• Ƀ/$

რა გავლენა იქონია თბილისის მოვლენებმა რუს ტურისტებზე

21 ივნისი 14:48 | ეკონომიკა

„ტურების განულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, – განუცხადა რუსულ გამოცემა „ვზგლიადს“ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის პრეს–მდივანმა ირინა ტიურინამ.

ასეთი პოზიცია მან რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვლადიმირ ჯაბაროვის განცხადების საპასუხოდ დააფიქსირა, რომელიც რუს ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.


ტიურინამ აღნიშნა, რომ ტურისტებისთვის ამათუიმ ქვეყანაში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოწოდება საერთოდ არ შედის ფედერაციის საბჭოს კომპეტენციაში.


„ტუროპერატორებმა საგზურების საფასური მთლიანად იმ შემთხვევაში უნდა აუნაზღაუროს ტურისტებს, თუ ქვეყანაში გამგზავრებისგან თავშეკავების რეკომენდაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს“, – განაცხადა ტიურინამ.


თუმცა, მისივე თქმით, საქართველოში ტურების ანულირებაზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან ტურისტულ სააგენტოებში ასეთი მოთხოვნით ზარებიც კი არ შესულა. „რაც ხდება, თბილისში ხდება. ტურისტები კი მიემგზავრებიან აჭარაში, კახეთში და სხვა მხარეებში. თბილისის მოვლენების ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე გავრცელების ალბათობა არ არსებობს“.


მისივე თქმით, ამჟამად საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები თავს კარგად გრძნობენ და მათ მხოლოდ რუსთაველის პროსპექტზე სეირნობისგან თავშეკავების რეკომენდაცია აქვთ.


პროტესტი თბილისში


თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას მოჰყვა. გავრილოვი თბილისში, მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარის სტატუსით იმყოფებოდა.


ასამბლეა თბილისში, 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, სადაც გავრილოვი სიტყვითაც გამოვიდა.


20 ივნისს ასამბლეა პარლამენტის სხდომათა დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო. სხდომის გახსნის წინ გავრილოვი სპიკერის სავარძელში მოკალათდა და დამსწრე საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა.


აღნიშნულს ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რაც საზოგადოების პროტესტში გადაიზარდა.


თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეკრებილები გავრილოვის ქვეყნიდან გაძევებას და ასამბლეის ჩაშლას ითხოვდნენ, მათი მოთხოვნის შესრულების შემდეგ ისინი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს.


აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, ამის შემდეგ კი, პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.


სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.


ამჟამად აქცია დაშლილია, თუმცა ოპოზიციის ლიდერები აცხადებენე, რომ პროტესტი დღეს19:00 საათზე განახლდება.


ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე სამ მოთხოვნას უყენებს: პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვას.


მსგავს თემაზე:

აქციის დაშლისას 70-მდე ადამიანი დაშავდა


სახალხო დამცველის აპარატის განცხადება



სხვა სიახლეები