• Ƀ/$

კონფრონტაცია ბრიტანეთსა და ირანს შორის - სანავთობე ტანკერების დაკავება

22 ივლისი 13:51 | ანალიტიკა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა პარასკევს ბრიტანული დროში ქვეშ მცურავი ტანკერი „სტენა იმპერო“ (Stena Impero) დააკავეს.

მომხდარის აღკვეთა, რეგიონში მყოფმა გაერთიანებული სამეფოს კუთვნილმა ფრეგატმა „მონტროუზმა“ ვერ შეძლო.


იმავე დღეს, ირანის ხელისუფლებამ ხომალდის დაკავების კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ უახლოვდება გუშაგთა კორპუსის კუთვნილი კატერი ტანკერს და როგორ ეშვებიან ვერტმფრენიდან თოკებით, ნიღბიანი, ავტომატებით შეიარაღებული სამხედროები, ხომალდის ბორტზე.


მსგავსი ტაქტიკა ორი კვირის წინ, ბრიტანელმა საზღვაო ქვეითებმა გამოიყენეს, როდესაც გიბრალტარის სანაპიროებთან ირანული ტანკერი „გრეის 1“ (Grace 1) დააკავეს.


გაერთიანებული სამეფოს დროშის ქვეშ მცურავი „სტენა იმპერო“ შვედურ სატრანსპორტო კომპანია „სტენა ბულკს“ (Stena Bulk) ეკუთვნის. ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის 23 წევრი - რუსეთის, ლატვიის, ინდოეთის და ფილიპინების მოქალაქეები იმყოფებიან.


 „თვალი თვალის წილ“


„შეშფოთებული ვარ, ირანის ხელისუფლების მიერ, ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ხომალდის დაკავებით“ - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა. მან დაკავებას არაკანონიერი უწოდა და ოფიციალური თეირანისგან მისი დაუყონებლივი გათავისუფლება მოითხოვა.


მომხდარი შემთხვევასთან დაკავშირებით ჩატარებული საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომის (COBRA) შემდეგ ჯერემი ჰანტმა პრესას განუცხადა: „დღეს მე ხანგრძლივი საუბარი მქონდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯავად ზარიფთან. დიალოგიდან და ირანის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან იკვეთება, რომ ისინი სიტუაციას განიხილავენ, როგორც „თვალი თვალის წილ“, მას შემდეგ, რაც გიბრალტარის სანაპიროებთან ირანული ტანკერი „გრეის 1“ დააკავეს.“


„ირანული ტანკერის დაკავება კანონიერ ჩარჩოებში განხორციელდა, რადგან ის ევროკავშირის სანქციებს არღვევდა და ნავთობი სირიის მიმართულებით გადაჰქონდა“ - დაამატა ჰანტმა.


გაერთიანებული სამეფოს მიერ, გაეროს უშიშროების საბჭოში გაგზავნილ ოფიციალურ წერილში მითითებულია, რომ ტანკერი ომანის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა, როდესაც მას ირანული კატერები არაკანონიერად მიუახლოვდნენ.


„უკანასკნელი გართულება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენი პრიორიტეტი მისი დეესკალაციაა. არ გვსურს ირანთან კონფრონტაცია. საერთაშორისოდ აღიარებული წყლების სატრანზიტო კორიდორში კანონიერად მცურავი ხომალდების დაკავება საფრთხის შემცველი და აღნიშნულმა შესაძლოა ესკალაციამდე მიიყვანოს სიტუაცია“ - აღნიშნულია წერილში.


ირანის პასუხი


„ბრიტანეთის ხელისუფლებამ ის შიდა პოლიტიკური ძალები უნდა შეაკავოს, რომლებსაც ტანკერების საკითხის გამო, ოფიციალურ თეირანსა და ლონდონს შორის დაძაბულობის ზრდა და არსებული სიტუაციის გართულება სურთ. ეს საკმაოდ საშიში და „სულელურია“, რეგიონის მძიმე მდგომარეობის გამო. თავის მხრივ ირანი საკუთარ პოზიციებზე მყარად დგას და მზადაა ნებისმიერი სცენარი გასავითარებლად“ - განაცხადა ირანის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ჰამიდ ბაიდინეჯადმა.


თეირანის ვერსიით, ტანკერის დაკავება საერთაშორისო საზღვაო სამართლის დარღვევის გამო განხორციელდა.


აქვე აღსანიშნავია, რომ ივლისის დასაწყისში ოფიციალური თეირანი რიად იმუქრებოდა ბრიტანული სანავთობე ტანკერის დაკავებით, იმის პასუხად, რომ მანამდე ბრიტანელებმა გიბრალტარის აკვატორიაში ირანული ტანკერი „გრეის 1“ დააკავეს.


ერთი დღით ადრე ოფიციალურმა თეირანმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში დააკავეს 12 კაციანი ეკიპაჟისგან შემდგარი უცხოური ტანკერი. ირანელები ირწმუნებოდნენ, რომ ხომალდ მილიონი ლიტრის ოდენობის კონტრაბანდული ნავთობი გადაჰქონდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა „რაიამ“ მოულოდნელად საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ, სიგნალების გაშვება შეწყვიტა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხომალდმა გეზი იცვალა და ირანის მიმართულებით წავიდა. ოფიციალურმა თეირანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ტანკერი მწყობრიდან გამოვიდა და სწორედ ამიტომ ბუქსირდა ირანული პორტისკენ.


შემდგომი მოლოდინები


ბრიტანული ხომალდების დასაცავად, რეგიონში გაგზავნილია სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ფრეგატი „მონტროუზი“. სპარსეთის ყურისკენ ასევე მიემართება საესკადრო ნაღმოსანი „დანკანი“.


ბი-ბი-სის დიპლომატიური კორესპონდენტის, ჯონათან მარკუსის თქმით, ირანელების მიერ ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავება, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებისთვის დამამცირებელია.


მარკუსი თვლის, რომ კრიზისიდან გამოსავალს არ წარმოადგენს შესაძლო შეთანხმება, რომლის მიხედვით ორივე მხარე გაათავისუფლებს დაკავებულ ტანკერებს. მაგრამ კონფლიქტი თეირანსა და ლონდონს შორის - ეს მხოლოდ რეგიონში არსებული კრიზისის მცირე ეპიზოდია.


არსებული გართულება დაიწყო მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ თეირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა და სანქციების აღდგენა გადაწყვიტა, რაც ირანის ეკონომიკას მძიმე დარტყმებს აყენებს.


„იმ შემთხვევაში თუ აშშ სანქციების გამკაცრებას განაგრძობს, პროვოკაციები კიდევ უფრო გაიზრდება“ - თვლის ბი-ბი-სის კორესპნდენტი უსაფრთხოების საკითხებში, ფრენკ გარდნერი.


მსგავს თემაზე:

ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვანი რისკების წინაშეა


რატომ აპირებდა ირანული სუპერტანკერი ევროპის გავლით სირიაში შესვლას?



სხვა სიახლეები