• Ƀ/$

მეკარტოფილეები – „მოჯადოებულ წრეზე“

ექსკლუზივი
25 დეკემბერი 16:01, 2018 წელი | ეკონომიკა

სამცხე-ჯავახეთში ახლა სწორედ ის დროა, როცა ფერმერებმა კარტოფილის მოსავლის რეალიზაციის პარალელურად, მომავალი წლის სათესლე მასალაზე ფიქრი უნდა დაიწყონ.

ხარისხიანი, თუმცა ძვირადღირებული კარტოფილის შეძენა არა მხოლოდ წვრილ, არამედ მსხვილ მეკარტოფილეებსაც უჭირთ. კარგი თესლის გარეშე კი, მესხი ფერმერები კარგ მოსავალს ვერ მიიღებენ.


ზემო სხვილისში მცხოვრები მაყვალა ბეშქენაძის ბიუჯეტი, მაღალი ხარისხის, ელიტური ჯიშის კარტოფილის თესლს ვერ შესწვდა. პენსიონერმა ქალმა შარშან 400 კგ. სათესლე კარტოფილი იყიდა, კილოგრამში 1 ლარი გადაიხადა.


„სამ ლარად ვყიდულობდი ხოლმე სათესლე მასალას. შარშან ახალქალაქიდან, ნაცნობისგან ვიყიდე და ასეთი იაფი იმიტომ დამიჯდა. არ არის კარგი თესლი, მოსავალი ცუდი მოგვცა და კარტოფილიც სულ გაფუჭდა. წელს უნდა გავიჭირვო და კარგი თესლი ვიყიდო, ცოტას პენსიიდან გადავდებ და ცოტასაც კარტოფილს გავყიდი“, - გვეუბნება 77 წლის ქალი და თან დამპალ ბოლქვებს არჩევს.



პენსიონერი ქალის მსგავსად, ყოველწლიურად სათესლე მასალის ყიდვა უჭირთ ახალციხის სოფლებში მაცხოვრებლებს. მეკარტოფილე ფერმერმერების თქმით, კარგი სათესლე მასალა მაღაზიაში 3,5 ლარად იყიდება.


„კარტოფილის ჯიშები ძალიან ბევრია, მაგრამ ხეირი ძალიან ცოტა. ჩვენთვის უფასოდ კი არა, იაფადაც არავის მოუცია კარგი ჯიში“, - ამბობს პამაჯელი გევორქ აბრამიანი.


მაღალი ფასის მიუხედავად, სათესლე მასალას ყოველ წელს ცვლის ზემო სხვილისელი ფერმერი დავით პაპიძე.


„თესლს გამოცვლა უნდა, რომ უკეთესი მოსავალი მივიღოთ, თორემ სხვაგვარად ხარჯებსაც ვერ ვფარავთ. მაღაზიაში ისეთი ფასებია, ვერ ვწვდები. 3-დან 4 ლარამდე ღირს საზღვარგარეთიდან შემოტანილი კარგი სათესლე მასალა“, - ამბობს ის. 


ფერმერმა ორი ტონა სათესლე მასალა 1 400 ლარად უკვე შეიძინა. „წალკიდან მოვიტანე. 100 ლარი გზაში, საწვავისთვის დამჭირდა“, - გვეუბნება დავით პაპიძე.


„მარტო თესლი ხომ არ არის. მოხვნა გვინდა, მორწყვა, სასუქი, შეწამვლა. ასე წვალებით მოგვყავს და მერე კილოს 50 თეთრადაც ვერ ვყიდით“, - გვეუბნება ფერმერი სოფელ წნისიდან.


რეგიონში სათესლე მასალა რომ მოიპოვება, თუმცა ფასი მაღალია, ამაზე სოფლის მეურნეობის სპეციალისტებიც საუბრობენ. თუმცა მათი აზრით, დასათესი კარტოფილის გარდა, ფერმერების სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემებიც აქვთ.


