• Ƀ/$

ნატომ რუსეთის შესაკავებლად ახალი ოთხპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა

16 ივლისი 16:33 | ანალიტიკა

ზოგადად, ნატო და რუსეთი ყოველთვის საუბრობენ დიალოგის აუცილებლობის შესახებ. ფაქტობრივად კი, მხარეები მხოლოდ ურთიერთბრალდებების გაცვლით არიან დაკავებული, ერთმანეთის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე.

წინააღმდეგობის ახალ რაუნდში, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა მთელი რიგი ღონისძიებები შეიმუშავა. რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ჩატარებული სწავლებები -სტრატეგიის მხოლოდ კონკრეტული ნაწილია.


ორშაბათს, რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქიდან 60 კილომეტრის დაშორებით, ნატომ მსხვილმასშტაბიანი საერთაშორისო სწავლება „Tobruq Legacy-19” დაიწყო. პოლონეთის ტერიტორიაზე მიმდინარე წვრთნების 19 მონაწილე სახელმწიფოს სამხედროები რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაბამის ქმედებებზე მუშაობენ.


პოლონეთის გარდა, ნატო ამავდროულად სწავლებებს ატარებს აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ტერიტორიაზე - ლატვიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთში და ბალტიის ზღვაში.


იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე წვრთნები დიდი ხნის წინ დაიგეგმა, აღნიშნული ემთხვევა ალიანსის სამხედრო სტრატეგიის შეცვლის პროცესებს. ხსენებული პირველი შემთხვევაა უკანსკნელი 10 წლის მანძილზე.


ცვლილების მიზეზი - ახალი გამოწვევები და რუსეთის მხრიდან არსებული ბირთვული საფრთხე, როგორც ამას ნატოს გენ-მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს.


მისი განმარტებით, ახალი სამხედრო კონცეფცია უზრუნველყოფს სტაბილურობასა და თავდაცვისუნარიანობის სრულ გამყარებას.


ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა ალიანსს დაანახა, რომ რუსეთის შეკავებას განსაკუთრებული მიდგომები სჭირდება. ამისთვის შეიმუშავეს სტრატეგია, რომელიც 4 პუნქტისგან შედგება:


1.       მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება. სანქციები და ბაზები.


პირველ რიგში საუბარია პოლიტიკურ ზეწოლაზე, რომელშიც სანქციები იგულისხმება. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირში აღნიშნულის მიზანშეწონილობის და ეფექტურობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას ნატო ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს.


პირველი პუნქტის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი - ალიანსის მოკავშირეთა თავდაცვის გაძლიერება. ასე მაგალითად, ნატომ საკუთარი რეგულარულად ბაზირებული კონტიგენტი გააძლიერა რუმინეთში, ხოლო ამავე სახელმწიფოს ქალაქ ოტოპენში სულ ახლახანს დასრულდა სწავლება „კომუნიკაციის და ინფორმატიკის“ სფეროში. გარდა ამისა, გრძელდება უკრაინისა და საქართველოს დახმარება.


ეს ყველაფერი კი, როგორც ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში თვლიან, მოსკოვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აძლიერებს და ნატოს პოზიციებს ამყარებს ევროპაში.


„ალიანსს რაიმე სახის მსხვილმასშტაბიანი მილიტარიზაციის პროცესი არ დაუწყია. არსებობს კონკრეტული მდგომარეობა, რომელიც რუსეთის უკანასკნელმა ქმედებებმა გაართულა. ნატო კოლექტიური თავდაცვით არის დაკავებული და ზუსტად იმას აკეთებს, რასაც მისგან მოკავშირეები ელოდებიან“, - განმარტა ნატოს მრჩეველმა რუსეთის საკითხებში, რობერტ ფშელმა.


