ადმინისტრატორი • 1641886793

კახა კალაძე: 2022 განვითარების და აღმშენებლობის წელი იქნება

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ 2022 წელს 24-საათიანი შრომით, თბილისი იქნება კიდევ უფრო გამწვანებული, უფრო მეტი განახლებული ქუჩითა და ინფრასტრუქტურით, უფრო ხელმისაწვდომი სერვისებით.

მისი თქმით, წელს ყველა გამოწვევა წარსულში დარჩება და განვითარების და აღმშენებლობის წელი იქნება.

„2022 წლის პირველ მთავრობის სხდომას ვიწყებთ სურვილით - ყველა გამოწვევა, რამაც შეგვაფერხა, ხელი შეგვიშალა, დარჩეს წარსულში და მიმდინარე წელი იყოს განვითარების, აღმშენებლობის, წარმატებების წელი ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის. რასაკვირველია, პრობლემა უამრავია და მას ერთი ხელის მოსმით ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ მერწმუნეთ, 24-საათიანი შრომით, პროფესიონალთა ძალისხმევით, თბილისი იქნება კიდევ უფრო გამწვანებული, განახლებული ქუჩებით და ინფრასტრუქტურით, უფრო ხელმისაწვდომი სერვისებით; იქნება მეტი ხელშეწყობა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების კუთხით; ყველა დაპირებას, რაც ჩემგან და ჩემი გუნდისგან მიიღეს თბილისელებმა წინასაარჩევნოდ, აუცილებლად შევასრულებთ. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის, თანამშრომლის როლი და მონდომება, რომ არსებულ პრობლემებს შესაბამისი პასუხი გაეცეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქში მცხოვრებლებს მიმართა, რომ იყვნენ თბილისში მიმდინარე ყველა პროცესის გულშემატკივარი.

„ის, რაც თბილისში კეთდება, კეთდება თქვენთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ქალაქში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. მხოლოდ ერთობით, საერთო ზრუნვით შევძლებთ უკეთეს თბილისში ცხოვრებას. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, რაც მაძლევს ძალას, ჩემს გუნდთან ერთად, შევუდგე უამრავი მასშტაბური პროექტის განხორციელებას.  ასე იყო 2017 წლიდან მოყოლებული. ყოველდღიურად ვგრძნობდით თქვენ თანადგომას, მხარდაჭერას, რაც კიდევ უფრო მეტ ძალას გვაძლევდა მუშაობისთვის. ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებები თბილისის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.