს ადგილობრივი წარმოება იმ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, რომელსაც მომხმარებელი სეზონზე ქმნის და რატომ იკავებს ბაზრის დიდ ნაწილს იმპორტირებული, განსაკუთრებით სომხური გარგარი? საკითხი წელს კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სომხეთიდან რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, მათ შორის კურკოვანი ხილის იმპორტი შეზღუდა. ასეთ ვითარებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ სომხური პროდუქციის ნაწილი ალტერნატიულ ბაზრებს მოძებნის და მათ შორის საქართველოსკენაც უფრო აქტიურად წამოვა. ეს, ერთი მხრივ, მომხმარებლისთვის შეიძლება ნიშნავდეს მეტ არჩევანს და შედარებით ხელმისაწვდომ ფასს, თუმცა, მეორე მხრივ, ადგილობრივი ფერმერებისთვის ზრდის კონკურენციას იმ პირობებში, როდესაც ქართული გარგარი კლიმატური, ინფრასტრუქტურული და რეალიზაციის პრობლემების გამო ისედაც სუსტ პოზიციაშია.ჩუმლაყელი ფერმერი ვაჟა ბაწელაშვილი ამბობს, რომ ქართული გარგარი ბაზარზე, როგორც წესი, მაისის ბოლოდან ჩნდება, თუმცა ბოლო წლებში ამ კულტურას კლიმატი განსაკუთრებით აზიანებს. მისი თქმით, გახშირებულმა ნალექმა გარგარი დახეთქა, მოსავალი შემცირდა, ხოლო გასულ წელს მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იყო, რადგან გვიანმა გაზაფხულის ყინვებმა ბაღები თითქმის გაანადგურა. „ეს კულტურა ისედაც სუსტია ყვავილობისას წაყინვების მიმართ, ყვავილი უნადგურდება, შარშანდელი ადრეული გაზაფხულის ყინვები საკმაოდ ძლიერი იყო და ბაზარზეც ფაქტობრივად არ იყო ქართული გარგარი. გარგარს წვიმებიც აზიანებს, დიდი ნალექების გამო კანი უსკდება და საბაზრო ღირებულებაც აკლდება,“ ამბობს ფერმერი. მისი შეფასებით, პრობლემა მხოლოდ ამინდში არ არის. თუ საქართველოში უფრო გამძლე, მაღალმოსავლიანი და ბაზრისთვის მისაღები ჯიშები იქნებოდა გავრცელებული, ფერმერები კლიმატის რისკებს უკეთ გაუძლებდნენ.სწორედ აქ ჩნდება სომხური გარგარის ფაქტორი. სომხეთს გარგარის წარმოებაში ძლიერი ტრადიცია აქვს, ხოლო მისი პროდუქტი ქართულ ბაზარზე წლებია აქტიურად იყიდება. საქართველოსთვის სომხეთი გარგარის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა. 2025 წლის იანვარ-ივლისში, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ 3 002 ტონა გარგარი შეიძინა, რისთვისაც 1.489 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. იმპორტი წლიურად 38.7%-ით გაიზარდა. ამ მოცულობიდან 2 800 ტონა, ანუ მთლიანი იმპორტის 93.28%, სომხეთზე მოდიოდა. შედარებისთვის, იმავე პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა 104.7 ტონა, აზერბაიჯანიდან 60 ტონა, უზბეკეთიდან 19.7 ტონა, თურქმენეთიდან 18 ტონა. საშუალო საიმპორტო ფასი კილოგრამზე დაახლოებით 0.496 აშშ დოლარი იყო, რაც თითქმის არ განსხვავდებოდა წინა წლის მაჩვენებლისგან. ეს ნიშნავს, რომ ქართული ბაზრისთვის სომხური გარგარი არა მხოლოდ გეოგრაფიულად ახლო, არამედ ფასითაც კონკურენტუნარიანი პროდუქტია.იმპორტის მომხრეების არგუმენტი ამ მონაცემებში ჩანს. თუ ადგილობრივი წარმოება სეზონზე საკმარის მოცულობას ვერ ქმნის, ბაზარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბუნებრივად ეყრდნობა იმპორტს. მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს, რომ დახლზე პროდუქტი უფრო სტაბილურად ხელმისაწვდომია, ფასის მკვეთრი ზრდის რისკი შედარებით მცირდება და ბაზარი დეფიციტს არ იღებს. სავაჭრო სექტორისთვისაც იმპორტი მნიშვნელოვანია, რადგან სუპერმარკეტებსა და ბაზრებს სეზონზე უწყვეტი მიწოდება სჭირდებათ. ამ თვალსაზრისით, სომხური გარგარი ქართულ ბაზარზე კონკურენტია, მაგრამ ამავე დროს ავსებს იმ ნაპრალს, რომელსაც ადგილობრივი წარმოება ჯერ ვერ ფარავს.