• Ƀ/$

ილონ მასკი - მიღწევები, ჩავარდნები და სამომავლო გეგმები

11 თებერვალი 20:20, 2018 წელი | ანალიტიკა

ბოლო პერიოდში, Falcon heavy-ის  წარმატებული გაშვების შემდეგ, ილონ მასკის სახელი მსოფლიო ელექტრონული და ბეჭდური გამოცემების „ჰედლაინებიდან“ არ ვარდება, თუმცა მის განვილ გზაზე, შედარებით ნაკლებს წერენ.

მაინც ვინაა ილიონ მასკი? მასკი 1971 წლის 28 ივნისს სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში დაიბადა. პირველი კომპიუტერული პროგრამა ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაწერა და 500 დოლარად გაყიდა, რაც იმ პერიოდში, სამხრეთ აფრიკელი ბავშვისთვის სოლიდურ თანხას წარმოადგენდა. 12 წლის ასაკში ცხოვრებაში პირველად ნახა თოვლიც, ავსტრიაში მოგზაურობისას და ამ მოგონებას დღესაც ემოციით იხსენებს.


სკოლის დამთავრების შემდეგ მასკი ჯერ კანადაში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში გადადის საცხოვრებლად. შტატებში მასკი ეკონომიკისა და ფიზიკის ფაკულტეტებზე სწავლობდა, დამთავრებული აქვს პენსილვანიის უნივერსიტეტი, ბიზნესის კეთების სურვილმა კი სტენფორდში სწავლა შეაწყვეტინა.


1995-2000 წლებში მასკი x.com-ის, zip2-ის და pay pal-ის დამფუძნებლად ან თანადამფუძნებლად გვევლინება, მაგრამ მასკის ამბიციები უბრალოდ წარმატებულ ბიზნესს სცდებოდა.


2002 წელს ილონ მასკმა Space X დააარსა. 1 წლის შემდეგ კი TESLA. წარმატება მარტივად არ მოსულა. 2015 წელს ჟურნალ AUTOBILD-თან ინტერვიუში მასკმა განაცხადა, რომ საკუთარი სამუშაო დრო კვირაში 100-დან 80-85 საათამდე შეამცირა. TESLA ROADSTER, რომლის ერთ-ერთი მოდელი 6 თებერვალს (თბილისის დროით 7 თებერვალს) მარსის ორბიტიკსენ გაუშვეს, მხოლოდ 2008 წელს გამოვიდა და განსაკუთრებული წარმატება არ რგებია, 4 წელიწადში მხოლოდ 2250 მოდელის გაყიდვა შეძლო. Space X-თან მიმართებაში ვითარება კიდევ უფრო მძიმე იყო, პირველი 3 რაკეტა სტარტიდან მალევე ჩამოვარდა,  pay pal-ის გაყიდვით მიღებული ფული გათავდა და მეოთხე წარმატებული რაკეტის გაშვება მხოლოდ ნასესხები ფულით მოხერხდა.



ერთ-ერთი წარმატებული მოდელი TESLA MODEL S ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და მისმა გაყიდვებმა ჯამურად 200 000 ერთეულს გადააჭარბა, ამ მხრივ კი მხოლოდ Nissan leaf-ს ჩამორჩება, რომელმაც 300 000 მოდელის გაყიდვა მოახერხა.



ქროსოვერის ტიპის TESLA MODEL X კი 2015 წლიდან იწარმოება და ამ დროის მანძილზე 72 000 ცალი გაიყიდა. ორივე მათგანი საკმაოდ კომფორტულია, ტყავის სალონით, სენსორული ეკრანით და რაც ყველაზე მთავარია მძლავრი ბატარეებით აღჭურვილი რომელიც 1 დამუხტვაზე მინიმუმ 450 კილომეტრის გავლას უზრუველყოფს, ზოგიერთი მოდიფიკაცია კი 600-ზე მეტსაც.



ბიუჯეტური მოდელი TESLA MODEL 3 რომლის ფასიც $35 000-დან იწყება 2017 წელს გამოვიდა. მისი ერთადერთი პრობლემა, წარმოების ტემპის სიმცირეა, სხვა მხრივ არც დიზაინს და არც შესაძლებლობებს ფასის გათვალისწინებით არაფერი დაეწუნება.



