• Ƀ/$

„ბრექსიტი“ გლობალურ განზომილებაში

19 მარტი 11:00, 2018 წელი | ანალიტიკა

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები ლონდონში ორშაბათს ჩავლენ. მათი მისია იქნება ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ქიმიური თავდასხმის გამოძიება, რომელის კვალიც, ოფიციალური ლონდონის მტკიცებით, მოსკოვში მიდის.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთის დაზვერვის ექს–პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის გამო, ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთმა არ შეასრულა დიდი ბრიტანეთის მოთხოვნა, განემარტა ყოფილი ორმაგი ჯაშუშის სსრკ–ში წარმოებული ნერვულ–მაპარალიზებელი გაზით მოწამვლის გარემოებები. რუსეთი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.


პრემიერი ასევე აუქმებს შეხვედრას რუსეთის მთავარ დიპლომატთან, სერგეი ლავროვთან, რომელიც ახლო მომავალში იყო დაგეგმილი. ტერეზა მეის თქმით, რუსეთიდან შემსვლელი ვიზიტორების შემოწმება საზღვრებზე მნიშვნელოვნად გამკაცრდება.


ამ მოვლენების ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ენერგორესურსების ალტერნატიულ მიმწოდებლებს ეძებს. დიდი ბრიტანეთი ბუნებრივი გაზის სხვა მომწოდებლით რუსეთის ჩანაცვლებას აპირებს, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის საპასუხოდ. ამის შესახებ მეიმ ოთხშაბათს პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.


დიდმა ბრიტანეთმა მიმდინარე წელს რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზი მიიღო. ევროპის მიერ მოხმარებული გაზის მესამედი რუსეთში მოიპოვება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთი აქტიურ ნაბიჯებს დგამს ევროკავშირიდან გასვლის პროცესების დასაჩქარებლად, სავარაუდო ხდება, რომ ამას რუსი მმართველები, ენერგო-ნარკოტიკზე დაფუძნებულ დიდ ძალაუფლებას ბრიტანეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გაერთიანებული სამეფო რუსულ გაზზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ბრიტანეთი მოთხოვნის დიდ ნაწილს საკუთარი რესურსით და ნორვეგიული მილსადენით იკმაყოფილებს. რუსული გაზის წილი საერთო მოხმარებაში კი დაახლოებით 20%-ს შეადგენს.


რუსეთისთვის გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება უცხო არ არის. გაზის ფასს ბაზრის მაგივრად პოლიტიკა განსაზღვრავს. 2006 წელს საქართველო მთლიანად რუსულ გაზზე იყო დამოიკიდებული, როდესაც, საქართველოს საზღვართან ახლოს, რუსეთის ტერიტორიაზე დივერსანტების მიერ გაზის მთავარი მილსადენის აფეთქების შედეგად, ქართულ მოსახლეობას გაზის მიწოდება კვირაზე მეტი ხნის მანძილზე შეუწყდა.


რა როლს იქონიებს ბრექსიტი მიმდინარე პროცესებში და იქნება თუ არა იგი წამგებიანი ბრიტანეთისთვის არსებულ პოლიტიკურ კონსტელაციაში?


წესით და რიგით, 2018 წელს უნდა გადაწყდეს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხი. მთავარ პრობლემად რჩება შევა თუ არა ძალაში ე.წ. „გარდამავალი პერიოდი“ და ითანამშრომლებს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების მიმართულებით.


ევროკავშირი ბრიტანეთს სთავაზობს, 2020 წლამდე გაახანგრძლივოს ბრექსიტის თარიღთან დაკავშირებული იურიდიული პროცედურები და დარჩეს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ბრიუსელი ამგვარ სავაჭო დათმობას სთავაზობს ბრიტანეთს: მათ შეეძლებათ ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო კავშირების შენარჩუნება, თუმცა არ ექნებათ  ხმის მიცემის უფლება ევრო-სტრუქტურებში.



ბრიტანეთში ამ დრომდე სერიოზული კამათი მიმდინარეობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ბრექსიტის ლობისტები, რომელთა რიგებს თავად ბრიტანეთის პრემიერიც მიეკუთვნება, ძალიან მკაცრად მოითხოვენ ევროკავშირის რეგულაციებისგან განთავისუფლებას, საბაჟო კავშირიდან და ერთიანი ბაზრიდან გასვლას, რათა დიდი ბრიტანეთი, როგორც ძლიერი სახელმწიფო, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტი გახდეს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური გავლენების თვალსაზრისით.


ბრიტანეთის ევრო-ზონიდან გამოსვლის აქტიური მხარდამჭერია ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პერიოდიდან მოყოლებული, იგი აქტიურად ლობირებდა ამ პროცესების დაჩქარებას და სურდა ბრიტანეთთან ორმხრივი შეთანხმება დაედო თავისუფალ ვაჭრობაზე, მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფო ევრო-რეგულაციებისგან გათავისუფლდებოდა. ამ სავაჭრო შეთანხმებით დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ნაცვლად, ვაშინგტონს გაიხდიდა მოკავშირედ.


თუმცა, ეს ყველაფერი ტერეზა მეის საკმაოდ ძვირად დაუჯდა იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპთან ამგვარ შეთანხმებაზე წასვლა, მისი პერსონის პოლიტიკურ აღიარებას ნიშნავდა. ამასთან, ბრიტანეთისთვის ამერიკასთან სავაჭრო გარიგებას ისიც ართულებს, რომ ბრიტანეთი ამ ხელშეკრულებით, რომლის წლიური მოცულობა 176 მლრდ. ევროს შეადგენს, ცალმხრივად დამოკიდებული გახდება მასზე: ამერიკის შეერთებული შტატები მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია გაერთიანებული სამეფოსთვის, გერმანიის შემდეგ; ხოლო, ბრიტანეთი კი, ამერიკისთვის რიგით მეშვიდეა სავაჭრო პარტნიორთა სიაში.


აღნიშნული ვითარება ბრიტანეთისთვის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ, ასევე, პოლიტიკურ დილემასაც წარმოადგენს. ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების შეწყვეტის და რუსეთთან საერთაშორისო სკანდალის ფონზე, იზრდება იმის ალბათობა, რომ ტერეზა მეი ინტერნაციონალურ პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდება ტრამპთან ამგვარი ურთიერთობებით, რომელიც ბრიტანეთისთვის არც თუ ისე მომგებიანი უნდა აღმოჩნდეს. ამ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობას კი ისიც ადასტურებს, რომ ბრიტანეთს ჯერ კიდევ არ აქვს ცხადი ხედვები ბრექსიტის პროცედურებთან დაკავშირებით.


ავტორი: მარიამ ხაზარაძე. მიმომხილველი.


სხვა სიახლეები