• Ƀ/$

ევროკომისიის წევრი ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან ვაჭრობის გამოუყენებელ პოტენციალზე საუბრობს

14 მაისი 17:20 | ეკონომიკა

ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის, სავაჭრო ურთიერთობების სფეროში მნიშვნელოვანი, გამოუყენებელი პოტენციალი არსებობს.

აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის წევრმა სავაჭრო საკითხებში, სესილია მალმსტრომმა, ბრიუსელში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით მიძღვნილი კონფერენციის ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.


„ჩვენს შორის ვაჭრობა საკმაოდ გაფართოვდა. ეს აძლევს საშუალებას, როგორც ევროპულ კომპანიებს, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს, ისარგებლონ ევროპის ბაზრის ხელმისაწვდომობით. ამასთან ერთად, ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებში ჯერ კიდევ არის აუთვისებელი პოტენციალი. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება, შესაბამისი რეფორმების განხორციელება. აღნიშნულის ტექნიკურ მხარდაჭერას ევროკავშირი უზრუნველყოფს. ეს არის შესაძლებლობა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თითოეულ ქვეყანას ჰქონდეს ურთიერთობა როგორც ერთმანეთთან, ასევე ევროკავშირთან. პირველ რიგში აუცილებელია აღსრულდეს უკვე მიღებული გადაწყვეტილებები და რეფორმები. ამის შემდეგ, ჩვენ ავითვისებთ არსებულ პოტენციალს სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით“, - განაცხადა მალმსტრომმა.


2019 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 196.0 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 6.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 502.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (17.8 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.3 პროცენტი შეადგინა.


სხვა სიახლეები