• Ƀ/$

ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოთი 14 მილიონი კაცი ავადდება და 8 200 000 კვდება!

ექსკლუზივი
4 თებერვალი 11:45, 2018 წელი | ინტერვიუ

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის მიზანი ერთია - ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილის პრევენცია.

რა მდგომარეობაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ზოგადად, როგორია ყველაზე ვერაგი დაავადების სტატისტიკა და მასთან ბრძოლის მეთოდები – ამის შესახებ M2B-სთან ონკოლოგი, პროფესორი რემა ღვამიჩავა საუბრობს.


- კიბოსთან ბრძოლა ყოველდღიური პრობლემაა, მაგრამ 4 თებერვალი გამოყოფილია იმიტომ, რომ ამ დღეს მსოფლიოს ყურადღება პრობლემის გადაჭრისადმი იყოს მიპყრობილი. სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად კიბოთი მსოფლიოში 14 მილიონი კაცი ავადდება და 8 200 000 კვდება, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და საშინელი რიცხვებია! ასე რომ, კიბო სამედიცინო პრობლემატიკას გასცდა და სოციალური პრობლემა გახდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნით ყოველწლიურად დედამიწას 14 მილიონი ადამიანი აკლდება. ეს გახლავთ იმის საფუძველი, რომ მსოფლიომ განგაში უნდა ატეხოს და 4 თებერვალიც სწორედ ამას ემსახურება. აღნიშნულ პრობლემას მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ ყურადღება! კიბოს პოლიტიკოსებიდან დაწყებული, მეცნიერებით დამთავრებული, ყველა ებრძვის.


- საქართველოს ბოლო წლების სტატისტიკა რაზე მეტყველებს?


- გასულ წელს აჟიოტაჟიც იყო ატეხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ავადობამ ჩვენს ქვეყანაში მკვეთრად მოიმატა. ასე ნამდვილად არ ყოფილა. ვიცოდით, რომ საქართველოში ყოველწლიურად ავადობის 6-7 ათასამდე ახალი შემთხვევა იყო, მაგრამ უცხოელი კოლეგები გვეუბნებოდნენ, რომ არასწორი სტატისტიკით ვხელმძღვანელობდით. ყოველწლიურად 12 000 ავადობის მაჩვენებელი მაინც უნდა გქონდეთო, გვეუბნებოდნენ. საქართველოში პირველად გაკეთდა კიბოს რეგისტრი. ეს საბაზისო საჭიროებაა იმისა, რომ ონკოლოგიური დარგის მართვაზე იფიქრო. აღრიცხვიანობის მოწესრიგებამ გვიჩვენა, რომ ავადობის მაჩვენებელი 11 ათასს აღწევდა. აქედან დიაგნოსტიკის მომენტისთვის ნახევარი მაჩვენებელი მე–3, მე-4 სტადია იყო. ასეთ შემთხვევებში მკურნალობის ეფექტურობა მინიმალური, დახარჯული თანხები, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე ოჯახისგან კი მაქსიმალურია. ამის მიუხედავად, ვერ გეტყვით რომ ავადობის რიცხვი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა და სხვაგან არა. ავთვისებიანი სიმსივნის რაოდენობა მთელ მსოფლიოში მატულობს, თუმცა ეს მატება დრამატული არაა. მეტსაც გეტყვით, ავადობის, მაგალითად ძუძუს კიბოს მაჩვენებელი, შეიძლება დასავლეთის ქვეყნებში უფრო მეტიც იყოს, თუმცა ადრეული დიაგნოსტიკითა და ხელმისაწვდომი მედიცინით სიკვდილიანობა მკვეთრად მცირდება, ჩვენთან კი ავადობის მატებასთან ერთად სიკვდილიანობის რიცხვიც მატულობს.


- ავთვისებიანი სიმსივნით ავადობის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი რომელ ქვეყანაშია?


- რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კიბოს ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი აზიის ზოგ ყვეყანაშია, თუმცა, ეს ავადობა შეიძლება სხვადასხვა ორგანოს, ძუძუს, კანის ან ფილტვის კიბოთი იყოს გამოწვეული. მაგალითად, კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე მეტი შემთხვევა, გამოსხივებისა და მზის იზოლაციის გამო ავსტრალიაშია. ძუძუს კიბოს მაღალი მაჩვენებელი სკანდინავიის ქვეყნებშია.


- ძუძუს კიბოს საქართველოშიც ბევრი ქალი ებრძვის.


- კი, ასეა. თუმცა, მერწმუნეთ, ამ მხრივ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა არაა. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ავადობის მეტი მაჩვენებელია. აშშ-ში, იტალიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ინგლისში ავადობა მეტია, თუმცა პარალელურად ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობა ადრეული დიაგნოსტიკის საფუძვლისა და დროული მკურნალობის დაწყებით მცირდება.


- კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა საქართველოში რამდენად შემცირებულია?


