• Ƀ/$

ევროზონის ეკონომიკის ზრდა შენელდა

2 მაისი 18:41, 2018 წელი | ანალიტიკა

ევროზონის ეკონომიკის ზრდა 2018 წლის პირველ კვარტალში შენელდა. ეკონომისტები განმარტავენ, რომ ეს დროებითი ფაქტორების გავლენით მოხდა და მომდევნო პერიოდში ზრდის ტემპი ჩვეულ რითმს დაუბრუნდება.

ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტოს ინფორმაციით, ევროზონის 19 ქვეყნის (სადაც მიმოქცევაში ევროა) მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) პირველ კვარტალში 0.4%–ით გაიზარდა. შედარებისთვის, გასული წლის ბოლო კვარტალში ზრდამ 2.5%–ს მიაღწია.


ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ეკონომისტების პროგნოზებს ემთხვევა. ამასთან, ის უფრო დაბალია, ვიდრე წინ სამ კვარტალში ზრდის მაჩვენებლები, რომელთაგან ყველაზე მცირე 0.7% იყო.


ეკონომიკის ზრდის ასეთი დაბალი მაჩვენებლით, ევროზონის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ჩამორჩა შეერთებული შტატებისას. თუმცა, მაინც სჭარბობს ბრიტანეთის შესაბამის მაჩვენებლებს. ცნობისათვის, ბრიტანეთში 2012 წლის შემდეგ ეკონომიკის ზრდის ტემპის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.


ეკონომიკური განწყობის მაჩვენებლები მარტში გაუარესდა, აპრილში კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. სწორედ ეს გარემოება გახდა იმის მიზეზი, რომ ეკონომისტებმა ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება იწინასწარმეტყველეს. წლიური გადაანგარიშებით, ზრდის ტემპი მაინც დაახლოებით 2%–ის არეალშია, რაც კარგი შედეგია, მაგრამ ახლოსაც არაა 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელთან (2.5%).


„დროებითი ფაქტორები, მათ შორის უჩვეულოდ ცივი ამინდები, გაფიცვები და გრიპის ეპიდმიაც კი, არის ის ფაქტორები, რომლებმაც პირველი კვარტლის მშპ-ს მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვია. მაგრამ მომხმარებელთა თავდაჯერებულობის წყალობით, მეორე კვარტალში მდგომარეობა გამოსწორდა და მშპ-ს ზრდა 0.5-0.6%–ს მიაღწევს“, - ნათქვამია „კეპიტალ ეკონომიკსის“ ანალიტიკოსთა შეფასებაში.


მაგრამ, დროებითი ფაქტორების ზემოქმედება მეორე კვარტალშიც არის მოსალოდნელი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძიერი ფაქტორია შეერთებულ შტატებთან სავაჭრო დაძაბულობა, რომელიც მეტალებზე ტარიფების შესაძლო გაძვირებას უკავშირდება. შესაბამისი გადაწყვეტილება 1–ელ ივნისს უნდა გამოქვეყნდეს.


სხვა სიახლეები