• Ƀ/$

ლიბიის კონფლიქტი - განმეორდება "სირიის სცენარი"?

31 იანვარი 13:42 | ანალიტიკა

ბოლო რამდენიმე თვეა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ ლიბიის კონფლიქტი და მასში ჩართული მხარეები არიან მოქცეულნი.

ნავთობით მდიდარ სახელმწიფოზე გავლენის მოპოვების პერსპექტივები და სამომავლოდ პოტენციურად მომგებიანი შეთანხმებების დადება საერთაშორისო და რეგიონულ ძალებს ე.წ. Proxy ომში ჩართვისკენ უბიძგებს.


მაშინ როდესაც საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე, რუსეთი და იორდანია, ისრაელი და ა.შ. მეამბოხე გენერალ ხალიფა ჰაფთარის ლიბიის ეროვნულ არმიას (LNA) უჭერენ მხარს, თურქეთი და კატარი გაეროს მიერ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობის (GNA) მხარეს იკავებენ.


იანვრის დასაწყისში თურქეთმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ის შეიარაღებულ ძალებს „ტრიპოლის დაცვის“ მიზნით ლიბიაში განლაგების შესაძლებლობა ეძლევა, რათა LNA-ს წინააღმდეგობა აღკვეთონ.


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პირობის გატეხვაში დაადანაშაულა. „თურქულ ხომალდებს სირიელი ამბოხებულები გადაჰყავს ლიბიაში“, - აღნიშნა ფრანგმა ლიდერმა. მრავალი წყარო ადასტურებს ლიბიაში სირიელი მებრძოლების არსებობას.


ანკარის მიერ ლიბიის ტერიტორიაზე სირიელი დაქირავებულების გამოყენებას ნამდვილად აქვს აზრი. რატომ უნდა დაემუქროთ საფრთხე თურქ ჯარისკაცებს, მაშინ როდესაც საომარ მოქმედებებში ჩაბმა უკვე გამოცდილ დაქირავებულებს შეუძლიათ? შესაბამისად ლოგიკურია თურქეთის პოლიტიკა, როდესაც სირიიდან ლიბიაში ამბოხებულები გადაჰყავს.


რუსეთი და თურქეთი 12 იანვარს საჯაროდ შეთანხმდნენ ლიბიაში ზავის არსებობაზე, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ისინი საკმარისს ვერ (ან არ) აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთ მოკავშირეებზე ზეწოლა განახორციელონ შეწყვიტონ ცეცხლი. GNA ზავზე თანახმაა, მაგრამ მაინც აგრძელებს ანკარიდან სამხედრო დახმარების მიღებას. შესაბამისად LNA სკეპტიკურად უყურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ცდილობს მისი შესაძლებლობების, რესურსის საპასუხო გაძლიერებას.


ანკარა და მოსკოვი ლიბიაში სირიელი ამბოხებულების გადასვლით საკმაოდ სარგებლობენ. თურქები მათ საკუთარი ჯარისკაცების ნაცვლად იყენებს, ხოლო რუსები, რომლებიც სირიის ცენტრალურ მთავრობას იდლიბის გარშემო კონტროლის აღდგენაში ეხმარებიან, პოზიტიურად უყურებს ამ ტერიტორიაზე სირიელი ამბოხებულების რაოდენობის შემცირებას. ანკარასა და მოსკოვს შორის სირიის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ როგორც ჩანს სირიელი მებრძოლების ლიბიაში გადაყვანაზე შეთანხმდნენ. იმის მიუხედავად, რომ მოსკოვი გენერალ ხალიფა ჰაფთარს უჭერს მხარს, მისთვის მაინც არ აქვს დიდი მნიშვნელობა იბრძოლებენ თუ არა ეს სირიელი მეამბოხეები მისი მოკავშირის წინააღმდეგ. ამავდროულად ნამდვილად არ დაუშვებენ მის საბოლოო მარცხს.


გენერალ ხალიფა ჰაფთარს სტრატეგიულ მიზნად აქვს დასახუი დედაქალაქ ტრიპოლის აღება და ცდილობს ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეს წინ.


ვინ არის ხალიფა ჰაფთარი


- იგი არ ცნობს ეროვნული თანხმობის მთავრობის (GNA) ლეგიტიმურობას. მისი აზრით ტრიპოლის მეამბოხეები და ტერორისტები მართავენ;


- მას საკითხის მხოლოდ სამხედრო გზით გადაწყვეტის სჯერა;


- არ ცნობს სამშვიდობო პროცესს და პრობლემის პოლიტიკურ გადაწყვეტას;


- მისი უმთავრესი მიზანი დედაქალაქ ტრიპოლის დაკავება და მისი „გათავისუფლებაა“ ტერორისტებისგან და მეამბოხეებისგან, რათა სამხედრო მეთოდებით მართოს ლიბია.