ფერმერების ნაწილი კი საკითხს სხვაგვარად უყურებს. მათი შეფასებით, იაფი და მოცულობითი იმპორტი ადგილობრივ პროდუქტს ბაზრიდან აწვება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართულ გარგარს ვიზუალური დაზიანება აქვს, თუმცა გემოვნური ხარისხით კონკურენტუნარიანია. ვაჟა ბაწელაშვილი ამბობს, რომ რუსული შეზღუდვების შემდეგ სომხური პროდუქტის ნაწილი შესაძლოა უფრო მეტად ქართულ ბაზარზე წამოვიდეს: „ცხადია, ჩვენს, ადგილობრივ ფერმერებს ცუდად შეეხება, ქართულ ბაზარზე მეტი სომხური გარგარი შემოვა და ქართულ გარგარს კიდევ უფრო გასწევს განზე.“ მისი თქმით, ეს არ ნიშნავს სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობის უარყოფას, თუმცა ფერმერებისთვის პრობლემა ის არის, რომ ქართული პროდუქტი ხშირად უწევს კონკურენცია ისეთ იმპორტს, რომლის წარმოების მასშტაბი, ლოგისტიკა და ბაზარზე შესვლის პირობები ადგილობრივ მცირე ფერმერს არ აქვს.ბაზრის კიდევ ერთი ფენა რუსეთ-სომხეთის სავაჭრო დაძაბულობას უკავშირდება. ივნისის დასაწყისში რუსეთის ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარულმა ზედამხედველობამ სომხეთიდან ალუბლის, გარგრის, ქლიავის, ატმის, ვაშლატამისა და ყურძნის იმპორტი შეზღუდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია უფრო ფართო შეზღუდვებზეც, რომელიც სომხეთიდან საკარანტინო პროდუქციის შეტანასა და ტრანზიტს შეეხო. ასეთ პირობებში სომხეთისთვის ალტერნატიული ბაზრების მოძიება ლოგიკურია. სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, გევორგ პაპოიანის განცხადებით, სომხეთმა უკრაინასა და საქართველოში 162 ტონა გარგარი გაიტანა. საქართველოსთვის ეს ნიშნავს, რომ რეგიონული სავაჭრო გადანაწილების ეფექტი შეიძლება პირდაპირ გამოჩნდეს აგრობაზრებზე, მათ შორის გარგრის ფასსა და ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაციაზე.ამავე დროს, საკითხი მხოლოდ იმპორტის რაოდენობაზე არ უნდა დაიყვანოს. ფერმერების პრობლემის დიდი ნაწილი წარმოების სტრუქტურაშია. გარგარი საქართველოში კლიმატურად სარისკო კულტურაა. წაყინვა აზიანებს ყვავილს, ხშირი წვიმა კი ნაყოფს ხეთქავს და პროდუქტის საბაზრო სახეს ამცირებს. ასეთ პირობებში ფერმერს სჭირდება არა მხოლოდ ნერგი, არამედ სწორი ჯიში, აგროკონსულტაცია, დაზღვევა, სარწყავი სისტემა, თანამედროვე ბაღის მართვა და რეალიზაციის წინასწარ დაგეგმილი არხები. ბაწელაშვილის მაგალითი აჩვენებს, რომ ახალი ჯიშის დანერგვა შესაძლებელია, მაგრამ მარტივი არ არის. მან იტალიიდან შემოტანილი ნერგებით 5 ჰექტარზე გააშენა ბაღი და წელს 30 ტონა მოსავალი მიიღო. მისი თქმით, ეს ჯიში შედარებით გამძლეა, გემრიელია, უხვმოსავლიანია და ბაზრისთვისაც საინტერესოა, თუმცა პრობლემად რჩება არაცნობადობა. ფერმერის თქმით, ერთ-ერთმა ქსელმა თავდაპირველად არც კი დაიჯერა, რომ მოწითალო შეფერილობის გარგარი ქართული იყო და მას პროდუქტის წარმომავლობის დასადასტურებლად ვიდეოს გადაღება დასჭირდა.სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ინსტრუმენტები არსებობს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა „დანერგე მომავალი“ მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას, სანერგე მეურნეობებს, ნერგებს, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებს, ჭის, ჭაბურღილისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობას აფინანსებს. