• Ƀ/$

მწარმოებლებისთვის სპეციფიკური ნარჩენების მართვა სავალდებულო გახდება

13 თებერვალი 12:03 | ეკონომიკა

საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. ერთ-ერთი მოთხოვნაა "მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების" (მგვ) პრინციპის დანერგვა საქართველოში.

კერძოდ, კოდექსის თანახმად, ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, 2019 წლის დეკემბრიდან ვალდებული გახდებიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა/განთავსება.


აღნიშნული პრინციპი სრულიად ახალია საქართველოსთვის. მისი დანერგვა მოითხოვს არა მარტო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, არამედ ცნობიერების ამაღლებას და შესაძლებლობების გაძლიერებას სახელწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში.



მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვის თემაზე დღეს გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმართველობების, ბიზნეს კომპანიების, ასოციაციებისა და სავაჭრო პალატების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი პროექტების 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.


ელექტრონული ნარჩენების მართვა არის პრობლემა, რომლის მასშტაბებიც, სამწუხაროდ ჯერჯერობით, არ გვაქვს აღქმული. ამიტომ, საჭიროა დეტალური სამუშაობის ჩატარება ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ექსპერტებთან. საბედნიეროდ, საქართველო არ არის პირველი ქვეყანა რომელიც ამ პრობლემაზე მუშაობას ახლა იწყებს. საკანონმდებლო კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ საჭირო გახდება გარკვეული ცვლილებები და პარლამენტი მზად არის ითანამშრომლოს ყველა მახარესთან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.


შეხვედრის მონაწილეებმა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოდელებსა და პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე ისაუბრეს.


ძალიან კარგია, რომ დრეს ვსაუბრობთ მწარმოებლების გაფართოებულ ვალდებულებებზე, რომელიც გულისხმობს ნარჩენების მართვას, ანუ ტრანსპორტირებას და გადამუშავებას რათა იყოს ეკოლოგიურად სყფთა. რა თქმა უნდა, დამატებითი ვალდებულებაა ეს იმპორტიერებისთვის და მწარმოებლებისთვის, მაგრამ ეს კეთდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ჩვენ ვეცდებით, რომ ამ ვალდებულებამ მწარმოებლებისთვის დამატებითი ფინანსური ტვირთი არ გამოიწვიოს“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.


ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:


·         ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების არსებული რაოდენობა და სამომავლო ტენდენციები, ასევე მათი მართვის არსებული პრაქტიკა საქართველოში;


·         მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კანონმდებლობა ნარჩენ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებთან მიმართებით;


·         მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სქემა ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებისთვის საქართველოში;


·         დაინტერესებული მხარეების შესაძლო როლები და პასუხისმგებლობები მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სქემებში საქართველოში;


·         მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სქემების პოლიტიკური ინსტრუმენტები და დაფინანსების მექანიზმები საქართველოში;


·         მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სქემების მონიტორინგისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის შესაძლო მექანიზმები.


მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ეს არის კომპლექსური და რთული საკითხი. იმისთვის, რომ ამ პრინციპმა საქართველოში გამართულად იმუშაოს, აუცილებელია ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს მონაწილეობა სქემის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა “Georgia’s Environmental Outlook“ (GEO) დამფუძნებელმა ხათუნა გოგალაძემ.


სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის „ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული  მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვის მხარდაჭერა“ ფარგლებში. პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით. პროექტს ახორციელებს  ორგანიზაცია „Georgia’s Environmental Outlook”.


სხვა სიახლეები