• Ƀ/$

დემპინგის გავლენები ადგილობრივ წარმოებაზე

11 იანვარი 15:50, 2018 წელი | ანალიტიკა

სჭირდება თუ არა საქართველოს ანტიდემპინგური კანონი – ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორ ნაწილადაა გაყოფილი. აზრთა სხვადასხვაობაა ხელისუფლებაშიც.

გასული წლის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ანტიდემპინგური კანონის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში მალე შევა.


ეკონომიკის ყოფილი, ახლა უკვე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ანტიდემპინგური კანონის აუცილებლობას ვერ ხედავს. სამაგიეროდ, ამ რეგულაციის აუცილებლობაზე საუბრობს ადგილობრივი მეწარმეების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მეფრინველეობისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი.


ეკონომისტების განმარტებით, ბაზარზე დემპინგით ინტერვენციის შესაძლებლობა საქართველოში, ძირითადად, მსხვილ იმპორტიორებს აქვთ. ადგილობრივი მწარმოებლების ერთი ნაწილის მოსაზრებით, იმის გამო, რომ ქვეყანას არ აქვს ანტიდემპინგური კანონი, იმპორტი ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით გაცილებით ხელსაყრელ პირობებშია ჩაყენებული.


სპეციალისტების შეფასებით, ის, რომ საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო თითქმის $4 მლრდ-ს აჭარბებს, გარკვეულწილად ამ ფაქტორითაც არის გამოწვეული.


დემპინგი და ადგილობრივი მეწარმე


„საქართველოს მეფრინველეობის ასოციაციის“ ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, ადგილობრივი წარმოების კვერცხს, რომელიც საქართველოში ერთადერთი თვითკმარი პროდუქტია, იმპორტის დემპინგურ ფასებთან ბრძოლა რომ არ უწევდეს, ექსპორტზეც იფიქრებდა. როგორც უჩუმბეგაშვილი ამტკიცებს, გასულ წელს თურქეთიდან და ბელარუსიდან დემპინგური ფასით იმპორტირებულმა კვერცხმა ადგილობრივ წარმოებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.


უჩუმბეგაშვილის შეფასებით, თითქმის ანალოგიური სიტუაციაა ფრინველის ხორცთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენციის გამო ადგილობრივი მწარმოებლები იძულებული გახდნენ, წარმოება შეეზღუდათ ან სულაც გაეჩერებიათ. როგორც გასულ წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგილემ  ი ქსიოჟუნი ი სიაოჭუნმა საქართველოში ვიზიტისას ადგილობრივ მედიას განუცხადა, ის ვერ დაასახელებს ვერცერთ მაგალითს, როცა ანტიდემპინგური კანონის მიღებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რომელიმე წევრს სავაჭრო მოცულობა გაუზარდა. მისი თქმით, ანდიდემპინგური კანონი ადგილობრივი წარმოების დაცვის გარანტია ვერ იქნება.


სპეციალისტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის შესახებ პროფესიულ ლიტერატურაში არსებობს კონსენსუსი, რომ დემპინგი „უსამართლო“ სავაჭრო პრაქტიკაა, მსო-ს წესების მიხედვით, იგი თავისთავად აკრძალული არაა. მსო-ს წესების თანახმად, სახელმწიფოს, რომელიც მიიჩნევს, რომ დემპინგის მსხვერპლია, შეუძლია თავდაცვითი მექანიზმების ამოქმედება, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა დადასტურებულია დემპინგის ფაქტი, ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ზიანს შორის.


საერთაშორისო პრაქტიკა


სპეციალისტების განმარტებით, ევროკავშირში დემპინგზე რეაგირება ევალება ევროკომისიის ვაჭრობის გენერალურ დირექტორატს, აშშ-ში - საერთაშორისო ვაჭრობის კომისიას, ჩინეთში - ვაჭრობის სამინისტროს, კანადაში - სასაზღვრო სააგენტოს, ინდოეთში - ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს ვაჭრობის დეპარტამენტს, თურქეთში - ეკონომიკის სამინისტროს იმპორტის დირექტორატს. 


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის ბაზარზე  ფოლადის ჩინელი მწარმოებლების დემპინგური ფასებით ოპერირებაზე რეაგირება ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის კომისიას დაავალა.


ანტიდემპინგური კანონის მიღების შემთხვევაში დემპინგური ქმედებების გამოვლენა რეაგირება საქართველოში, სავარაუდოდ, კონკურენციის სააგენტოს დაევალება. სხვა დეტალები მომავალი კანონპროექტის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.


როგორც ანტიდემპინგური კანონის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, კანონის ამოქმედების შემთხვევაში უცხოელი ინვესტორების საქართველოთი დაინტერესება მნიშვნელოვნად შემცირდება. გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოს უკვე აქვს ანტიმონოპოლიური კანონი და დამატებით რეგულაციები საჭირო აღარაა.


ვისი არგუმენტებს გაიზიარებენ პარლამენტსა და მთავრობაში, სავარაუდოდ, ეს მიმდინარე წელს გაირკვევა.


სხვა სიახლეები