საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტების შემოტანა იგეგმება

კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტი

საქართველოში ახალი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტების შემოტანა იგეგმება, - დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

საქმე ეხება „მერკის“ (Merck) მიერ წარმოებულ „მოლნუპირავირს“ (Molnupiravir), რომელიც უკვე გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში.

„ბოლო პერიოდში, აქტიური დისკუსია და მოლოდინია კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. „მოლნუპირავირმა" უკვე მიიღო ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს ავტორიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კლინიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა მედიკამენტის გარკვეული რაოდენობის შესყიდვას და ვფიქრობთ, როგორც კი შესყიდვის პროცედურა დასრულდება, ის ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, შესაძლებელია, ქვეყანამ „ფაიზერის“ მიერ დამზადებული და უკვე ავტორიზებული მედიკამენტიც მიიღოს.

„დეკემბრის ბოლოს, FDA-მ მასაც მიანიჭა ავტორიზაცია. მედიკამენტები იმედის მომცემია. მათი გამოყენება ნაჩვენებია მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გამოხატული მძიმე სიმპტომები. ესაა აბების სახით მისაღები მედიკამენტი. ვფიქრობთ, ის კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და მოგვცემს კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესების შესაძლებლობას. მანამდე კი კოვიდის შემთხვევაში საქართველოში არის ის მედიკამენტები, რომლებიც აღიარებულია ევროპისა და აშშ-ის მარეგულირებლების მიერ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.