„ბენირე“ წარმოებაში ახალ მიმართულებას ამატებს და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

ბიზნესი 1713856885
ბენირე

კესო გულუამ საბავშვო სამოსის ბრენდი, „ბენირე“ პანდემიის დროს შექმნა, შემდეგ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის 25 000-ლარიანი გრანტი მიიღო, რაც წარმოების გაფართოებაში დაეხმარა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, მალე ახალ მიმართულებას ამატებენ და საბავშვო განმავითარებელი ნივთების წარმოებას იწყებენ. ამას გარდა, „ბენირე“  თბილისის მაღაზიებში შესვლას და ექსპორტზე გასვლას გეგმავს. 

როდის შეიქმნა „ბენირე“ და რამ განაპირობა საბავშვო სამოსის წარმოებით თქვენი დაინტერესება?

კესო გულუა, „ბენირეს“ დამფუძნებელი: 2021 წელს შევქმენი ბრენდი, რომლის ინსპირაციაც ჩემი შვილი იყო, მისთვის დამზადდა პირველი სამოსი და ამის შემდეგ ვიფიქრე, რომ ამ ყველაფრისთვის მცირე ბიზნესის სახე მიმეცა. მალე ბრენდმა 0-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის შექმნილი საბავშვო სამოსის სტილით და ხარისხით პოპულარობა მოიპოვა და გაფართოებაზე დავიწყე ფიქრი.

კერძო ინვესტიციით შეიქმნა ბრენდი, თუ რაიმე გრანტი მიიღეთ?

ბრენდი კერძო ინვესტიციით შეიქმნა. თავდაპირველად პროდუქციის შეკერვა სახლის პირობებში ხდებოდა, რადგან „ბენირე“ საოჯახო ბიზნესია და საქმე ოჯახის წევრებს გვქონდა გადანაწილებული. შემდეგ სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის გრანტი მივიღეთ 25000 ლარის ოდენობით და გავხსენი ატელიე. ამ ეტაპზე ატელიეში რომელიც თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მდებარეობს, შოურუმი მაქვს, სადაც 2 მკერავი მყავს დასაქმებული. გაყიდვები ხორციელდება ონლაინ, სოციალური ქსელების მეშვეობით. მარაგში გვაქვს გარკვეული ასორტიმენტის მზა პროდუქცია, ხოლო ამოწურული ასორტიმენტის სამოსი ზომისა და ფერის შესაბამისად მზადდება შეკვეთით. მზა სამოსის შეძენა შესაძლებელია შოურუმში.

რომელ სეგმენტზეა გათვლილი „ბენირე“, საშუალო ფასები როგორია?

სამოსი გათვლილია საშუალო სეგმენტზე ფასები 35 ლარიდან - 90 ლარამდე მერყეობს. მიუხედავად იმისა რომ ბრენდი პანდემიის დროს შეიქმნა ფასები არ გაზრდილა. 

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

იმის გამო, რომ კარგად ვიცნობ არსებული ბაზრის მოთხოვნას ვგეგმავ, რომ არსებული ბრენდის ქვეშ,  წარმოებაში ახალი მიმართულება დავამატო - საბავშვო განმავითარებელი ნივთების წარმოების მიმართულებით, რაც ქსოვილებით შექმნილი ინფორმაციული და ინტერაქციული განმავითარებელი წიგნების დამზადებას გულისხმობს, რომელიც ბავშვს სხვადასხვა უნარების განვითარებაში დაეხმარება და სამყაროს აღქმისა და სწავლის პროცესს გაუმარტივებს. ამას გარდა, სამომავლოდ, მაღაზიებში შესვლასაც აუცილებლად ვგეგმავთ და, რა თქმა უნდა, გეგმაში გვაქვს ექსპორტზე გასვლა.