• Ƀ/$

თბილისის მეტროში ლოდინის დრო 3 წუთამდე მცირდება

22 აგვისტო 11:33, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 15 სექტემბრიდან მეტროს მოცდის პერიოდი საშუალოდ 3 წუთამდე შემცირდება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მომავალში მოცდის პერიოდი 2 წუთამდე შემცირდეს.


„15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება, განსაკუთრებით პიკის სათებში. თუკი აქამდე  ადამიანებს 4-5 წუთი ლოდინი უწევდათ, ამ ცვლილებებით შესაძლებელი იქნება, ეს დრო 3 წუთამდე დავიდეს. ამ შედეგით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ, რომ მეტროს ახალი ვაგონები დავამატოთ, მოდერნიზება მოვახდინოთ და ლოდინის პერიოდი დაახლეობით 2 წუთამდე შევამციროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროპოლიტენს მემანქანეების ახალი ნაკადი დაემატება, რომლებიც უკვე გადამზადდნენ.


„მოგეხსენებათ, მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი უკვე შვებულებებიდან დედაქალაქში დაბრუნდება. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მიმდინარე წელს, მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დავამატეთ. ასევე, განვახორციელეთ სარკინიზგო ხაზების ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ისეთი მონაკვეთების, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადამზადების შედეგად, მემანქანეების ახალი ნაკადი მივიღეთ, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.


 


მსგავს თემაზე:


მეტროს შემადგენლობების რაოდენობა 43-დან 55-მდე გაიზრდება


გამარჯვებული კომპანია 90 ახალ ავტობუსს თბილისში 9 თვის ვადაში ეტაპობრივად შემოიყვანს


სხვა სიახლეები