• Ƀ/$

ერდოღანი ლიბიის მეამბოხე ძალებს მიმართავს - დედაქალაქ ტრიპოლიში შეტაკებები განახლდა

14 იანვარი 18:24 | ანალიტიკა

ლიბიის სამოქალაქო ომის შეჩერებასთან დაკავშირებით მოსკოვში ჩაშლილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, დედაქალაქ ტრიპოლიში შეტაკებები განახლდა.

გენერალმა ჰაფთარმა ფაიზ ალ-სარაჯთან შეთანხმების მიღწევამდე კიდევ რამდენიმე ხნის ვადა ითხოვა და 14 იანვრის ღამით, მოულოდნელად დატოვა რუსეთის დედაქალაქი.


აღსანიშნავია, რომ ლიბიის ეროვნულმა არმიამ (LNA) მის კუთვნილებაში არსებული მძიმე ტექნიკა ტრიპოლის სამხრეთით გადაიყვანა, რათა შეტევა მიიტანოს ტრიპოლის ეროვნული თანხმობის მთავრობაზე (GNA). თავის მხრივ ფაიზ ალ-სარაჯი ამჟამად თურქეთის ქალაქ სტამბოლში იმყოფება.


თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, იგი მზადაა გენერალ ხალიფა ჰაფთარს შესაბამისი პასუხი გასცეს, იმ შემთხვევაში თუ მეამბოხე ძალები ტრიპოლის მთავრობის პოზიციებზე შეტევებს არ შეწყვეტენ.


„თურქეთი ყურადღებით აკვირდება, როგორც ლიბიის კანონიერი ხელისუფლების მოქმედებებს, აგრეთვე გენერალ ხალიფა ჰაფთარს და მის მოკავშირეებს. თუ ეროვნული თანხმობის მთავრობაზე თავდასხმები გაგრძელდება, მზად ვართ „გაკვეთილი ჩავუტაროთ“ მეამბოხე გენერალს“, - განაცხადა ერდოღანმა.


თურქი ლიდერის თქმით, თავდაპირველად ჰაფთარმა მიიღო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები, შემდეგ კი მოულოდნელად „გაიქცა მოსკოვიდან“, სადაც მოლაპარაკებები უნდა გაემართა ფაიზ ალ-სარაჯთან.


„ჩვენ რუსეთთან ერთად დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ ინიციატივის შესრულებაში და ტრიპოლის მთავრობა მზად იყო კონსტრუქციული დიალოგის საწარმოებლად, მაგრამ ჰაფთარმა არ მიიღო ცეცხლის შეწყვეტის პირობები და მომენტალურად გაიქცა მოსკოვიდან“, - აღნიშნა ერდოღანმა.


აქვე თურქეთის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ახლა ლიბიის ვითარებაზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება, რადგან ანკარამ მისი წილი წვლილი შეიტანა სიტუაციის დეესკალაციაში და გარდა ამისა, მოლაპარაკებების პროცესში აუცილებელია კატარი და ტუნისიც ჩაერთონ.


13 იანვარს, მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე ერთმანეთს თურქეთისა და სირიის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები - ჰაქან ფიდანი და ალი მამლუქი შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სირიაში, იდლიბის დეესკალაციის ზონაში არსებული ვითარება, სადაც თურქეთ-რუსეთი ჯერჯერობით წარუმატებლად ცდილობენ საომარი მოქმედებების შეწყვეტას და სასურველი რეჟიმის ჩამოყალიბებას.


მანამდე აგრეთვე გაჩნდა ინფორმაცია იმაზე, რომ ანკარამ დამასკოსთან კონტაქტები აღადგინა, მაგრამ კავშირის კონკრეტული დონე ჯერჯერობით ცნობილი არაა.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


 


მსგავს თემაზე:

თურქულ-რუსულ შეთავაზებას ლიბიაში არ ეთანხმებიან


ლიბიის საკითხზე თურქეთ-რუსეთის ძალისხმევა ჯერჯერობით უშედეგოა


შეძლებს თურქეთი ლიბიაში ფართო სამხედრო ოპერაციის წარმოებას?!



სხვა სიახლეები