• Ƀ/$

საქონლის ექსპორტი წლიურად 12%-ით არის გაზრდილი

27 ივნისი 11:20 | ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით საქონლის ექსპორტი წლიურად 12%-ით არის გაზრდილი, იმპორტი კი 3.3%-ით შემცირდა.

2019 წლის პირველ კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა $227 მლნ (605.5 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 47.7%-ით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 11.9%-დან 6.2%-მდე შემცირდა.


მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო 2019 წლის პირველ კვარტალში წლიურად 18.9%-ით შემცირდა და $798.6 მლნ (2.1 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 12%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.3%-ით შემცირდა.


მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო), პირველ კვარტალში, ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 3.4%-ით,  ხოლო იმპორტი 10.4%-ით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 5%-ით გაიზარდა და პირველ კვარტალში $578.4 მლნ-ს(1.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა.


მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 7%-ით შემცირდა და 2019 წლის პირველ კვარტალში $345.6 მლნ-ს (921.9 მლნ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში შემცირებული იყო  როგორც კერძო სექტორის, ასევე სამთავრობო ტრანსფერები.


 
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ  კვარტალში $240.5 მლნ  (641.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.6%-ია.


საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.


სხვა სიახლეები