აშშ-ში იმპორტის კლების პარალელურად, ექსპორტი გაიზარდა - რით ვვაჭრობთ?

საქართველოს და ამერიკის დროშა

საქართველო-ამერიკის სავაჭრო ბრუნვა პირველი კვარტალის მონაცემებით, წლიურად 21.9%-ით 328 მილიონ 803 ათას დოლარამდე შემცირდა. შედეგად ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი მთლიან ვაჭრობაში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში 7%-იანი წილით მეოთხე ადგილზეა.

გასული წლის ამ პერიოდისთვის აშშ-სთან ვაჭრობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 421 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტს სავაჭრო ბრუნვაში მცირე წილი უკავია, ამერიკა ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო მიმართულებაა, სადაც წლის ამ პერიოდისთვის საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებელი ყველაზე მეტად გაიზარდა. კონკრეტულად კი იანვარ-მარტში ამერიკაში საქონლის ექსპორტით საქართველომ 29 მილიონ 936 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ექსპორტს 95.8%-ით აღემატება. აშშ უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 2.3%-იანი წილით მერვე ადგილს იკავებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკაში მთლიანი ექსპორტის დიდი ნაწილი - 27.8 მლნ დოლარი ადგილობრივი საქონლის ექსპორტზე მოდის. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ექსპორტის ზრდა სწორედ ადგილობრივად წარმოებული საქონლის რეალიზებამ განაპირობა.

იანვარ-მარტში ქვეყნიდან ამერიკაში გაყიდული უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

🔵 ფეროშენადნობები - $19.6 მლნ, 17 672 ტონა;

🔵 წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები - $1.6 მლნ, 620 ტონა;

🔵 ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $1.5 მლნ, 1 076 ტონა;

🔵 მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - $1.3 მლნ, 1 353 ტონა;

🔵 ყურძნის ნატურალური ღვინოები - $1 მლნ, 188 ტონა;

🔵 საფრენი აპარატების ნაწილები - $1 მლნ, 3 ტონა;

🔵 ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული - $736 ათასი, 641 ტონა;

🔵 ეთილის სპირტი არადენატურირებული - $446 ათასი, 166 ტონა;

🔵 მინერალური და მტკნარი წყლები - $442 ათასი, 749 ტონა;

🔵 სამშენებლო ნაწარმი ხისა - $277 ათასი, 59 ტონა;

მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის მაჩვენებელი ამერიკასთან მთლიან ვაჭრობაში წამყვან როლს ასრულებს, წლის პირველ კვარტალში აშშ-დან საქონლის შეძენის მაჩვენებელი შემცირდა. ამ პერიოდისთვის საქართველოში ამერიკიდან 298 მილიონ 866 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა. იმპორტი წლიურად 26.3%-ით შემცირდა და აშშ-მა იმპორტის მიხედვით უმსხვილესი სასაქონლო ქვეყნების რეიტინგში თურქეთისა და რუსეთის შემდეგ 8.9%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.

ამერიკასთან იმპორტის, ამგვარად სავაჭრო ბრუნვის შემცირების მთავარი ფაქტორი მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კლებაა. ქვეყნებს შორის უმსხვილესი სავაჭრო საქონელი სწორედ ავტომობილები იყო, რომლის იმპორტიც პირველ კვარტალში 28.8%-ითაა შემცირებული.

ამერიკიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

🔵 მსუბუქი ავტომობილები - $270.6 მლნ, 22 350 ცალი;

🔵 დანარჩენი საქონელი - $5.6 მლნ;

🔵 თხილი და სხვა კაკალი - $3.1 მლნ, 637 ტონა;

🔵 კვების პროდუქტები - $1.4 მლნ, 29 ტონა;

🔵 ნახმარი ტანსაცმლის ნაწარმი - $1.3 მლნ, 100 ტონა;

🔵 მოტოციკლები და ველოსიპედები - $1.3 მლნ, 202 ტონა;

🔵 გაყინული თევზი - $1 მლნ, 544 ტონა;

🔵 კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები -$1 მლნ, 16 ტონა;

🔵 პოლიმერები ეთილენისა - $791 ათასი, 742 ტონა;

🔵 ავტომანქანების ნაწილები, ექსპლოატაციაში ნამყოფი -$755 ათასი, 443 ტონა.