• Ƀ/$

დოლარი მინუსიდან პლუსში გადავიდა

26 ივნისი 16:34, 2018 წელი | ანალიტიკა

ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვის გამო, დოლარის კურსის გუშინდელ კლებას, დღეს ზრდა მოჰყვა. ბაზარი თეთრი სახლის სავაჭრო საქმეთა მრჩევლის განცხადებამ დააშოშმინა.

ამერიკული დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტისადმი მის საშუალო კურსს ასახავს, 0.32 პროცენტით, 94.25-მდე გაიზარდა. გუშინ, როცა ინვესტორებმა რისკიან აქტივებს ზურგი აქციეს, ინდქსმა 0.24% დაკარგა.


ამერიკულ დოლარზე უარყოფითად იმოქმედა იმ ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები ჩინურ კომპანიებს ამერიკულ კომპანიების შეძენაზე შეზღუდვას უწესებს. ამან ამერიკის ხაზინის გრძელვადიანი ბონდების მომგებიანობაზე უარყოფითად იმოქმედა, რაც დოლარის კურსზე აისახა.


მაგრამ დღეს თეთრი სახლის სავაჭრო საქმეთა მრჩეველმა პიტერ ნავარომ განაცხადა, რომ ჩინური კომპანიებისთვის ამერიკული კომპანიების წილში წვდომის შეზღუდვა, ქვეყნის ეკონომიკას ისე არ დააზარალებს, როგორც ამას ბაზარი მოელის. ხაზინის დეპარტამენტი ჩინური კომპანიებისთვის ინვესტირების შეზღუდვების გამოცხადებას პარასკევისთვის აპირებს.


ჩინეთი ცდილობს, რომ ტექნოლოგიების სფეროში, მსოფლიო ლიდერი გახდეს. ამისთვის მის ბაზარზე მოქმედებს წესები, რომლებიც უცხოურ კომპანიებს, ადგილობრივი პარტნიორებისთვის უახლესი ტექნოლოგიების გაზიარებას ავალდებულებს.


დროთა განმავლობაში, ჩინური კომპანიები თავადვე ახერხებენ უცხოური სიახლეების ბაზაზე, საკუთარი ტექნოლოგიების განვითარებას. ფაქტობრივად, ისინი უცხოელების ხარჯზე ვითარდებიან. ევროპა ამაზე ხმას არ იღებს, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ამ მავნე პრაქტიკის აღკვეთა აქვს განზრახული. სწორედ ამისთვის დაიწყო მან ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების აწევა და ახლა ამას ახალი ნაბიჯები მოჰყვება.


პარალელურად, ტრამპი ამერიკისთვის არახელსაყრელი სავაჭრო ურთიერთობების გამოსწორებას ევროპასთან და სხვა განვითარებულ ქვეყნებთანაც ცდილობს. ევროპასთან დაკავშირებით, ამერიკამ გაზარდა ფოლადის და ალუმინის ტარიფები და იგივეს ავტომობილებთან დაკავშირებითაც გეგმავს.


ევროსთან წყვილში, დოლარი 0.38 პროცენტით გამყარდა, რის შემდეგაც, 1 ევროს ფასმა 1.1650 დოლარამდე დაიკლო. ამის შემდეგ, კორექციული მოძრაობა დაიწყო და ამჟამად 1.1674 დოლარი ღირს.


დოლარს შედარებით მოკრძალებული პოზიცია აქვს იენთან წყვილში. 1 დლარის ფასმ ჯერ 109.80 იენს მიაღწია, შემდეგ კი კორექცია დაიწყო და ფასი 109.63 იენამდე შემცირდა. იენის მდგრადობას კვლავაც ის ფაქტორი განაპირობებს, რომ ის რისკებისგან თავშესაფარი აქტივის სტატუსით სარგებლობს.


რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ის ჯერ 1.3202 დოლარამდე შემცირდა, შემდეგ კი ნაწილობრივ აღიდგინა პოზიცია და 1.3249 დოლარამდე გაიზარდა.


მსგავს თემაზე:


აშშ ჩინეთს სტრატეგიულ ტექნოლოგიებზე წვდომას უზღუდავს


მსოფლიო ბაზრები სავაჭრო ომის მოლოდინში რჩებიან


ტრამპი ჩინურ საქონელზე საჯარიმო გადასახადს აწესებს


აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის საფრთხე მსოფლიო ბაზრების დღის წესრიგიდან არ ჩამოდის


„ყველა ერთის წინააღმდეგ“ – სავაჭრო ომში თურქეთიც ჩაება


სავაჭრო ომი DOW JONES-ის ინდექსს ამცირებს


სხვა სიახლეები