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მრავალწლიანი კულტურების ბაღის გაშენების დაფინანსება მინიმუმ 0.5 ჰექტარზე და მაქსიმუმ 50 ჰექტარზე, ხოლო ერთი ბენეფიციარისთვის მიღებული დაფინანსების საერთო ლიმიტი 500 000 ლარია. თუმცა ფერმერების არგუმენტია, რომ ზოგადი პროგრამა საკმარისი არ არის, თუ კონკრეტული კულტურებისთვის, მათ შორის გარგრისთვის, არ იქნება მიზნობრივი ჯიშური პოლიტიკა, რეგიონების მიხედვით კლიმატური შეფასება და ბაზარზე შესვლის მხარდაჭერა.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეალიზაციის ნაწილი. ქართული გარგრის პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ მოსავალი ხშირად ნაკლებია. პრობლემა ისიცაა, რომ ფერმერს ხშირად არ აქვს სტაბილური კონტრაქტი, ბრენდირებული შეფუთვა, დახარისხების სისტემა და ქსელებთან მუშაობის საკმარისი გამოცდილება. შედეგად, ქართული პროდუქტი ბაზარზე შეიძლება გემოთი კონკურენტუნარიანი იყოს, მაგრამ ვიზუალურად დაზიანების, არასტანდარტული შეფუთვის ან არარეგულარული მიწოდების გამო იმპორტთან ბრძოლას აგებს. ბიზნესის ენაზე ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ გარგარს სჭირდება არა მხოლოდ მეტი ბაღი, არამედ მეტი ორგანიზება, ხარისხის სტანდარტი და ბაზრისთვის გასაგები პოზიციონირება.სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იმპორტის შეზღუდვა გამოსავალი არ არის. ასეთმა მიდგომამ შეიძლება მოკლევადიანად ფერმერს ფასის დაცვა მისცეს, მაგრამ მომხმარებლისთვის პროდუქტი გააძვიროს და ბაზარზე დეფიციტი შექმნას. უფრო ეფექტიანი გზა იმპორტთან კონკურენციისთვის ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაა. ეს მოიცავს კლიმატურ რისკებზე მორგებულ ჯიშებს, თანამედროვე აგროტექნოლოგიებს, დაზღვევას, ფერმერთა კოოპერაციას, წინასწარ გაყიდვებს, გადამუშავების ხაზებს და ქართული გარგრის, როგორც ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქტის, ცნობადობის გაზრდას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარი ყოველთვის აირჩევს იმას, რაც სტაბილურად, დიდი მოცულობით და მისაღებ ფასად შედის ქვეყანაში.საბოლოოდ, სომხური გარგრის ზრდა ქართულ ბაზარზე არა მხოლოდ იმპორტის სტატისტიკაა, არამედ სარკეა, რომელშიც ჩანს ქართული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა: კარგი პროდუქტი გვაქვს, მაგრამ ხშირად არ გვაქვს საკმარისი მოცულობა, მდგრადი წარმოება და რეალიზაციის სისტემა. მომხმარებლისთვის სომხური გარგარი არჩევანია, ვაჭრობისთვის მიწოდების გარანტია, ფერმერისთვის კი ძლიერი კონკურენტი. ამიტომ პოლიტიკის მთავარი ამოცანა იმპორტთან ბრძოლა კი არა, ისეთი პირობების შექმნა უნდა იყოს, სადაც ქართული გარგარი გემოსთან ერთად სტაბილურობით, ხარისხითა და ფასითაც შეძლებს კონკურენციას.წყაროები: https://www.bpn.ge/article/153939-kartul-bazarze-meti-somxuri-gargari-shemova-da-kartul-gargars-kidev-upro-gascevs-ganze-ra-gamocvevebi-akvt-permerebs/https://kvirispalitra.ge/article/147801-ratom-uchirs-kartul-gargars/https://commersant.ge/news/economic/saqartveloshi-gargaris-importi-39-it-gaizardahttps://1tv.ge/news/rusetma-somkhetidan-kurkovani-khilis-importi-shezghuda/https://1tv.ge/news/rusetma-somkhetidan-mteli-sakarantino-produqciis-importi-akrdzala/https://ge.armradio.am/2026/06/19/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90/https://kvira.ge/1091168https://www.rda.gov.ge/programs/305853-danerge-momavali/https://rda.gov.ge/articles/news/752280-mravaltslovani-baghebis-gashenebit-dainteresebul-phermerebs-programashi-danerge-momavali-monatsileobistvis-ganatskhadebis-tsardgena-sophlis-ganvitarebis-saagentoshi-mimdinare-tslis-28-tebervlis-chatvlit-sheudzliat/

