რა საინვესტიციო ვალდებულებით გადასცემს სახელმწიფო „კურორტ საირმეს“ 1 368 ჰა მიწას 49 წლით? - განკარგულება

კურორტი საირმე

მთავრობის 609 განკარგულებით, სახელმწიფო „კურორტ საირმეს“ ვანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 49 წლიანი იჯარით, წელიწადში 1 000 ლარად 13 687 749 კვ.მ მიწის ფართობს გადასცემს. საუბარია, 65 სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო ფართებზე და საძოვრებზე. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 24 აპრილს გამოქვეყნდა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, 8 წლის განმავლობაში კომპანიამ 750-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს. ასევე, განავითაროს სარეკრეაციო სივრცე, მოაწყოს სათხილამურო ტერასები და ტრასები.

განკარგულებაში გაწერილია გრაფიკი, რომლითაც "კურორტმა საირმემ" ვალდებულებების შესასრულებლად ₾80 მლნ-ის ინვესტიცია უნდა ჩადოს. ასევე კომპანიამ მომდევნო 8 წლის განმავლობაში, უნდა დაასაქმოს 100 ადამიანი არანაკლებ 2 წლის ვადით.

მიწებს კომპანიას ქონების ეროვნული სააგენტო მას შემდეგ გადასცემს, რაც საინვესტიციო თანხის 5%-ს საბანკო, გაუხმობ გარანტიად წარადგენს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2001 წელს დარეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ის მფლობელი თემურ კოხოძეა. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი, ანა ჯანიაშვილი.