ამსტერდამში ახალი სასტუმროები აღარ აშენდება

ამსტერდამი

ამსტერდამის ხელისუფლება ჭარბი ტურიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ქალაქში ახალი სასტუმროების მშენებლობას აღარ დაუშვებს. ამის შესახებ განცხადებას ქალაქის მერია თავის ვებგვერდზე ავრცელებს.

„არა - ახალ სასტუმროებს! ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ ქალაქი, რომ საცხოვრებლად კვლავ გამოსადეგი იყოს მცხოვრებლებისთვის და ვიზიტორებისთვის. არანაირი ჭარბი ტურიზმი, არანაირი ახალი სასტუმრო და არაუმეტეს 20 მილიონი ტურისტული ღამის თევა წელიწადში”, - წერია განცხადებაში.

მერიის ცნობით, ამსტერდამში ახალი სასტუმროს მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ რომელიმე ძველი სასტუმრო დაიხურება ან თუ ახალი სასტუმრო ეკოლოგიურად უკეთესი და უფრო თანამედროვე იქნება. თუმცა მსგავსი სასტუმროების მშენებლობას მერია მხოლოდ ისტორიული ცენტრის მიღმა დაუშვებს. 

ახალი აკრძალვა არ შეეხება იმ სასტუმროებს, რომლის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია.