გმირთა მოედანზე „ვისოლის“, „გალფისა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი 2-თვეში დასრულდება

გმირთა მოედანი

თბილისის მერიამ ლაგუნა ვერეს მიმდებარედ განთავსებული „ვისოლის“, „გალფისა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან მოლაპარაკებები დაასრულა.

შეთანხმების თანახმად, 2 თვეში განხორციელდება ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი და დაიწყება იმ პროექტზე მუშაობა, რომელიც გმირთა მოედნის საავტომობილო გზის გაფართოებას გულისხმობს.

„დავასრულეთ მოლაპარაკებები ბენზოგასამართი სადგურების მფლობელებთან, არის სამი კომპანია ეს არის „ლუკოილ ჯორჯია“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ და „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, რომელთა ბენზინგასამართები გმირთა მოედანზე, ლაგუნას ტერიტორიაზეა განთავსებული. შევთანხმდით უკვე ხელშეკრულებები გაფორმებულია მოხდება ადგილმონაცვლეობები. ხელშეკრულებები ჩაბარებულია საჯარო რეესტრში. 2 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს ბენზინგასამართების დემონტაჟი. პარალელურად ვიწყებთ მუშაობას, როგორ უნდა დაიგეგმოს გმირთა მოედანზე გზის გაფართოება“, - განაცხადა კახა კალაძემ.