• Ƀ/$

მოლდოვის ახალი ხელისუფლების ევროპული არჩევანი

2 ივლისი 15:07 | ანალიტიკა

მოლდოვის ახალი პრემიერ-მინისტრის, მაია სანდუს განცხადებით, სახელმწიფოს მომავალი ევროპას უკავშირდება.

მან მოსახლეობას მოუწოდა მიჰყვნენ ქვეყნის პრო-დასავლურ კურსს, იმის მიუხედავად, რომ მის პრო-რუსს კოალიციურ პარტნიორებს განსხვავებული მიზნები და იდეები ამოძრავებთ.


ივნისის დასაწყისში, მოლდოვაში მძიმე საკონსტიტუციო კრიზისი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მაია სანდუს ბლოკი ACUM და პრო-რუსული სოციალისტური პარტია, პრეზიდენტ იგორ დოდონის ხელმძღვანელობით, მოლდოვის რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ გაერთიანდა და კოალიცია შექმნა.


„აღნიშნული პარტნიორობა არ არის იდეალური გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო ერთადერთი გზა ოლიგარქთა რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად“ - განაცხადა პრემიერმა.


მოლდოვაში არსებული კრიზისი ერთი კვირის წინ, მას შემდეგ დასრულდა რაც რესპუბლიკურ პარტიაზე და მის ლიდერ ვლადიმირ პლაჰოტნიუკზე, ევროპამ, ამერიკამ და რუსეთმა უპრეცედენტო, ერთობლივი ზეწოლა განახორციელეს, რათა დაეთმო ხელისუფლება.


ევროკავშირისგან მხარდაჭერის ძიებაში


მოლდოვა მანამდეც ცდილობდა ევროკავშირთან დაახლოებას, მაგრამ არსებულ გეზს მას შემდეგ გადაუხვია, რაც პლაჰოტნიუკის მოლდოვის დემოკრატიულმა პარტიამ უარი განაცხადა იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომელიც პარტნიორობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგალითად პირდაპირი საარჩევნო პროცესის ჩამოყალიბებაზე.


წინა წლის ბოლოს ევროკავშირმა „კანონის უზენაესობის და დემოკრატიის გაუარესების“ მოტივით მოლდოვისთვის დახმარების პაკეტი შეწყვიტა. ეს გამოწვეული იყო კიშინოვის მერის არჩევნების გამო, სადაც ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა.


„ჩვენ ვიაზრებთ იმ ფაქტს, რომ უკეთ უნდა შევასრულოთ საშინაო საქმეები. ამის შემდეგ დავინახავთ, რომ ევროკავშირი გახდება უფრო მეტად გახსნილი ოფიციალური კიშინოვისთვის“ - განაცხადა სანდუმ.


აქვე მან დაამატა, რომ მისი ხელისუფლება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა აშშ-ის და ევროპის განცხადებებთან.


თავის მხრივ, ევროკავშირი სანდუს ადმინისტრაციას მეგობრულად უდგება: ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, კომისარი იოჰანეს ჰანი იყო პირველი საერთაშორისო ჩინოვნიკი, რომელიც ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის შემდეგ ქვეყანას ეწვია.


იოჰანეს ჰანი მიესალმება სანდუს რეფორმატორულ ქმედებებს და არსებული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ევროპული საზოგადოება მხარს დაუჭერს და შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს მოლდოვის მთავრობას.


ოფიციალურ კიშინოვს საკუთარ სურვილების სია გააჩნია: „ჩვენ პირველ რიგში საბიუჯეტო, ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდება“ - განაცხადა პრემიერმა.


ფინანსების გარდა, მოლდოვა ბრიუსელისგან ინფრასტრუქტურულ, აგროკულტურულ და ენერგეტიკული ხასიათის დახმარებებს ელის.


მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება სანდუს მთავრობა. თავის მხრივ პრემიერ-მინისტრმა საკუთარ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „მისი კოალიციის ხანგრძლივობა ჯერჯერობით გაურკვეველია“.


ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ბლოკი ACUM, პრო-რუსული სოციალისტური პარტიის და პრეზიდენტ დოდონის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდა. სანდუს თქმით, კოალიცია არაბუნებრივია, მაგრამ მსგავსი დროებითი კომპრომისი საჭიროა ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუციების და კანონის უზენაესობის აღსადგენად.


კრემლის კრიტიკა


იმის მიუხედავად, რომ მაია სანდუს კოალიციის პარტნიორები რუსეთის საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერები არიან, თვითონ იგი კრემლის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი და რეგიონში მოსკოვის ინტერესებს კარგად იცნობს.


„რთულია რუსეთის რეალური გეგმების გაგება. ჩვენ ილუზიებში არ ვიმყოფებით, კარგად ვიცით, რომ კრემლს რეგიონის ქვეყნებზე, მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკაზე რომ სურს გავლენის გავრცელება“ - განაცხადა მან.


სანდუს შეფასებით, ოფიციალურმა მოსკოვმა სოციალისტური პარტია წაახალისა შესულიყვნენ კოალიციაში ბლოკ ACUM-თან, რადგან ამავე სოციალისტურ პარტიას მოლდოვის დემოკრატიული პარტიის პირობებში გაქრობა და შესაბამისად ქვეყანაში რუსეთის გავლენის შემცირება ემუქრებოდა.


აქვე დაამატა, რომ რუსეთმა საკუთარი სამხედროები და შეიარაღება უნდა გაიყვანოს მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონიდან, სადაც იგი უკვე დიდი ხანია იმყოფება. საპასუხოდ ოფიციალური კიშინოვი მზადაა მოიძიონ შესაბამისი გზები, მოსკოვთან კომერციული და ეკონომიკური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.


დნესტრისპირეთთან დაკავშირებით, მაია სანდუ მეზობელ უკრაინასთან ერთადაც აპირებს მუშაობას, მაგრამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ გროისმანთან ჯერჯერობით ამ საკითხებზე არ უსაუბრია.


სანდუ უკრაინის წინა ხელისუფლებას, პეტრო პოროშენკოს ხელმძღვანელობით, პლაჰოტნიუკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით, ორივე მხარე გარკვეული კონტრაბანდული გზებით და „კორუფციული სქემების“ გამოყენებით დნესტრისპირეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას „აცოცხლებდნენ“.


„ოფიციალური კიევისგან ჩვენ ახლა ველოდებით, რომ აღნიშნული „სქემები“ იქნება გამოძიებული და აღკვეთილი“ - განაცხადა პრემიერმა.


ხელისუფლების განახლება


47 წლის მაია საუნდუ ჰარვარდის კურსდამთავრებული და მსოფლიო ბანკის ყოფილი მრჩეველია.


პრემიერად არჩევამდე, სამი წლის მანძილზე განათლების მინისტრად მუშაობდა და ადგილობრივ საზოგადოებას თავი იმით დაამახსოვრა, რომ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის გამოცდები ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების გამოყენებით ჩაატარა.


იგი თვლის, რომ „პასუხისმგებლობებით გადაიტვირთა“, მაგრამ სასიამოვნოა იმის აღქმა, რომ ხელისუფლება პლაჰოტნიუკის რეჟიმისგან გათავისუფლდა.


მისი მმართველობის უმთავრეს მიზანს, ქვეყნის კორუფციიდან გათავისუფლება წარმოადგენს. ეს არ იქნება მარტივი შესასრულებელი, რადგან მოლდოვის დემოკრატიულ პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი ცინოვნიკები ჯერ კიდევ მუშაობენ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის სასამართლო სისტემაში.


დღესდღეობით პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდი ზეწოლას მოქმედ გენერალურ პროკურორზე ახორციელებს, რომელსაც პლაჰოტნიუკთან მოკავშირეობაში და სასამართლოს გამოყენებით, მოწინააღმდეგეების უსამართლოდ დევნაში ადანაშაულებს.


„მას შემდეგ, რაც ახალი მთავარი პროკურორი დაინიშნება, ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი „წმენდა“ დაიწყება“ - განაცხადა სანდუმ.


სხვა სიახლეები