„ჩვენ არ ვისწრაფვით კონფრონტაციისკენ, მაგრამ იგნორირებას ვერ მოვახდენთ საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესის მიმართ. ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მოსკოვმა საერთაშორისო სამართლის პატივისცემა უნდა დაიწყოს. სულ ცოტა ხნის წინ კრემლმა, ქერჩის სრუტეში მისი მეზობლის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა. ასევე ახორციელებს კიბერშეტევებს და უხეშად ერევა დემოკრატიულ პროცესებში. გარდა ამისა, რუსეთი ასევე არღვევს შეიარაღების კონტროლის შესახებ არსებულ ერთ-ერთ შეთანხმებას - დოკუმენტი „საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვანესა ექერმა. 


ბრიუსელში აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული ალიანსის ოთხი ბატალიონი, თავისი შეიარაღებით და რაოდენობით არ მოდის თანაფარდობაში, მოსკოვის მიერ, ნატოს ქმედებების საპასუხოდ, რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში განლაგებულ დივიზიებთან.


2.       შავი ზღვის უსაფრთხოება. „ის არცერთ მხარეს ეკუთვნის“.


ნატოს ახალი სტრატეგიის მეორე პუნქტის არსი - ალიანსის მონაწილეობა შავი ზღვის რეგიონში. საუბარია საპატრულო თვითმფრინავებზე, საზღვაო ფრეგატებზე, გამანადგურებლებზე და სხვა საბრძოლო ხომალდებზე.


ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში, შავ ზღვას სტაბილურ რეგიონად თვლიდნენ. მაშინ პრიორიტეტად ბალტიის ზღვაზე არსებული სიტუაცია მიიჩნეოდა.


უკანასკნელი წლების მოვლენებმა (მაგალითად რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია/ოკუპირება) ნატო აიძულა საკუთარი პრიორიტეტებისთვის გადაეხედა და ბალტიისპირეთმა მეორე პლანზე გადაიწია. ალიანსის წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი მიდგომა მინიმუმ უახლოესი რამდენიმე წელი შენარჩუნდება.


„დადგა ის ხანგრძლივი პერიოდი, რომლის ფარგლებში შავი ზღვის რეგიონი, რუსეთის ძლიერი სამხედრო მონაწილეობის გამო, არასტაბილური გახდა. ჩვენ გვაქვს სწავლებების გრძელი სია, რომლებსაც ნატო მოკავშირეებთან ერთად განახორციელებს ამ ტერიტორიაზე. რათქმაუნდა ეს გამომდინარეობს სამხედრო რეალობით, პოლიტიკური მოტივებით და ძალების დემონსტრირების მიზნით“, - განაცხადა ნატოს გენ-მდივნის წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ.


შავ ზღვაზე ჩატარებული უკანასკნელი სწავლება „საზღვაო ფარი“ - ეს არ არის მხოლოდ უკრაინის დახმარების ნაწილი, არამედ არის შესაძლებლობა ალიანსმა ამ ტერიტორიაზე საკუთარი ცნობიერება გააუმჯობესოს.


ზემოხსენებულს რუსეთმა ოპერატიულად უპასუხა. პირველ რიგში ფედერაციის საბჭომ გააკეთა განცხადება: „ქერჩის სრუტეში უკრაინული ხომალდების ყოფნის პროცედურების დარღვევა, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობას ემთხვევა. უკრაინის მცდელობები იმოქმედოს არსებული პროცედურების გვერდის ავლით, თავის მხრივ რისკების მატარებელია, რომ გაიზარდოს შეიარაღებული დაპირისპირების რისკი უკრაინასა და რუსეთს შორის, რომელშიც შესაძლოა ნატოც იქნას ჩართული.


ოფიციალური მოსკოვი მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლა. პარალელურ რეჟიმში, შავი ზღვის ფლოტის რუსულმა სამხედრო გემებმა და საზღვაო შვეულმფრენებმა პირობით მოწინააღმდეგეზე „შეტევითი“ წვრთნები განახორციელეს.


ნატოს მაღალჩინოსანთა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსები წვრთნების დროს „ბირთვული შეტევის სიმულაციებსაც“ ახორციელებენ ალიანსის „წევრ სახელმწიფოებზე“.