„ომი თუ მშვიდობა“


- იმ შემთხვევაში თუ ჰაფთარი სამშვიდობო პროცესს მიიღებს, ეს ომის შეწყვეტას ნიშნავს, რაც ავტომატურად უშლის ტრიპოლის დაკავების გეგმებს;


- თუ იგი მიიღებს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს, რომ ომი დასრულდა და თუ ომი დასრულდება, შესაბამისად ჰაფთარი დამარცხდება;


- გენერალი ჰაფთარი არ არის პოლიტიკური ფიგურა და მას არ აქვს პოლიტიკური ორგანიზაცია, რადგან ის რაც ბენღაზის პოლიტიკურ ან კულტურულ ელიტად იყო ცნობილი, თითქმის სრულიად განადგურებულია ან გაძევებულია ქვეყნიდან. იგი მართავს კადაფის დროინდელ არმიის ნაწილებს, ოპორტუნისტულ ჯგუფებს, მეამბოხე ელემენტებს, რომელებსაც ძირითადად გავლენები, ფული და პერსონალური ინტერესები აქვთ - ამ ძალებს ლიბიის ეროვნული არმია (LNA) ეწოდება;


- ჰაფთარის პერსონა ეგვიპტისთვის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისთვის, საუდის არაბეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის ე.წ. ტროას ცხენად უნდა ქცეულიყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მან თავისი არაკომპეტენტურობა გამოავლინა; რეგიონული ძალებისთვის, რომელთაც საკუთარი ინტერესები გააჩნიათ ე.წ. არშემდგარ იარაღს წარმოადგენს. იგი არ არის შესაფერისი კანდიდატი ლიბიაში პოლიტიკური პროცესების საწარმოებლად;


- ჰაფთარმა და მისმა მოკავშირეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი განაგრძობენ ომს და არ ეცდებიან სიტუაციის პოლიტიკურად გადაწყვეტას. მათ აგრეთვე განაცხადეს, რომ არ მიაღწევენ მშვიდობიან ან პოლიტიკურ შეთანხმებას ტრიპოლის მთავრობას. აღნიშნული საერთაშორისო საზოგადოებისთვის აშკარა გამოწვევაა, რადგან ჰაფთარი პარალიზებულია და ვერ ახერხებს სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტის წარმოებას;


- უდავოდ, 2019 წლის ბოლოს დაპირისპირებაში თურქეთის ჩარევამ არსებული სტატუს-ქვოს ცვლილება და რეგიონის ახალი ბალანსირება გამოიწვია. ევროპელები, რომლებიც უკმაყოფილო არიან ამ მიმართულებით ანკარის გამოჩენაზე, 19-20 იანვარს ბერლინში შეხვედრა გამართეს და 12 იანვრის რუსულ-თურქულ სამშვიდობო ინიციატივა განიხილეს;


შესაძლებელია კონფლიქტის გადაწყვეტა?


- ნათელია, რომ ჰაფთარი ომის გაგრძელებას აპირებს და მის ერთადერთ მიზანს დედაქალაქ ტრიპოლში სამხედრო ტექნიკით შესვლა წარმოადგენს, იმის მიუხედავად, თუ რა ფასიც არ უნდა გადაიხადოს აღნიშნულისთვის;


- ეროვნული თანხმობის მთავრობას (GNA) აქვს საშუალება დაიცვას დედაქალაქი ტრიპოლი და მიმდებარე დასახლებები, მაგრამ არ აქვთ მარაგები და ე.წ. სამხედრო ექსპერტების დახმარება. ამ შემთხვევაში თურქეთს შეუძლია დახმარების გაწევა, როგორც ამას ტრიპოლსა და ანკარას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს და შესაბამისად კონფლიქტში გადამწყვეტი როლის აღება;


- აუცილებელია ტრიპოლის მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს მაღალი ეშელონის სამხედრო პირებზე და ორიენტირება ამ მიმართულებით განახორციელოს; საჭიროა მათ ჯარებს ჰყავდეთ გამოცდილი მეთაურობა. ჰაფთარი, რომელიც მოწინააღმდეგეებს მხოლოდ იარაღის გამოყენებით იცილებს თავიდან და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ტერორით და დაშინებით მართავს იგივეს გააგრძელებს ტრიპოლის დაკავების შემთხვევაში, ანუ მოხდება მისი „კადაფიზაცია“.


უცილებელია მსოფლიო საზოგადოებისა და გაეროს ჩართვა, რომ მათ ლიბიის კონფლიქტში შუამავლის სტატუსით იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპამ და ლიბიის სამეზობლომ (არამხოლოდ) მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ თუ ეს სახელმწიფო მეორე „სირიად“ იქცა, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იქონიოს გავლენა.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


მსგავს თემაზე:

ლიბიის საკითხზე თურქეთი და რუსეთი საუბრობენ, ისრაელი წინააღმდეგია


თურქულ-რუსულ შეთავაზებას ლიბიაში არ ეთანხმებიან


ლიბიის საკითხზე თურქეთ-რუსეთის ძალისხმევა ჯერჯერობით უშედეგოა


შეძლებს თურქეთი ლიბიაში ფართო სამხედრო ოპერაციის წარმოებას?!


თურქეთის ხელისუფლება დილემის წინაშე - ლიბია სირიის სანაცვლოდ?!



სხვა სიახლეები