ბათუმის ნავსადგურის ახლოს გაზის სუნის გავრცელების ფაქტზე საქმის წარმოება დაწყებულია

ნავსადგური

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ, ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა დაწყებულია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ბათუმში გაზის მძაფრი სუნია და ამის გამო თავის ტკივილი აწუხებთ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გუშინ ბათუმის ნავთობტერმინალმაც გაავრცელა.

„2022 წლის 7 იანვარს, 18:24 საათზე, უნაპირო ნავმისადგომზე დაიწყო ნედლი ნავთობის ტანკერში ჩატვირთვის ოპერაცია სტანდარტულ რეჟიმში ორთქლების რეკუპერაციის დანადგარის გამოყენებით. ბათუმის ნავთობტერმინალის QHSE განყოფილების ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ჯგუფი და საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიის ეკოლოგიური მონიტორინგის სექტორი, ეკოლოგიური მონიტორინგის დარგში საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების ფარგლებში, საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, სტანდარტულ რეჟიმში ახორციელებდნენ ატმოსფერული ჰაერის სინჯების აღებას. ჰაერის სინჯების აღება წარმოებდა 2022 წლის 7 იანვრიდან 19:00, 24:00 საათზე და 2022 წლის 08 იანვრის 07:00, 13:00, 19:00, 24:00 საათზე.

გამოცდების შედეგად, ნავთობის გოგირდწყალბადის, ნახშირწყალბადების С1-С10, არომატული ნახშირწყალბადების შემცველობა ზღვრულად-დასაშვები ნორმების საზღვრებშია, რაც დასტურდება გამოცდების ოქმებით, ასევე, აღნიშნული პერიოდისთვის წყლის მონიტორინგმა არ დაადასტურა ბათუმის ნავთობტერმინალის პასუხისმგებლობის ზონაში რაიმე სახის ნავთობპროდუქტის ან/ნავთობის დაღვრის ფაქტები.

ამას გარდა, სოციალურ ქსელებში ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე, ბათუმის ნავთობტერმინალის პასუხისმგებელმა დასაქმებულებმა დაუყოვნებლივ ჩაატარეს ყველა საწარმოო ობიექტისა და ტექნოლოგიური ნაგებობის შემოწმება ატმოსფეროში შესაძლო გაჟონვების და გაფრქვევების გამოსავლენად.

დილით, 09 იანვარს ბნტ-ის ტერიტორიაზე მოვიდნენ ეკოლოგიის სამსახურის წარმომადგენლები შემოვლისა და ვიზუალური მონიტორინგის განსახორციელებლად, რომლის შედეგად შედგენილი იქნა აქტი და წარმოდგენილი იქნა ყველა აუცილებელი დოკუმენტი. შემოწმების დროს, ნავთობის და ნავთობპროდუქტების არანაირი სუნი და დაღვრის კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა.

ამგვარად, ბათუმის ნავთობტერმინალი კატეგორიულად უარყოფს გამოქვეყნებულ დაუდასტურებელ და შეუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც ეფუძნება ჭორებს და გაცნობებთ, რომ ტერმინალის მთელი საოპერაციო საქმიანობა კონტროლდება შიგა ეკოლოგიური მონიტორინგით 24/7-ზე რეჟიმში. ეკოლოგიური მონიტორინგი, როგორც მინიმუმ, მოიცავს მდინარეების და ზღვის მონიტორინგს ნავთობის, ნავთობპროდუქტების გაჟონვების არსებობაზე და ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგს. ტერმინალი აქტიურად თანამშრომლობს აჭარის გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტთან და დადგენილი წესით წარმოადგენს ყველა აუცილებელ ინფორმაციას თავისი საქმიანობის შესახებ ზემოაღნიშნული საკითხის ფარგლებში.

ბათუმის ნავთობტერმინალი დაბეჯითებით გირჩევთ არ გაავრცელოთ აშკარად მცდარი ინფორმაცია, რომელიც რეპუტაციულ ზიანს აყენებს კომპანიას, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალედ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. დამატებით გაცნობებთ, რომ ბტნ იტოვებს უფლებას შეიტანოს სარჩელი იმ პირების მიმართ, რომლებიც ავრცელებენ ამგვარი ხასიათის ინფორმაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.