ჩინეთიდან გაყინული ქათმის ნაწარმის იმპორტი იზრდება - რა უჯდება ქვეყანას 1 კგ-ის იმპორტი

გაყინული ქათამი

2024 წლის პირველ სამ თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაყინული ქათმისა და მისი ნაწარმის იმპორტი 9.4%-ით შემცირდა. კერძოდ, გასული წლის იანვარ-თებერვალ-მარტში თუ 13 665 ტონა (21,203 მლნ დოლარი) ქათმის ნაწარმი შემოვიდა ქვეყანაში, წელს მაჩვენებელი 12 997 ტონას გაუტოლდა (19,219 მლნ დოლარი).

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში გაყინული ქათმისა და მისი ნაწარმის საიმპორტო ფასი 6%-ით შემცირდა. მაგალითად, გასულ წელს 1 კგ-ის იმპორტი 1,6 დოლარი გვიჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წელს 1,5 დოლარი.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოში გაყინული ქათამი და მისი ნაწარმი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან შემოვიდა: 

🔵 ბრაზილია - 2,692 ტონა (3,654 მლნ დოლარი)

🔵 ჩინეთი - 1,832 ტონა (3,296 მლნ დოლარი)

🔵 თურქეთი - 1,722 ტონა (2,937 მლნ დოლარი)

🔵 გერმანია - 1,443 ტონა (1,937 მლნ დოლარი)

🔵 უკრაინა - 1,114 ტონა (1,755 მლნ დოლარი)

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის ჯამურ მაჩვენებელში ბრაზილია ლიდერობს, თვიურად ბრაზილიიდან იმპორტირებული სასურსათო ქათმისა და მისი ნაწარმის რაოდენობა მცირდება, ჩინეთიდან კი იზრდება. კერძოდ, მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

🔵 იანვარი: ბრაზილია - 1,358 ტონა (1,98 მლნ დოლარი); ჩინეთი - 447 ტონა (807 ათასი დოლარი).

🔵 თებერვალი: ბრაზილია - 716 ტონა (938 ათასი დოლარი); ჩინეთი - 557 ტონა (1 მლნ დოლარი).

🔵 მარტი: ბრაზილია - 618 ტონა (736 ათასი დოლარი); ჩინეთი - 827 ტონა (1,488 მლნ დოლარი).

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 2,362 მლნ დოლარის 1,410 ტონა ქართული წარმოების გაყინული ქათამი და მისი ნაწარმი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 2,694 მლნ დოლარის 1,496 ტონა. მონაცემები აჩვენებს, რომ ადგილობრივი ექსპორტი 12%-ით არის შემცირებული.

ამასთანავე, გასულ წელს საქართველოს 1 კგ გაყინული ქათმისა და მისი ნაწარმის ექსპორტი 1,8 დოლარი უჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წელს 1,7 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ საექსპორტო ფასი 5.5%-ით არის შემცირებული.