ეს კი ყველაფერი არაა. გარდა მარსის კოლონიზაციის გაცხადებული სურვილისა, რაც 46 წლის ანტერპრენიორის ყველაზე ამბიციური და მასშტაბური პროექტია, მასკი 2020 წლისთვის ასევე აპირებს სპორტული ავტომობილებისა და უპილოტო სატვირთოების წარმოების დაწყებას. TESLA ROADSTER 2020 წელს დაბრუნდება და 0-დან 100 კმ/სთ-მდე 1.9 წამში აჩქარდება. 1500 ცხენის ძალიანი Bugatti Chiron, რომელიც 8.0 ძრავითაა აღჭურვილი მას მხოლოდ 2.4 წამში ახერხებს. ამავე დროს  TESLA ROADSTER მაქსიმალური 400 კმ/სთ უნდა განავითაროს და ერთ დამუხტვაზე 1000 კილომეტრი დაფაროც, ცხადია არა ამ სიჩქარით.



TESLA MODEL SEMI-მა კი, 40 ტონა ტვირთით 800 კილომეტრი უნდა დაფაროს. როგორც მასკი ირწმუნება რესურსი 1.6 მილიონი კილომეტრი იქნება. Walmart-მა 15 სატვირთო უკვე წინასწარ შეუკვეთა.



უახლოეს წლებში მოსალოდნელია პიკაპის და მცირე ზომის ქალაქის ბიუჯეტური მოდელების ხილვაც.


ელექტრომობილების წარმოების პოპულარიზაციის მიზნით TESLA-მ 2014 წელს ყველა პატენტი გაათავისუფლა და კონკურენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.


აკუმულატორების მწარმოებელი ქარხანა Gigafactory ნევადაში 5 მილიარდი დოლარი დაჯდა, მან ელექტრომობილის მთავარი ნაწილის ფასი მნიშვნელივნად შეამცირა. Gigafactory 2-ის მშენებლობა ევროპაშია დაგეგმილი, სურვილი კი საქართველოსაც აქვს გამოხატული.



მას გარდა მასკი მზის პანელებსაც აწარმოებს სახურავებისთვის. წარმატებული აღმოჩნდა ცეცხლმტყორვნების გაყიდვებიც. მასკის იდეაა ზებგერითი მეტროც ე.წ. hyper loop რომლის მიხედვითაც დიდი ქალაქები ერთმანეთს ვაკუუმური გვირაბით უნდა დაუკავშირდნენ, მაგლევის მატარებელმა, რომელსაც არც ხახუნის და არც ჰაერის წინაღაბის ძალა შეაწუხებს 1130 კმ/სთ უნდა განავითაროს. ამ დროისათვის 2 მარშუტი განიხილება დუბაი-აბუდაბი და ლოს ანჯელესი-სან ფრანცისკო.



გავრცელებული ხმების მიხედვით ბიტკოინის დამაარსებელი სატოში ნაკამოტო იგივე ილონ მასკია. მასკმა ინფორმაცია ორაზროვნად უარყო, დამაარსებელი არ ვარ მაგრამ ადრე მეგობარმა გადმომირიცხა რამდენიმე ბიტკოინიო, რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.


ილონ მასკს 2 ქორწინებიდან 6 შვილი ჰყავს, როცა კვირაში 100 საათს მუშაობდა დღეში 8 ქილა კოკა კოლას და რამდენიმე ფინჯან ყავას სვამდა, შემდეგ ეს რაოდენობა ცოტათი შეამცირა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ცდილობს, რომ ოჯახთან ერთად შაბათ-კვირა მაინც გაატაროს, ზოგჯერ ეს გამოსდის კიდეც.


მასკის ქონება ამჟამად $20 მლრდ-ს შეადგენს და მილიარდელების რეიტინგში 53-ე ადგილს იკავებს. მისი რამდენი პროექტი გამართლდება ძნელი სათქმელია, მაგრამ მსოფლიოს უკეთესობისკენ შესაცვლელად ნაწილიც საკმარისია.


 


მსგავს თემაზე


ავსტრალიის მზის ელექტროსადგური 2 დღეში მილიონ დოლარიან მოგებაზე გავიდა


TESLA რევოლუციას ამზადებს


ავტომობილი 132 წლისაა


მსგავს თემაზე:

Tesla ილონ მასკს ხელფასს აღარ გადაუხდის


Falcon Heavy-ის სტარტი წარმატებული აღმოჩნდა


ავტომობილი Tesla თანამგზავრების ნუსხაში შეიყვანეს



სხვა სიახლეები