• Ƀ/$

ახალი საბაჟო კოდექსი სექტემბრიდან ამოქმედდება

11 ივლისი 17:58 | ფინანსები

ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება ბიზნესს საბაჟოსთან ურთიერთობას ძალიან უმარტივებს, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს.  

მისი თქმით, ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული ახალი საბაჟო კოდექსი პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში.


„საბაჟო კოდექსი პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში.  პირველი მნიშვნელოვანი, რაც უკვე პარლამენტმა საბაჟო კოდექსთან დაკავშირებით მიიღო არის ის, რომ საბაჟო კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვა. საბაჟო პროცედურები, დაახლოებით, ისეთი უნდა იყოს, როგორც ევროკავშირში. შესაბამისად, ახალი საბაჟო კანონმდებლობა ბიზნესს საბაჟო პროცედურებს საქართველოსა და ევროკავშირში ერთნაირად გაუმარტივებს“, - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ.


საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე საუბრისას, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალი ე.წ. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის შემოტანის მნიშვნელობაზე, რადგან ის ბიზნესს მნიშვნელოვან შეღავათებს მოუტანს.


„ახალი საბაჟო კოდექსი ბიზნესთან უფრო პარტნიორულ დამოკიდებულებას ცდილობს, ვიდრე აქამდე იყო. მაგალითად, თუ საბაჟო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ბიზნესზე უარყოფითად მოქმედებს, ის ვალდებულია, ამის შესახებ ბიზნესს წინასწარ აცნობოს. თუ ბიზნესი იტყვის, რომ მას ამ გადაწყვეტილების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი ადგება, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეცვალოს ეს რეგულაცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების წახალისება. მაგალითად, ისეთ საბაჟო ოპერაციებზე, როგორიცაა შიდა და გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა, მიზნობრივად შემოტანილი საქონელი, საბაჟოს გაუჩნდა ბერკეტი, რომ ასეთი ტიპის ოპერაციებს არ მისცეს ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ ის ამავე დარგის ადგილობრივ წარმოებას მნიშვნელოვნად ვნებს“, – განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.


მსგავს თემაზე:

საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,კარწახში“ DUTI FREE-ის მოწყობის მიზნით აუქციონი გამოცხადდა


სომხეთის ხელისუფლება გიუმრისა და სისიანში საბაჟო სადგურების აშენებას გეგმავს



სხვა სიახლეები