3.       დახმარების პაკეტი მოკავშირეებისთვის


პრიორიტეტები საქართველო და უკრაინა არიან. ერთობლივი წვრთნები ოფიციალური თბილისისთვის - ეს არის შესაძლებლობა კიდევ უფრო დაახლოვდეს ნატოსთან, რომლისკენაც წლებია ისწრაფვის და რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია.


საქართველოს ხელისუფლებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სწავლებები რომელიმე „მესამე ქვეყნის“ მიმართ არ არის მიმართული და ხსენებული უკავშირდება სახელმწიფოს მზადყოფნას რეაგირება მოახდინოს მის წინაშე მდგარ კონკრეტულ საფრთხეებზე.


რაც შეეხება უკრაინას, საქმე ეხება როგორც სპეცსამსახურების დონეზე თანამშრომლობას, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების გაძლიერებას. ეს უკანასკნელი აქტუალური რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპირების შემდეგ გახდა, სადაც უკრაინის ფლოტის დიდი ნაწილი იყო ბაზირებული.


„ნატო საუბარს ყველა საფრთხის შეფასებით იწყებს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ქვეყანა წარმოადგენს და ერთმანეთს უზიარებს საკუთარ ხედვებს, ინფორმაციას და ა.შ. ჩვენ ვაკვირდებით რუსეთს, რომელიც ყირიმისგან ერთ დიდ სამხედრო ბაზას ქმნის. ვაანალიზებთ ფაქტებს და ქმედებებს, რათა სამართლიანი პასუხი გავცეთ ყველაფერს“, - განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა, რობერტ ფშელმა.


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისი ხელისუფლება ნატოსთან ინტეგრაციის პოლიტიკას კიდევ უფრო გააღრმავებს. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, პოროშენკოსგან განსხვავებით, მისი პოლიტიკა ბრიუსელთან დიალოგის პროცესში უფრო დაკვირვებული და თანმიმდევრული იქნება.


4.       კიბერსაფრთხეებთან ბრძოლა


ნატოში თვლიან, რომ კიბერსაფრთხეები რეალურ სამხედრო მოქმედებებს უდრის. სულ მცირე ერთმა ასეთმა შეტევამ შესაძლოა ეკონომიკას მილიარდობით დოლარის ოდენობის ზიანი მოუტანოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის პარალიზება მოახდინოს და მსხვილი კომპანიების მუშაობა შეაჩეროს.


„ამ მხრივ ალიანსს იმუნიტეტი არ გააჩნია. ჩვენ ყოველდღე ვარეგისტრირებთ საფრთხის შემცველ მოქმედებებს, რომელიც მიმართულია ნატოს კიბერსისტემის წინააღმდეგ. ახალი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, „ფეიქ-ნიუსების“ განვითარების პარალელურად, კიბერსაფრთხეები ხდება კიდევ უფრო საშიში“, - განაცხადა ნატოს გენ-მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.


დღეის მდგომარეობით, ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკი კიბერსივრცეს უთანაბრებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცეს.


შესაბამისი კიბერსაფრთხეების თავიდან ასარიდებლად მუშაობა დაიწყო კიბერ-ოპერაციების სპეციალურმა ცენტრმა, რომელიც სრული ძალებით 2023 წლიდან ამოქმედდება.


ნატოს ყოფილი გენ-მდივანი, ანდრეს ფოგ რასმუსენი თვლის, რომ ალიანსმა, ახალ საფრთხეებთან გასამკლავებლად, ელექტრონულ დაზვერვაზე უნდა იფიქროს და დროის მცირე მონაკვეთში მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები. მისი შეფასებით, ასევე აუცილებელია კიბერ-ოპერაციების ცენტრმა 2023 წლამდე დაიწყოს სრული დატვირთვით მუშაობა და ამ ორგანოს პირადი შემადგენლობის რაოდენობა უნდა იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე დღეს არის გაწერილი.


ავტორი: რატი ერისთავი   #მედიალაბორატორია


სხვა სიახლეები