• Ƀ/$

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის საფრთხე მსოფლიო ბაზრების დღის წესრიგიდან არ ჩამოდის

18 ივნისი 13:28, 2018 წელი | ანალიტიკა

მსოფლიო ბაზრებისთვის ახალი კვირის მთავარი მოლოდინები კვლავ წამყვან ეკონომიკებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს უკავშირდება.

სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური პროდუქცია გაზრდილი ტარიფებით – 25%–ით დაბეგრა.


დაძაბულობა აშშ-ჩინეთის ვაჭრობაში


იმ ჩინური პროდუქციის ჩამონათვალში, რომლებსაც ახალი ტარიფები შეეხო, 800-ზე მეტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწარმია. 6 ივლისიდან მათზე ტარიფი 25 პროცენტით განისაზღვრა. მათ შორისაა ავტომობილები.


ჩინეთი იმუქრება, რომ ამ ნაბიჯს ადეკვატურ პასუხს გასცემს და ამერიკულ ნაწარმს იმავე მოცულობის ტარიფებით დაამძიმებს. უფრო მეტიც, სანამ ასე გაგრძელდება, ჩინეთი ტრამპთან მიღწეულ ყველა შეთანხმებაზე უარს ამბობს. სააგენტო სინჰუას ცნობით, ჩინეთი 659 ამერიკულ ნაწარმს 25-პროცენტიან ტარიფს დაუწესებს.


ამის პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, ამერიკა დამატებით ჩინურ ნაწარმს დაბეგრავს მაღალი ტარიფით. ტრამპის უკმაყოფილების მიზეზი ისაა, რომ ჩინურ ბაზარზე უცხოური კომპანიები იზღუდებიან და იძლებულნი არიან, ტექნოლოგიური სიახლეები ჩინელ პარტნიორებს გაუზიარონ, რითაც მათს (მომავალი კონკურენტების) განვითარებას იძულებით უწყობენ ხელს.


ცენტრალური ბანკების ფორუმი


მსოფლიო ფინანსური ბაზრების ყურადღების ცენტრში ასევე მოექცევა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიერ ორგანიზებული „ცენტრალური ბანკების ფორუმი“, რომელსაც პორტუგალია მასპინძლობს. მასში ევროპელების გარდა, შეერთებული შტატების და იაპონიის ცენტრალური ბანკებიც მიიღებენ მონაწილეობას.


ფორუმზე ფასების და ანაზღაურების საკითხებზე, სამი დღე იმსჯელებენ. სიტყვით ცენტრალური ბანკების მმართველები, აკადემიკოსები, ფინანსების თემაზე მომუშავე ჟურნალისტები და ფინანსური ბაზრის წარმატებული მენეჯერები გამოვლენ. რა თქმა უნდა, ფასების და ხელფასების გარდა, მათი სასაუბრო თემა მონეტარული პოლიტიკა იქნება.


ფორუმზე ყველაზე საინტერესო ოთხშაბათი იქნება, როდესაც სიტყვით ECB-ს პრეზიდენტი მარიო დრაგი, ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და იაპონიის ბანკის მმართველი ჰარუჰიკო კუროდა გამოვლენ.


ინგლისის ბანკის გადაწყვეტილება


ინგლისის ბანკი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ანალიტიკოსები და ინვესტორები მოელიან, რომ სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთი არ შეიცვლება. მაგრამ ამაზე მთავარი მათთვის ისაა, რომ ბანკის მმართველ მარკ კარნის გამოსვლაში ბანკის მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული მინიშნებები დაიჭირონ.


სააგენტო როიტერის მიერ ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, რომ ბაზარი ინგლისის ბანკისგან სტერლინგზე განაკვეთის აწევას აგვისტოს სხდომაზე მოელის. თუმცა, იმ გამოკითხვის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ახლა ბევრი რამ ეკონომიკის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული.


OPEC-ის შეხვედრა


ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია, რუსეთი და ორგანზაციის სხვა არაწევრი ნვთობმომპოვებელი ქვეყნები, ვენაში შეიკრიბებიან. მათი მსჯელობის მთავარი საგანი ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა და მისი გახანგრძლივება იქნება. მოსალოდნელია, რომ კარტელი შეთანხმებას შეცვლის. მოქმედი შეთანხმებით, მისი მონაწილეები ყოველდღიური მიწოდების 1.8 მლნ ბარელით შეზღუდვას კისრულობენ.


რუსეთი მოითხოვს, რომ შეზღუდვა 1 მილიონი ბარელით შეიკვეცოს. საუდის არაბეთსაც შეზღუდვის შემცირება სურს, ოღონდ ნაკლებად, რათა ამან ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა არ გამოიწვიოს. მაგრამ ირანი, ვენესუელა და ერაყი მოითხოვენ, რომ ახლანდელი შეთანხმება უცვლელად დარჩეს.


სხვა სიახლეები