• Ƀ/$

დოლარი ბოლო სამი თვის მაქსიმუმზეა

24 აპრილი 17:17, 2018 წელი | ანალიტიკა

დოლარის ინდექსმა ბოლო სამი თვის მაქსიმალური მაჩვენებელი განაახლა, რაც ძირითადად შეერთებული შტატების გრძელვადიანი სახაზინო ვალდებულებების მომგებიანობის ზრდას უკავშირდება.

აშშ-ის 10-წლიანი ობლიგაციების მომგებიანობა 3%–იან ზღვარს მიუახლოვდა და ორშაბათს 2.998% შეადგენდა, რაც ბოლო ოთხი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. მის ზრდას ის ფაქტორი განაპირობებს, რომ სულ უფრო იზრდბა სახელმწიფო დავალიანება და ინფლაციური ზეწოლა, რაც თავის მხრივ, ნავთობზე ფასების ზრდიდან მომდინარეობს.


გრძელვადიანის გარდა, ასევე იზრდება ამერიკის მოკლე და საშუალოვადიანი ობლიგაციების მომგებიანობა. კერძოდ, 2-წლიანი ობლიგაციების მომგებიანობამ 2.483%–ს მიაღწია. ეს კი 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


ამ ყველაფრის შედეგად, აშშ-იაპონიის და აშშ-გერმანიის ობლიგაციების მომგებიანობას შორის სხვაობა ამერიკულის სასარგებლოდ გაიზარდა, რაც დოლარს იაპონურ იენთან და ევროსთან უპირატესობას ანიჭებს.


საინვესტიციო კომპანია „ოანდას“ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სინგაპურის ოფისის შეფი სტივენ აინსი ამბობს, რომ ასეთი ძლიერი ტენდენციის მიუხედავად, სავალუტო ბაზარზე მსხვილი მოთამაშეები ჯერ არ იჩქარებენ დლარზე საკუთარი მოკლე (გაყიდვის) პოზიციების დახურვას და გრძელზე გადასვლას. თუმცა, საშუალო და წვრილი ტრეიდერების დიდ ნაწილს, პოზიციების დახურვა მაინც მოუწევს.


დოლარის ინდექსი, რომელიც მსოფლიოს ექვს წამყვან ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 91.076-მდე გაიზარდა, რაც, 12 იანვრის შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებელია. შესაბამისად, იენთან წყვილში, დოლარის ფასი 108.87 იენამდე გაიზარდა, რაც ბოლო ორი თვის მაქსიმუმია.


„საქსო მარკეტსის“ სინგაპურის ოფისის ტრეიდინგის განყოფილების შეფი ტარეკ ჰორჩანი ამბობს, რომ იენთან წყვილში 108-იანი ბარიერის გადალახვით, ბევრი გარიგების სტოპ ორდერი ამოქმედდა, რამაც შესაბამისი პოზიციების დახურვა გამოიწვია.


შესაბამისად, გაიზარდა ზეწოლა მოკლე პოზიციებზე და სულ უფრო მეტი ინვესტორი ფიქრობს გრძელი პოზიციების გახსნას.



ცნობისათვის, დოლარმა იენთან წყვილში ზრდა გააგრძელა და ამჟამად მისი ფასი უკვე 109 იენს მიუახლოვდა.


ამ წყვილის ფასზე ის გარემოებაც მოქმედებს, რომ იენზე, როგორც რისკებისგან თავშესაფარ აქტივზე, მოთხოვნილება შემცირდა. ამას ძირითადად ის ფაქტორი განაპირობებს, რომ პოლიტიკური და სხვა გამოწვევების დამშვიდების ფონზე, ინვესტორებს თავდაჯერებულობა დაუბრუნდათ და ისინი ფულის დაბანდებას უფრო რისკიან და იმავდროულად, მეტად მომგებიან აქტივებში ცდილობენ.


დლარი ევროსთან წყვილშიც მყარდბა. კერძოდ, ევრო-დოლარის წყვილის ფასი 1.2181 დოლარამდე შემცირდა, რის შემდგაც კორექციული აღმასვლა შეასრულა (1.2224 დოლარამდე) და ამჟამად ისევ კლებულობს.


სხვა სიახლეები