• Ƀ/$

ბათუმი თბილისს 30 წუთით დაუახლოვდა

25 ივნისი 15:24, 2018 წელი | ეკონომიკა

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე 18-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 30 წუთით შეამცირებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოფიციალურად გახსნა.

„დღეს დასრულდა ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ვხსნით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს, რომელიც, ამავე დროს, ისტორიული აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია. დღეიდან, სატრანზიტო მოძრაობა ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან ამ, ახალ გზაზე გადაერთვება. ეს გახლავთ 32 კილომეტრიანი გზა ორი გვირაბითა და 15 ხიდით. მათ შორისაა, საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე, თითქმის, 1200 მეტრი გახლავთ,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს (ADB) პროექტის ფინანსური მხარდაჭერისათვის, აგრეთვე პროექტის კონტრაქტორ კომპანიასა და მშენებლებს. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ სწორედ, ამ შრომის შედეგია მასშტაბური საგზაო სამუშაოების დადგენილ ვადაში წარმატებით დასრულება.


„მოგეხსენებათ, როგორ პრობლემას ქმნიდა მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის გზა, რომელიც სარფის საზღვრისკენ, ბათუმისა და ფოთის პორტებისკენ ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადიოდა. დღეიდან, ამ ზონაში სრულიად სხვა რეალობა იქნება. ეს გზა გაზრდის სატრანზიტო სატრანსპორტო მიმოსვლას და, მინიმუმ, 30 წუთით შეამცირებს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს; შეამცირებს გადაზიდვის ხარჯებსა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას ,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.


პრემიერმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მოდერნიზაციის ბოლომდე მიყვანა, რათა მთელი ავტომაგისტრალი გახდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შეიქმნას სათადო პირობები გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისთვის.


მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქვეყნის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ და სხვა ტიპის აქტივობებზე გაამახვილა.


„უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საპატრულო პოლიციის მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები, საავტომობილო ქსელის, გზების მდგომარეობა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ აქტივობების შედეგია ის, რომ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საქართველოზე გამავალი უმოკლესი მარშრუტი გახდა უფრო მიმზიდველი საერთაშორისო გადამზიდი კომპანიებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა. 


ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკევთის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, პირველი და მეორე მონაკვეთები ჯამში 31.7 კილომეტრია, რაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლს  სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან. პროექტი აზიის განვითარების ბანკმა 210 მილიონი ლარით დააფინანსა.


ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი სკოტ დოუსონი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი ესწრებოდნენ.


 


მსგავს თემაზე:


რიკოთის მონაკვეთზე გზის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა


ADB-ს ინვესტიციები 2019-2021 წლებში $1.2 მლრდ-ს გადააჭარბებს


სხვა სიახლეები