„რამდენიმე კომპანიას შემოაქვს სათესლე მასალა, ხარისხი ნორმალურია. ფასი უფრო პრობლემაა. ფერმერი ცუდ დღეშია. თესლის გარდა, ყოველწლიურად ძვირდება კომბინირებული სასუქი და შხამქიმიკატები, მაგრამ კარტოფილის ფასი არ იზრდება. სახელმწიფოს როლს ამაში ვხედავ, რომ ეს ფასები დაარეგულიროს“, - ფიქრობს სოფლის მეურნეობის სპეციალისტი პავლე გიქოშვილი.


სახელმწიფოს პოზიცია სპეციალისტებისას არ ემთხვევა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში ამბობენ, რომ მთავრობა ნელ-ნელა უნდა გავიდეს სუბსიდირების სფეროდან. გლეხებმა ეს საკითხები თავად უნდა მოაგვარონ.


„წელს საკმაოდ ძვირი ღირდა სათესლე კარტოფილი, გეთანხმებით, რომ ელიტური ჯიშების შეძენა უჭირს ფერმერს. ჩვენ სათესლე მასალის ძალიან ბევრი მომწოდებელი გვყავს. მაგალითად, წინა წლებში რეგიონში დიდი რაოდენობით თესლი დარჩა, ამიტომ შეძლეს ფერმერებმა, რომ მომავალ წელს ნაკლებ ფასად შეეძინათ“, – აცხადებენ სამმართველოში.


 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ელიტური ჯიშის კარტოფილის გამოყვანას, 4-5 წელი სჭირდება. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გვეუბნება, რომ ცენტრი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით შემოიფარგლება, მაგრამ გამოსაცდელად მცირე რაოდენობას შერჩეულ ფერმერებსაც აძლევენ.



„ჩვენ ვატარებთ კარტოფილის ჯიშების კვლევებს, რათა ფერმერებმა იცოდნენ, რომელ რეგიონში რომელი ჯიშია უხვმოსავლიანი. სამომავლოდ გვაქვს გეგმები, რომ საუკეთესო თესლი გავამრავლოთ და ფერმერებს დავურიგოთ, მაგრამ არ ვიცით რამდენი წელი დასჭირდება ამას“, - ამბობს აგრონომი დალი წიკლაური.


„ამ საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება“, - ამბობს სოფლის მეურნეობის სპეციალისტი გურამ ჯინჭველაძე. სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის თქმით, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ცვლილება, პირდაპირ აისახება სასუქების, სათესლე მასალის და შხამ-ქიმიკატების ფასებზე.


მოშლილი სარწყავი სისტემის გამო, ფერმერი სათანადოდ ვერ უვლის ელიტური ჯიშის კარტოფილის ნათესებს და ამიტომ ვერ იღებს მაღალ მოსავალს. შესაბამისად, მის მიერ კილოგრამ თესლში გადახდილი 3,5 ლარი არაეფექტურია.


„ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში მაღალი ხარისხის სათესლე მასალის წარმოება არ შეგვიძლია. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ თესლი საბაჟო გადასახადებიდან და სხვადასხვა მოსაკრებელიდან უნდა გაათავისუფლოს. ამით ფერმერს კარტოფილის ელიტური ჯიშები 20%-ით გაუიაფდება. საქართველოში კარტოფილის მოსავლიანობა უნდა გაორმაგდეს, რომ ფერმერს თესლში გადახდილი მაღალი ფასი უღირდეს, მაგრამ ეს მარტივი არ არის“, - ამბობს გურამ ჯინჭველაძე.


მესხი ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ მიწების დაუმუშვებლად დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი ხარისხიანი სათესლე მასალის მიუწვდომლობაა. 2018 წელს, გასულ წელთან შედარებით, ფერმერებმა მიწის ნაკლები ფართობი რომ აითვისეს, ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოშიც საუბრობენ. ნანა ზუბაშვილის თქმით, რეგიონში წელს 20%-ით ნაკლები ფართობი დაითესა.


სხვა სიახლეები