• Ƀ/$

SOCAR რუსეთის ბაზარზე შედის

5 აპრილი 11:43 | ეკონომიკა

აზერბაიჯანულმა SOCAR-მა, რომელსაც რუსეთში დღემდე არ გააჩნდა მსხვილი აქტივები ნავთობის სფეროში, შესაძლოა ანტიპინის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და New Stream-ის საბადოები შეიძინოს.

ამის შესახებ რუსული სააგენტო „კომერსანტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.


სააგენტოს მონაცემებით, აზერბაიხჯანის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია „პრინციპულად შეთანხმდა“ აქტივების 100%–ით „სიმბოლურ ფასად შესყიდვაზე“ იმ პირობით, რომ თავის თავზე აიღებს კომპანიის $3 მლრდ–იან ვალს. შეთანხმება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიხურება.


გარიგების შედეგად, New Stream–ს დავალიანების უდიდესი ნაწილი მოეხსნება, ხოლო კომპანიის ამჟამინდელი მთავარი აქციონერი დმიტრი მაზუროვი გაყიდულ აქტივში სამომავლოდ მინორიტარული წილის მიღებას შეძლებს.


ანტიპინის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პირვანდელი სიმძლავრე წელიწადში 9 მლნ ტონა ნავთობს შეადგენს. ქარხანას „ევრო–5“–ის კლასის ბენზინისა და დიზელის წარმოება შეუძლია. იმ საბადოების მარაგები, რომელთა შეძენას ასევე SOCAR აპირებს, 45,5 მლნ ტონას შეადგენს. აქ სამეწარმეო მოპოვება ჯერ არ დაწყებულა. ამ საბადოებზე 2024–25 წლებისთვის წლიურად 4 მლნ ტონა ნავთობის მოპოვებაა დაგეგმილი.


დმიტრი მაზუროვის სტრუქტურები ანტიმინის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის 80%–ს კვიპროსული კომპანიის Vikay Industrial გავლით ფლობს, დანარჩენი წილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის კლასელს ნიკოლაი ეგოროვს ეკუთვნის. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ეგოროვი უკვე დიდი ხანია, კომპანიის აქტივებიდან გასვლის გზებს ეძებს.


„კომერსანტს“ SOCAR-ში უთხრეს, რომ „ბაზრების ანალიზს რეგულარულად აწარმოებენ და ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავენ“. „რაც შეეხება ანტიპინის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და საბადოებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ამ პროექტებზე საინვესტიციო გადაწყვეტილება არ არსებობს“, – აღნიშნეს კომპანიაში. New Stream–სა და მის მთავარ კრედიტორ სბერბანკში კომენტარისაგან თავი შეიკავეს.


მსგავს თემაზე:

SOCAR აზერბაიჯანში მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელებას გეგმავს


SOCAR–მა საქართველოში ახალი გაზგამანაწილებელი ქსელები შეისყიდა


SOCAR გაზის საქართველოში ექსპორტს თითქმის მესამედით გაზრდის


SOCAR-მა ყულევის ტერმინალზე 24,2 მლნ ტონა ნავთობი გაატარა


SOCAR უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქეების ვალებს ფარავს



სხვა სიახლეები