1783322322

ვენახი
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დღეიდან ამოქმედდა

სოფლის განვითარების სააგენტო 2026 წლის 1-ელი ივლისიდან "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” განხორციელებას იწყებს.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მომზადებული ახალ პროგრამა მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმია, რომელიც მოიცავს როგორც პირველადი წარმოების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებებს."აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ახალი მოდელის მიხედვით, რომელიც "ქათულმა ოცნებამ" მაისის დასაწყისში წარადგინა, პროექტებს ბანკების ნაცვლად ჯერ სამინისტროში შეაფასებენ: საფინანსო ინსტიტუტის ფილტრს სახელმწიფო ბიუროკრატია ანაცვლებს.კერძოდ, "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში" მონაწილეობისთვის პოტენციურ ბენეფიციარებს/ფერმერებს სოფლის განვითარების სააგენტოში 4 ეტაპის გავლა მოუწევთ: პირველი - ფერმერული მეურნეობების რეესტრში რეგისტრაცია; მეორე - განაცხადის ელექტრონული ფორმით შევსება; მესამე - "ბიზნესგეგმის" წარდგენა; მეოთხე - შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ ამჟამად, "შეღავათიან აგროკრედიტის პროგრამის" ფარგლებში, შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში, 1-ელი ივლისიდან, განახლებული "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" თანახმად, სავალდებულო 4-ეტაპიან პროცესში ბანკი/საფინანსო ინსტიტუტი საერთოდ არ ჩანს."სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების მოწყობა, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნა და განვითარება. პროგრამა ითვალისწინებს მეფუტკრეობის ხელშეწყობას, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობას, ასევე, ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებით, შეღავათიანი აგროკრედიტითა და სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტის, სასაკლაოების მოწყობის ან მოდერნიზაციის მხარდაჭერის მექანიზმებით.სახელმწიფო პროგრამის მიზანია აგროსექტორში თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წარმოების ზრდას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას", - ნათქვამია პრესრელიზში."აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ამოქმედებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში განაცხადების მიღება შეჩერდება.1 ივლისიდან ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სოფლის განვითარების სააგენტოს მხოლოდ შემდეგი პროგრამები: "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა"; "მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა"; "აგროდაზღვევის პროგრამა"; "ტექნიკური დახმარების პროგრამა"; "ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა"; "ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა"; "ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა". წყარო BMG

1782887745

ფაროსანა
მერაბ ჭითანავა: უამინდობას პოზიტიური მხოლოდ ის აქვს, რომ ფაროსანა სიცივეში ვერ გამოდის და მისგან მიყენებული ზიანი წელს, წესით, მინიმალური უნდა იყოს

უამინდობა და ძლიერი ქარი თხილის ბაღებში სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების გავრცელების რისკს ზრდის, რაც ნარგავების ხმობის პროცესს აჩქარებს და საბოლოოდ პროდუქციის ხარისხზეც უარყოფითად აისახება,- ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავა "კომერსანტთან" ინტერვიუში ისაუბრა.ჭითანავას თქმით, ხშირი წვიმების გამო პესტიციდები ეფექტს კარგავს და პრაქტიკულად გამოყენებისთანავე იშლება.შედარებით დადებით ფაქტორად სპეციალისტები ფაროსანას აქტივობის შემცირებას ასახელებენ, რადგან სიცივეში მავნებელი გარეთ თითქმის არ გამოდის. ,,რა თქმა უნდა, უამინდობა და ქარი გამოიწვევს თხილის ნარგავებში სოკოვანი ინფექციებისა და ბაქტერიების გავრცელებას, რაც ხეების ხმობის კოეფიციენტს გაზრდის. გარდა ამისა, ძნელია და ფაქტობრივად, შეუძლებელია წამლობის ეფექტიანად ჩატარება, რაც თხილის ხარისხზე აისახება.  უამინდობას პოზიტიური მხოლოდ ის აქვს, რომ ფაროსანა სიცივეში ვერ გამოდის და მისგან მიყენებული ზიანი წელს წესით, მინიმალური უნდა იყოს. ამ ეტაპისთვის ერთიანად რომ შევაფასოთ, მეთხილეობის ბიზნესში მდგომარეობა საკმაოდ რთულია, კარგი ნამდვილად არაფერი ხდება. ის ფერმერებიც კი, რომლებიც შარშან წამლობებს აქტიურად ატარებდნენ წელს ვერ წამლავენ ბაღს, რადგან წვიმა შეწამვლისთანავე ყველაფერს რეცხავს. გარდა ფაროსანასა გვაქვს სეზონური ავადმყოფობების პრობლემაც: ტკიპა, ნაცარი, უეცარი ხმობა ხეების, რასაც სისტემატურად ვებრძვით როცა ამინდები არის, მაგრამ როგორც აღვნიშნე, წელს ამინდები არაფრის საშუალებას არ გვაძლევს",- აღნიშნა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ "კომერსანტთან" ინტერვიუში.

