• Ƀ/$

ახალი რუსული ემბარგო - კოლაფსი თუ ისტორიული შანსი?

22 ივნისი 17:50 | ანალიტიკა

პუტინის ბრძანებით 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები გაყიდვები იკრძალება. წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული არათუ კატასტროფა შესაძლოა შანსიც კი იყოს საქართველოსთვის. 

წლების განმავლობაში რუსული ბაზრის გახსნა და რუსეთთან ურთიერთობების თუნდაც ნაწილობრივ დარეგულირება საქართველოს ეკონომიკის დაჩქარების საშუალებად მიიჩნეოდა, მაგრამ 2013 წლიდან განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო დაამტკიცა.


2012 წელს საქართველოს ჯამურმა ექსპორტმა $2.377 მლრდ, მათ შორის რუსეთში $46.7 მლნ - მთლიანი ექსპორტის 1.97% შეადგინა. ეკონომუკირი ზრდის ტემპმა კი 6.7%.


2018 წელს, ჯამური ექსპორტი $3.354 მლრდ-ს აღწევდა, საიდანაც რუსეთში $437 მლნ-ს პროდუქცია მთლიანი ექსპორტის მოცულობის 13% გადამისამართდა. 6 წელიწადში ჯამური ექსპორტი მხოლოდ 43%-ით გაიზარდა, რუსეთში კი 835%-ით, რის გამოც მან მე-11 ადგილიდან 1-ელ ადგილზე აინაცვლა.



ვითარება ანალოგიურია ტურიზმთან მიმართებაშიც. 2012 წელს საქართველოში ვიზიტორების ჯამური რაოდენობა 4.10 მლნს შეადგენდა, საიდანაც რუსეთის მოქალაქე 410 ათასი, ანუ მათი 10% იყო. ვიზიტორების რაოდენობის ზრდის ტემპმა კი ამ წელს - 51%-ს მიაღწია.


2018 წელს ვიზიტორების საერთო რაოდენობა 7.20 მლნ-მდე გაიზარდა, მათგან რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ 1.4 მლნ ვიზიტორების 19.5% შეადგინა. ვიზიტორების რაოდენობის ზრდის ტემპი კი  11.1%-მდე შემცირდა.



ამ ყველაფერთან ერთად 2012 წელს ეკონომიკა გაიზარდა 6.4%-ით, 2018 წელს 4.7%-ით. რას ნიშანავს სხვაობა 1.7%? 6.4%-იანი ზრდის შემთხვევაში ეკონომიკის გაორმაგებას 11 წელი და 3 თვე სჭირდება, 4.7%-იანი ზრდის შემთხვევაში 15 წელი და 2 თვე.


2005 წელს რუსულ ბაზარზე საქართველო კიდევ უფრო მეტად იყო დამოკიდებული და მასზე ექსპორტის 17.7% მოდიოდა. 2006 წელს მოსკოვმა თბილისს თითქმის სრული ემბარგო გამოუცხადა. უკვე 2007 წელს ჯამური ექსპორტი 2005 წელთან შედარებით 43%-ით გაიზარდა, იმავე წელს დაფიქსირდა მშპ-ის რეკორდული 12.3%-იანი ზრდა და ინვესტიციების ბუმი $2.015 მლრდ. საქსტატის მიერ 2017 წელს მონაცემების დაკორექტირების მიუხედავად, როცა ის $1.75 მლრდ-მდე შემცირდა, მონცამი მაინც რჩება ისტორიულ მაქსიმუმზე მშპ-სთან მიმართებაში - 18.4%. დღეს ეს მაჩვენებელი 2.4-ჯერ 7.6%-მდეა შემცირებული. 2018 წელს საქართველოში სულ $1.232 მლრდ-ს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორცელდა, მშპ-ს 18.4% $2.96 მლრდ იქნებოდა. ექსპორტის, ინვესტიციებისა და მთლიანად ეკონომიკის სწრაფი ტემპებით ზრდა 2008 წლის პირველ 2 კვარტალშიც ომამდეც გაგრძელდა.



2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.2 მლრდ-ს მიაღწია. რუსეთიდან ფრენების აკრძალვა ავტომატურად იმავე პროპორციით შემოსავლების კლებას არ გულისხმობს. ჯერ ერთი რუსი ტურისტების ნახევარზე მეტი ლარსიდან შემოდის. ბოლოს და ბოლოს საჰაერო გზით შემოსვლა მესამე ქვეყნიდანაც შეიძლება, ამასთან ტურიზმი სხვა ქვეყნებიდან შენელებული ტემპით მაგრამ მაინც იზრდება ეს კი დანაკარგს დიდწილად დააკონპენსირებს, შესაძლოა გადაწონოს კიდეც.


აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთმა მხოლოდ ფრენები აკრძლა, ჯერჯერობით აკღზალვა არ შეხებია ფულად და საფოსტო გზავნილებს, ქართული პროდუქციის იმპორტს. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ კრემლში აღნიშნულ ბერკეტებს სამომავლო დამატებითი ზეწოლისთვის ინახავენ. თუმცა განსხვავებით 2006 წლისგან კრემლის ეკონომიკური ბერკეტები შემცირებულია, საქართველო რუსულ გაზს აღარ მოიხმარს და იმის საფრთხე, რომ ერთ დღეს რთულად მისადგომ ადგილას მაგისტრალური გაზსადენი „ტექნიკური გაუმართაობის გამო აფეთქდება“ აღარ არსებობს. მიუხედავად ამისა იზრდება პროვოკაციების მოწყობის ალბათობა ე.წ. საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე.


საბოლოოდ მაინც რამდენად დიდია რუსული ბაზარი? 2017 წელს რუსეთმა $212 მლრ-ს იმპორტი განახორციელა, რაც მსოფლიო იმპორტის 1%-ზე ნაკლებია, იმავე წელს საამიროების მიერ განხორციელებულმა იმპორტმა $241 მლრდ-ს მიაღწია, შვეიცარისამ $287 მლრდ-ს, სინგაპირისამ $327 მლრდ-ს, ნიდერლანდებისამ კი $435 მლრდ-ს. ევროკავშირის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე გერმანიის იმპორტმა $1.1 ტრლნ შეადგინა, შეერთებული შტატებისამ $2.3 ტრლნ.



რუსეთის მშპ მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვითაც კი $3.78 ტრლნ-ს აღწევს და მსოფლიო ეკონომიკის 2.93%-ს შეადგენს, მიმდინარე ფასებში დათვლით სურათი კიდევ უფრო მძიმდება და $1.59 ტრლნ-ით რუსეთის ეკონომიკის წილი 1.96%-მდე მცირდება.



პოლიტიკური რისკების არქონის შემთხვევაშიც კი, მხოლოდ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და აღმოსავლეთ აზია ბევრად უფრო მიმზიდეველი პარტნიორებია ვიდრე რუსეთი.  


მსგავს თემაზე:

2008 წლის ომის გამო დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის დანაკარგი თვეში 170 ლარს შეადგენს


2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა


რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის აღჭურვილობას?


რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის არსენალს? (ნაწილი II)


რუსებს საქართველოს კურორტებისა და პროდუქტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ


პუტინმა რუსულ კომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა



სხვა სიახლეები