• Ƀ/$

კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე გზა დაიგო

19 დეკემბერი 17:43, 2018 წელი | ეკონომიკა

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი ოთხკილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია ორ ავარიულ ხიდს ჩაუტარდა და ასფალტის საფარი, ჯამში, 25 000 კვადრატულ მეტრზე დაიგო. 

დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დედაქალაქის მერმა მათ სამომავლო პროექტების განხორციელების დროს თანადგომა აღუთქვა.


„აღნიშნული პროექტი სოფელ ნასაგურში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განვახორციელეთ. კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე, სადაც გადაადგილების თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, გზის საფარს რეაბილიტაცია დაახლოებით, ოთხ კილომეტრზე ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო სანიაღვრე ქსელი. განხორციელდა ასევე, ორი ხიდის რეაბილიტაცია. სოფელში დაახლოებით, 400 ოჯახი ცხოვრობს. დღეიდან ისინი უკვე კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. სამგორის რაიონში არსებობს ნაგავსაყრელის პრობლემაც, რომელზეც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ. მომავალი წლიდან უკვე ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოების დასრულებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის შეუფერხებლად გადაადგილებისთვის ალტერნატიული, დროებითი - 2.5 კმ სიგრძის გზა მოეწყო.


სოფელ ნასაგურში კახა კალაძესთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი იმყოფებოდნენ.


მსგავს თემაზე:

ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს


დაზიანებული ფიჭვები თბილისში ახლით ჩანაცვლდება



სხვა სიახლეები