1780469458

ბალი
"შარშანდელთან შედარებით ფასი ნაკლებია" - რა ეღირება ბალი ივნისში

შარშანდელთან შედარებით ბლის ფასი მეტ-ნაკლებად ნაკლებია, თუმცა იმდენად ნაკლები არა, რომ საგრძნობი იყოს, - ამის შესახებ Bm.ge-სთან ინტერვიუში ბლის ბაღების „ჩერი.ჯის“ დამფუძნებელმა დავით ჭუბაბრიამ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, წელს, ივნისის თვეში ბლის ფასი 10 ლარიდან 20 ლარამდე იქნება.“როცა უკვე გორის რეგიონიდან დაიწყება ბლის მოსავლის მიღება, სადაც კახეთთან შედარებით, ბლის მოყვანა უფრო მასიურ ხასიათს ატარებს, შარშანდელთან შედარებით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ფასი უფრო დაბალი იქნება, თუმცა შარშანწინდელთან შედარებით მაინც მაღალი.თუმცა, მხოლოდ მოსავლიანობაზე არ არის, ზოგადად ლარის მსყიდველობითი უნარი ამ ორი წლის განმავლობაში გარკვეულწილად შემცირდა, ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტის შემთხვევაში და თავისთავად უფრო ძვირი იქნება.რაც შეეხება საშუალო ფასს, რთული სათქმელია, სხვადასხვა ხარისხის, ჯიშის შემთხვევაში ფასიც სხვადასხვაა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ, დაახლოებით 10-დან 20 ლარამდე ეღირება ბალი წელს ხარისხის, ზომის და სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით”, - აღნიშნა “ჩერი.ჯის” დამფუძნებელმა.რაც შეეხება მოსავლიანობას, ჭუბაბრიას თქმით, შარშანდელთან შედარებით ბლის უკეთეს მოსავალს ელიან.“წელსაც იყო ყინვა, თუმცა ისე კატასტროფული არა, როგორც შარშან. წელს 8 საათის განმავლობაში იყო ნულის ქვემოთ ტემპერატურა და მინიმუმს 4 გრადუსს მიაღწია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. არის ისეთი ბაღები, რომლებიც უფრო დაზარალდა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ საშუალო შეფასების დონეზე შეიძლება ითქვას, რომ ბლის და კურკოვნების 50% გორის რეგიონში დაზიანდა. შესაბამისად, თუ სავარაუდო მოსავალი ჩემს ბაღში უნდა იყოს დაახლოებით 150 ტონა, წელს ვიმედოვნებ, რომ ნახევარი - 70-75 ტონა უნდა მივიღოთ. თუმცა, გასულ წელს 5 ტონა ავიღეთ, ანუ დაახლოებით 3% იმისი, რაც უნდა მიგვეღო”, - განაცხადა მან.ჭუბაბრიას თქმით, წელს მოსავლის აღება ცოტა უფრო გვიან ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყება, ვინაიდან წლევანდელი ყვავილობის პროცესი დაახლოებით ორი კვირით დაგვიანდა, შესაბამისად, მოსავლის დამწიფებაც ამავე პერიოდითაა გადავადებული.ცნობისთვის, „ჩერი.ჯის“ ბაღები დაახლოებით ექვსი წლის წინ გორში გააშენეს. ჯამურად ბაღების გაშენებაში 2,5 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული, რასაც ემატება სახელმწიფოს პროგრამებით მხარდაჭერა. მეჯვრისხევში მდებარე ბლის ბაღების ფართობი 11 ჰექტარს შეადგენს. დავით ჭუბაბრია ბაღების გაფართოებას გეგმავდა, თუმცა წელს ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა, რეინვესტირებას ყინვის საწინააღმდეგო სისტემებში აპირებს, გამომდინარე იქიდან, რომ ყინვის შედეგად მათი მოსავალი უკვე მეორე წელია ზიანდება.bmg