- სიკვდილიანობა საქართველოშიც მცირდება, რასაც ბევრმა ასპექტმა შეუწყო ხელი. ეს არის სკრინინგის შემოღების მძლავრი მექანიზმი. გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ ამით კიბოთი ავადობას ვერა, მაგრამ ადრეულ სტადიაში გამოვლენით სიკვდილიანობას შევამცირებთ. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში ვაქცინაცია უფასო რომ იყოს, შეგვიძლია ავადობის მაჩვენებელი გავამესამედოთ მაინც, რასაც სახელმწიფოსგან დიდი თანხები სჭირდება.


- რა არის ავთვისებიანი სიმსივნის ხელშემწყობი ფაქტორები?


- სახელმწიფომ გარემოზეც უნდა იზრუნოს. ჰაერი არ უნდა იყოს დაბინძურებული, წარმოებებში ფილტრები უნდა განთავსდეს. სიგარეტზე აღარაფერს ვამბობ. ქალი დროულად უნდა გათხოვდეს, ფიზიოლოგიურად იმშობიაროს და არა საკეისრო კვეთით, შვილი ძუძუთი კვებოს. სწორი კვება და მოძრაობა! ადინამია, ისევე როგორც ჭარბი წონა, კიბოს ერთ-ერთი რისკფაქტორია. წლების წინ ამდენი ავტომობილი არ დადიოდა და ადამიანი ფეხით ბევრს მოძრაობდა. არც ამდენი ცხიმიანი საკვები არსებობდა, ბავშვებს დაბადებიდანვე არ აჭმევდნენ მძიმე პროდუქტებს და ადამიანი სტრესულ გარემოში არ ცხოვრობდა.


- ავთვისებიანი სიმსივნის გამოწვევას კიდევ სხვა უამრავი მიზეზით ხსნიან...


- სამწუხაროდ, დღემდე არ ვიცით კონკრეტული მიზეზი იმისა, თუ რა იწვევს კიბოს. უამრავი თეორია არსებობს და ყველას აქვს თავის სიმართლის კოეფიციენტი. ამიტომ, ერთი მიზეზის გამოყოფა ძალიან გვიჭირს. თუ ჩვენ რამდენიმე მიზეზს მაინც მივაგნებთ, მაშინ ეს პრობლემა გადაჭრილია. რომელიმე რისკ-ფაქტორის მოცილებით ან ცხოვრების წესის შეცვლით ჯაჭვს გავწყვეტთ და ნულამდე თუ არ დავიყვანთ ავადობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დრამატულად შევამცირებთ. ადრეულ დიაგნოსტიკაზე ხშირად ვსაუბრობთ. თუ კიბო დროულადაა აღმოჩენილი, ისეთივე განკურნებადი დაავადებაა, როგორც სხვა.


- რომელ სტადიებზეა საუბარი?


- პირველი და მეორე სტადიის საწყისი, ადრეული ეტაპია. ასევე დროულია კიბოს წინა დაავადებების დადგენა, რომელთა ფონზე ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი ბევრად მაღალია. ეს გახლავთ ეროზიები, წყლულოვანი დაავადებები და ნებისმიერი ქრონიკული ანთება.


- გარდა იმისა, რომ მედიკოსები ადამიანებს ადრეული დიაგნოსტიკისკენ მოუწოდებს, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის სხვა რა მეთოდები გვაქვს?


- უამრავი ახალი პრეპარატი იქმნება. საქართელოსა და მსგავსი ქვეყნის ექიმები თავს ვიწონებთ, რომ დიდი მასშტაბის ოპერაციებს ვაკეთებთ. უცხოეთში გვაქებენ, როგორც ექიმებს, რომლებსაც ტექნიკურად შეგვიძლია ასეთი ოპერაციები განვახორციელოთ, მაგრამ დიდ გაკვირვებას იწვევს. აინტერესებთ, რატომ მიგვყავს საქმე აქამდე. დასავლეთის ქვეყნებში მსგავსი შემთხვევები თითქმის არ არის, რადგან იქ ადრეულ დიაგნოსტიკას მიმართავენ.


- ჩვენს ქვეყანაში დროულ დიაგნოსტიკას რა მიზეზებით არ მიმართავენ?


- ექიმთან მისვლას მხოლოდ კულტურა არ სჭირდება. ჩვენთან ადამიანებს, ფინანსურის გარდა, გეოგრაფიული პრობლემაც აქვს. შეიძლება რაიონიდან თბილისში ან თუნდაც სხვა ქალაქში ჩასვლა დაეზაროს. ასე მიჰყავთ დაავადება იმ სტატიამდე, როცა შებრძოლება უკვე რთულია. რასაკვირველია, პირველ რიგში ჩვენი მენტალობა უნდა შეიცვალოს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფასეულობაა, რაც გაგვაჩნია. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ეკონომიკურადაც მომგებიანია. ექიმთან დროულად მისვლა ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული.


მსგავს თემაზე:


„თხევადი ბიოპსია“ – დიდი ნახტომი კიბოს დიაგნოსტიკაში


სხვა სიახლეები