• Ƀ/$

პრემიერ–მინისტრი: საქართველო საუკეთესო ადგილია რეგიონში ბიზნესის დასაწყებად

11 ივლისი 12:51 | ეკონომიკა

საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის თქმით, ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობის და კანონის უზენაესობის, ასევე მეზობლებთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, დღეს საქართველო საუკეთესოა რეგიონში ბიზნესის დასაწყებად.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის პლატფორმა, რომლის მდებარეობაც კომპანიებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს.


„ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიულად განლაგებული საქართველო არის ბუნებრივი ხიდი ამ ორ კონტინენტს შორის, რომელიც ევროკავშირთან ვაჭრობაში მომსახურებას სთავაზობს ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას. ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო იქცევა ბიზნესის, ინვესტიციების, ფინანსების, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობის და ლოგისტიკის ცენტრად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია დღეს, 11 ივლისს გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10–წლიან იუბილეს ეძღვნება. კონფერენცია ხვალ, 12 ივლისს დასრულდება.


საქართველოში, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შედეგებსა და მომავალზე სამსჯელოდ უმაღლესი და მაღალი დონის მონაწილეები შეიკრიბნენ.


საქართველოში იყოფება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.


კონფერენციას ასევე ესწრებიან ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ასევე ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 8 საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების - პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.


საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლეს დონეზე.


ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას უწევს სქართველოს მთავრობა გამორჩეული იქნება როგორც უპრეცედენტო მასშტაბით, მონაწილეთა დონითა და რაოდენობით, ასევე - შინაარსით


მაღალი დონის სტუმრები შეაფასებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობას“, იმსჯელებენ არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე, მათ შორის 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.


კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება საფინანსო შეთანხმებებს.


კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.


ასევე ცალკეულ შეთანხმებებს საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის, ჩეხეთის, სერბეთის მთავრობებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ.


მსგავს თემაზე:

მამუკა ბახტაძე - საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის



სხვა სიახლეები