1779948519

სატაცური
„სატაცურზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა“ - როგორი იქნება წელს პროდუქტის ღირებულება

სატაცურზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. როგორც "ბიზნესპრეანიუსთან" პროდუქტის მწარმოებელი "რკ ოზაანის" დამფუძნებელი ჯაბა გოგოლაშვილი ამბობს, ამის მიზეზი პროდუქტზე ცნობადობის ამაღლებაა.მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს, თუმცა წარმოების ზრდის პარალელურად, ექსპორტზეც იფიქრებს.რაც შეეხება ღირებულებას, როგორც ჯაბა გოგინაშვილი ამბობს, წელს სატაცურის ფასი დაახლოებით, 2 ლარით გაიზრდება. ამის მიზეზად კი საწვავისა და შხამქიმიკატების გაძვირებას ასახელებს.„წარმოება, ფართობი კი გავზარდეთ, მაგრამ ჯერ სეზონი ახლა იწყება და მოსავალი როგორი იქნება, მაგას ვერ ვხედავთ. სანამ არ ამოვა და მოვრჩებით კრეფას, მანამდე თქმა მიჭირს.ახლა უკვე 9 ჰექტარი გვაქვს ჩვენს კოოპერატივს. სულ თავიდან დავიწყეთ სადღაც ჰექტარ-ნახევარი, ორი ჰექტრიდან, შემდეგ სამი ჰექტარი დავამატეთ, მერე უკვე ყოველ წელს თითქმის ერთ ჰექტარს ან ჰექტარ-ნახევარს ვამატებდით ხოლმე. შარშან დავამატეთ სადღაც ორი ჰექტარი.ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ხდება რეალიზაცია. ჯერჯერობით არც ისეთი რაოდენობა გვაქვს, რომ ექსპორტზე ვიფიქროთ. ადგილობრივი ბაზარიც ჯერ აუთვისებელია და მაინცდამაინც დიდი აზრი არა აქვს ექსპორტზე გასვლას. წარმოებაში გარკვეულ რაოდენობას რომ მივაღწევთ, მერე შეგვიძლია უკვე დავიწყოთ.რაც შეეხება ფასს, სავარაუდოდ ცოტა გაიზრდება. იმიტომ, რომ ამ დროისთვის გაძვირებულია ყველაფერი, საწვავი, შხამქიმიკატები, სასუქები, მუშახელი.უკვე რამდენიმე წელია საშუალოდ 10-დან 12 ლარამდე ღირს [კილოგრამი]. ვიწყებთ 30 ლარიდან და პიკის პერიოდში ჩამოვდივართ, ამ თანხაზე. წელს, ალბათ 1-2 ლარით მოიმატებს, კილოგრამზე",- ამბობს ჯაბა გოგინაშვილი.მისი თქმით, კომპანია მხოლოდ ქსელურ მაღაზიებს ამარაგებს, სადაც შესვლასა და გადასახადებთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს ჰქონია.„ამ ეტაპზე მხოლოდ ქსელებში შემაქვს. ძირითადად "კარფური", "ნიკორა", თუ საჭიროა დამატებით, "გუდვილი", "აგროჰაბი". სატაცურზე მოთხოვნა ნამდვილად გაიზარდა, ცნობადობასთან ერთად. ხალხი მიხვდა, რომ კარგი პროდუქტია ჯანმრთელობისთვის.რაც შეეხება ქსელებთან თანამშრომლობას, რაც დავიწყე მათთან კომუნიკაცია, არავის ერთი თეთრი არ მოუთხოვია ზედმეტად. არანაირი ზედმეტი თანხა, არანაირი რაღაც სხვა გადასახადები. ყველაფერს თავის დროზე მიხდიან, ხელშეკრულებებით დათქმულ ვადებში. პირადად მე უკმაყოფილო არ ვარ მათთან თანამშრომლობით“,- ამბობს ჯაბა გოგინაშვილი.

1776146400