• Ƀ/$

თურქეთის კრიზისის ექო – ცეცხლმოდებული ყალბი დოლარი ბაქოში და ლირის დევალვაციის საცეცები რეგიონში

14 აგვისტო 21:38, 2018 წელი | ანალიტიკა

თურქული ლირის კოლაპსის გამო, რასაც ოფიციალური ანკარა და თვით პრეზიდენტი ერდოღანი აშშ–ის წნეხს აბრალებს, სოლიდარობის აქცია ბაქოში გაიმართა, სადაც თურქეთის საელჩოსთან აქტივისტებმა პრინტერზე დაბეჭდილი დოლარის ბანკნოტები დაწვეს.

ბაქოელი აქტივისტების რამდენიმეკაციანი ჯგუფი სკანდირებდა: „დიდება თურქეთს, დიდება ერდოღანს“, „ძირს დოლარი“ და სხვ.


აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღეს თურქეთს გვერდში უდგანან აზერბაიჯანი, პაკისტანი, ყატარი და ცენტრალური აზიის ქვეყნები. თუმცა, რაში გამოიხატება ეს თანადგომა, გარდა ფურცელზე ამობეჭდილი დოლარის გამოსახულების დაწვისა, არ დაუსახელებია. მან ისიც აღნიშნა, რომ „აშშ თურქეთს ბოლო 15 წლის მანძილზე ვერ გაუსწორდა და ახლა ფინანსური კრიზისის ინიცირებით აპირებს ამის გაკეთებას“. რა "გასწორებაზეა" საუბარი, უცნობია, თუმცა სწორედ 15 წელია გასული 2003 წლიდან, რაღ თურქეთის ხელისუფლეა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გადაიბარა.


თურქული ვალუტის დევალვაციის შესაძლო გავლენები მეზობლებზე


თურქული ლირის გაუფასურების ტენდენციის ასახვა მსოფლიო მედიამ დღეს უკვე რუსულ საფინანსო ბაზარზეც დაინახა და ექსპერტული შეფასებებიც გაკეთდა. დღესვე ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ THE NEW YORK TIMES გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სახელწოდებით: „თურქული ლირის კრიზისი გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს“. ამ სტატიამ ერთგვარი განმარტებაც გააკეთა ქართული ლარის კურსის მკვეთრ ცვლილებაზე უარყოფითი მიმართულებით.


„ერთი შეხედვით, ეს თურქეთისთვის დამახასიათებელ პრობლემას ჰგავს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა შესუსტებულია. ამავე დროს, თურქეთის ავტორიტარმა პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გააძლიერა კონტროლი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მან ფინანსთა მინისტრად თავისი სიძე დანიშნა. გააკეთა მთელი რიგი განცხადებები, რამაც ქვეყნის ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა შელახა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების პერსპექტივა შეამცირა”, – აღნიშნულია სტატიაში.


სწორედ ერდოღანის სიძე, იგივე თურქეთის ფინანსთა მინისტრი დებდა პირობას 2 დღის წინ, რომ მთავრობამ ყველაფერი კარგად მოიფიქრა, თუ როგორ უნდა გაამყაროს ეროვნული ვალუტა.


აქვე აღსანიშნავია, რომ თურქეთი არცთუ ისე ფართომასშტაბიან, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებულ სამხედრო ოპერაციაშია ჩართული ცოცხალი ძალითა და შეიარაღების თითქმის ყველა კომპონენტით სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე.


The New York Times-ის სტატიაში განმარტავენ, რომ უცხოელი ინვესტორები შეშინებული არიან და ქვეყნიდან ფული გააქვთ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ყიდიან ლირას და ყიდულობენ დოლარს ან სხვა კონვენტირებად ვალუტას. შედეგად, ლირის ღირებულება დაეცა.


