„ოკტოპუს ფიტნეს კლუბმა“ ფრანჩაიზით საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გეგმაზე მუშაობა განაახლა

ბიზნესი 1713856216
ოკტოპუს

„ოკტოპუს - ფიტნეს კლუბი“ პანდემიის დროს შეჩერებულ გეგმებს აგრძელებს. კლუბის დირექტორის გიორგი ასათიანის განცხადებით, ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე ფრანჩაიზით გატანა სტრატეგიული განვითარების გეგმებში ისევ არის.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, ბრენდის გატანა რეგიონის მასშტაბით განიხილება.

„გეგმაში არის უცხოურ ბაზარზე გასვლა, თუმცა საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია ეს, რადგან სწორად სჭირდება შერჩევა იმ ბაზარს, რომელზეც “ოკტოპუსი” გაამართლებს. დაახლოებით, 2-3 წლიანი გეგმაშია აღნიშნულის განხორციელება. ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ გეტყვით რომელ ქვეყნებში ვაპირებთ”, - აცხადებს გიორგი ასათიანი.

გარდა ამისა, კლუბის დირექტორის თქმით, “ოკტოპუსი” საერთაშორისო ბრენდ Lifefitness-თან თანამშრომლობს, რომელიც სპეციალურად მათთვის ტრენაჟორებს კალიფორნიაში ამზადებს.

„შარშან, მსოფლიო მასშტაბით,  Lifefitness-ის ტოპ 10 დიზაინ-კლუბში გავედით და მიწვეული ვიყავით ბარსელონაში, სადაც გადმოგვცეს ჯილდოები და გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება. მათი მხრიდან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ", - აღნიშნა ასათიანმა.

ცნობისთვის, „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბი“ ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე ფრანჩაიზით გატანას 2020 წელსაც განიხილავდა, თუმცა პროექტი, პანდემიის გამო, შეჩერდა.

ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“ 2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. დღეს ის 5 ფილიალით არის წარმოდგენილი და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness-ის და Tecnogym-ის ტრენაჟორებით.

კლუბი გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით, სადაც შერწყმულია მაქსიმალური სიმყუდროვე, კომფორტი და მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე.