გაგრის შემდეგ რუსული „ლასტოჩკა“ წელს სოხუმშიც შევა

რუსული ელექტრომატარებელი, „ლასტოჩკა“

რუსული ელექტრომატარებელი, „ლასტოჩკა“ სოხუმის სადგურში სატესტო რეჟიმით პირველად 25 აპრილს შევა. ამის შესახებ სააგენტო TASS-ს დე ფაქტო აფხაზეთის რკინიგზის მთავარმა ინჟინერმა, ლეონიდ ყურუამ განუცხადა.

მისი თქმით, გაგრიდან სოხუმისკენ მიმავალ რკინიგზის მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს, რომელიც ორ-სამ დღეში დასრულდება. კერძოდ, რემონტდება საკონტაქტო ქსელი, რომლის ხარვეზიც ლაბორატორიული ვაგონის დახმარებით დაფიქსისრდა, ხოლო ადგილზე სარემონტო ჯგუფი რუსეთის რკინიგზასთან შეთანხმებით მუშაობს.

„დიდი სამუშაო არა მხოლოდ საკონტაქტო ქსელზე ჩატრდა, არამედ ტოტებისგან და ხეებისგან ლიანდაგებიც გაიწმინდა. „ლასტოჩკას“ სატესტო გაშვება პრობლემური ტერიტორიების გამოვლენას ისახავს მიზნად, ანუ თუ სოხუმამდე მარშრუტის გაგრძელება საბოლოოდ გადაწყდა, ეს პრობლემები მოიხსნება და ელექტრომატარებელი მოძრაობას დაიწყებს,“ - აცხადებს ლეონიდ ყურუა. 

მისი ცნობით, ამჟამად „ლასტოჩკა“ მხოლოდ სოჭიდან გაგრამდე მუშაობს, ხოლო ზაფხულში დღეში ორჯერ აეროპორტში გაჩერებით ყოველდღიურად იმოძრავებს.

ყურუა ამბობს, რომ დღეს მოსკოვიდან სოხუმში ყოველ მეორე დღეს მხოლოდ მოსკოვი-სოხუმი-მოსკოვის სამგზავრო მატარებელი დადის, თუმცა 20 აპრილიდან ის ყოველდღიურად იმოძრავებს.

ამასთან, 29 მაისიდან სოხუმის სადგურზე მატარებელი ყოველდღე სანქტ-პეტერბურგიდანაც ჩავა, ხოლო სამარიდან აფხაზეთში შარშანდელი მარშრუტი წელს გაუქმდება.

რაც შეეხება შარშან გახსნილ ტურისტულ მატარებელს ტუაფსედან გაგრამდე, ის ზაფხულიდან ყოველდღიურად იმოძრავებს, ხოლო ტურისტული მატარებელი, „სოჭი“ მოსკოვი-ნიჟნი ნოვგოროდი-სოჭი-სოხუმის მარშრუტზე და უკან წელს მხოლოდ ერთხელ გავა. გასულ წელს ამ მატარებელმა გაგრასა და სოხუმში ღამისთევითა და აფხაზეთის ღირსშესანიშნაობებზე ექსკურსიებით ორი რეისი შეასრულა.