იგივე The New York Times-ის სტატიაში პოპულარულადაა ჩამოყალიბებული ის ანბანური თავისებურებები, რომლებიც საფინანსო ბაზრებს გარკვეულ პოზიციებს კარნახობენ: „თურქეთის ეკონომიკა არ არის ძალიან დიდი, ამიტომ მისი ჩამოშლის შემთხვევაშიც კი, არ არის აუცილებელი, რომ ამას გლობალურ ეკონომიკაზე დიდი გავლენა ჰქონდეს. თუმცა, თურქული საგას ელემენტები აჩვენებს, რამდენად მოწყვლადი შეიძლება იყოს სხვა ფინანსური ბაზრები უცხოელი ინვესტორების ანალოგიური გადინების მიმართ. ბოლო წლებში ინვესტორებმა მსოფლიოს უფრო მდიდარი მხარეებიდან, როგორიცაა აშშ, ევროპა და იაპონია, ასესხეს მილიარდობით დოლარი თურქეთის, სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის მსგავსი განვითარებადი ქვეყნების მთავრობებსა და კომპანიებს. ეს იყო მიმზიდველი გეგმა, რადგან აშშ-სა და სხვა განვითარებულ ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთი წარმოუდგენლად დაბალია. საპროცენტო განაკვეთის სიმცირე კი, გამოწვეულია იმით, რომ ბოლო რეცესიის შემდეგ ცენტრალური ბანკები მათი ეკონომიკების გაჯანსაღებას ცდილობდნენ. უფრო მაღალი განაკვეთი, რომელიც თურქეთის მსგავს ქვეყნებს აქვთ, უცხოურ კაპიტალს მაგნიტივით იზიდავდა. ახლა, როდესაც აშშ-ის ეკონომიკა კვლავ ძლიერია, ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთს ზრდის. შედეგად ამერიკულ ბაზრებში ფულის დაბანდება უფრო მიმზიდველი ჩანს და დოლარი გამყარდა. ძლიერი დოლარი ცუდია უცხო ქვეყნებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც დოლარი ისესხეს, ვინაიდან ვალუტის მოძრაობა ყოველთვის ურთიერთდაკავშირებულია. თუ დოლარი მაღლაა, ეს ნიშნავს, რომ სხვა ვალუტები დაბლაა და პირიქით. მყარი დოლარი უფრო მეტად ართულებს უცხოელებისთვის დოლარზე დაფუძნებული სესხების გადახდას“.


თურქეთის კრიზისი და ლარი


თურქელ ლირასთან გაცილებით მცირე რყევა მოხდა ლარის შემთხვევაში: დაახლოებით 6% ნაცვლად თურქეთის ეროვნული ვალუტის 20%–სა. ამ შემთხვევაშიც გავლენები უფრო თურქეთის, საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის კრიზისმა იქონია, ვიდრე ზემოხსენებულმა მაკროეკონომიკურმა ტენდენციებმა. მათ შორის, დოლარის მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში გამყარება ისეთი მცირე ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, ასე მკვეთრად ვერ აისახებოდა.


საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ მყარმა მაკროეკონომიკურმა გარემომ 2018 წლის იანვარ-ივლისში ლარს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურებასთან მიმართებით იმუნიტეტი მიანიჭა.


როგორც Galt & Taggart-ი აღნიშნავს, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საგრეო სექტორიდან მიღებული შემოსავლების გამო, მიუხედავად რეგიონში არსებული ვითარებისა, აგვისტოს დასაწყისამდე, ლარი სტაბილურობას ინარჩუნებდა, თუმცა 10 აგვისტოს, თურქული ლირის რეკორდული გაუფასურების გამო წარმოქმნილმა არასასურველმა მოლოდინებმა, თავისი გავლენა იქონია ლარზე და ერთ დღეში ქართული ეროვნული ვალუტა 3.9%-ით გაუფასურდა და ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ამერიკული დოლარის ფასმა 2. 57 ლარს მიაღწია.


კრიზისი და ანკარის ბუნდოვანი მზერა მოსკოვისკენ


რუსეთი და თურქეთი საგარეო პოლიტიკური მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.


რუსეთის მთავარი დიპლომატი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება.


„ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ქვეყნების არჩევანი, რომელიც საგარეო პოლიტიკურ საკითხებში სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს. ვფიქრობ, თანამშრომლობის საკითხებს კიდევ უფრო დეტალურად განვიხილავთ“, – განაცხადა ლავროვმა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.


სხვა სიახლეები