ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს რეცეპტების გადამოწმების სისტემის შექმნისკენ მოუწოდებენ

რეცეპტი

მედიკამენტების გაიაფების მთავარი გზა საიმპორტო არხების დივერსიფიცირებაა, - ამის შესახებ jandacva.ge-სთან ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს.

ფარმაცევტული პროდუქციის ფასების თემას აქტუალობა პრემიერის გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ შესძინა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ბევრი მოთხოვნადი წამალი, რომელიც შესაძლოა საქართველოში ღირდეს 10 ლარი, მეზობელ თურქეთში კი 1-2 ლარი.

პრემიერის თქმით, არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რატომ არის შეზღუდული მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან, სადაც ფარმაცევტული ინდუსტრია მაღალ დონეზე განვითარებულია.

„მედიკამენტების ფასები რომ გაზრდილია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მე მქონდა აბსოლუტურად ღია და გულწრფელი საუბარი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბაზრის ყველა მსხვილი მოთამაშე მოვიწვიეთ, მათ ღიად ვესაუბრე, ვუთხარი, რომ ეს არის ჩვენი სურვილი. სხვათა შორის, საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე მათგანაც. ბაზარს დავარეგულირებთ, კიდევ უფრო გავხსნით, კიდევ უფრო გავამარტივებთ ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტს, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს, ეს ერთი და მეორე, ნაკლები გადაიხადონ ჯიბიდან“,- განაცხადა პრემიერმა.

პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ თურქეთის მაგალითი ნაკლებად გამოგვადგება, რადგან იქ მედიკამენტების ფასები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებულია.

რაც შეეხება ზოგადად, წამლების გაიაფების საკითხს, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი ეფექტიანი გზა ბიუროკრატიის მოხსნა და წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნაა, რაზეც წლებია საუბარი მიმდინარეობს, თუმცა საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია.

„თუ მოიხსნება ბიუროკრატია, რომელიც წამლების რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვებისთვის არის საჭირო და გვექნება წამლის ხარისხის ლაბორატორია, რომელიც, შემოწმების შემდეგ ამა თუ იმ მედიკამენტს ბაზარზე დაუშვებს, ეს იქნება გზა კონკურენციის გაზრდის, საიმპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და როგორც შედეგი – მედიკამენტების გაიაფების. როცა ერთ კომპანიას აქვს წამლის საიმპორტო ხაზი, მედიკამენტების წარმოება, კლინიკა და სააფთიაქო ქსელი, სადაც ექიმი, ანაზღაურების მიღების მიზნით, ძვირად ღირებულ და ხშირად სრულიად არასაჭირო წამლებს უწერს პაციენტს, წამლების ფასი ვერ შემცირდება,“ – ამბობს ბაირახტარი და აღნიშნავს, რომ მსგავსი ვერტიკალური ინტეგრაციის სქემები რეალურად უნდა მოიშალოს და არა – ფორმალურად, როგორც ეს ბანკების შემთხვევაში მოხდა.

ამასთან, პაატა ბაირახტარის აზრით, უნდა არსებობდეს ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტების კონტროლის მექანიზმი – ჯანდაცვის სამინისტროში უნდა მუშაობდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ელექტრონულად ატვირთულ დანიშნულებას შეამოწმებს და ჭარბი მედიკამენტების გამოწერის შემთხვევაში ექიმების მიმართ გარკვეულ სანქციებს აამოქმედებს. შედეგად, მედიკოსები დაინტერესებულნი იქნებიან, რომ წამლები საჭიროებისამებრ, რაციონალურად გამოწერონ და ამასთან, პაციენტებს დაბალფასიანი, ხარისხიანი მედიკამენტები შესთავაზონ.