• Ƀ/$

აფბა–ს ვიცე–პრეზიდენტი: ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირასაა, ამ მიმართულებით სუბსიდირება გონივრულია

26 ივლისი 14:31 | ეკონომიკა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვაზე სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებას გონივრულს უწოდებს.

პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ ქვეყანაში დანაკარგები უნდა შეივსოს და გამოსავალი სწორედ სუბსიდირებაშია, თუმცა ეს არ უნდა განიხილებოდეს გრძელვადიან პერსპექტივაში.


„ლოკალურად რომ ვისაუბროთ საკითხზე, რეალობა არის ის, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირას დგას და ერთადერთი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ ეს არის ის, რომ, რაც შეიძლება მალე მოხდეს იმ დანაკარგების მინიმიზირება, რომელსაც ველოდებით. ასეთ რეალობაში ამ მიმართულებით სუბსიდირება იყო გონივრული“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.


მისივე თქმით, ამჟამად რუსულ ბაზარზე აქცენტირება იმიტომ ხდება, რომ პრობლემა ამ მიმართულებითაა.


„მოვისმინე მოსაზრებები, რომ რატომ მაინცდამაინც რუსული ბაზარი და არა სხვა. რუსული ბაზარი იმიტომ, რომ პრობლემა ამ მიმართულებით გვაქვს. ცნობადობის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეს ბაზარი ჩვენთან უფრო ახლოს არის. თუ სხვა ბაზარზე გვჭირდება საიმიჯო კამპანიების განთავსება, რომ დავაინტერესოთ ტურისტი, შემდგომში შეგვიძლია, ვიფიქროთ სუბსიდირებაზე ამ მიმართულებით. გრძელვადიან პერსპექტივაში რუსულ ბაზარზე აქცენტის გაკეთება რასაკვირველია, მცდარია და ორი აზრი არ არსებობს მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს გადაწყვეტილება იყო სწორი“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.


საქართველოს მთავრობა რუსეთიდან ტრანზიტული რეისებით შემოსულ თითო მგზავრს ხარჯს 90 ევრომდე აუნაზღაურებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში წერია, რომელიც 24 ივლისს გამოქვეყნდა.


საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს ჯამში 600 000 ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს.


საუბარია რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებზე. ამ ეტაპზე რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს მხოლოდ „ჯორჯიან ეარვეისი“, სომხეთში პარტნიორი ავიაკომპანიის ხელშეწყობით ახორციელებს. დადგენილებაში არ წერია თუ რომელ ავიაკომპანიასთან იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება.


დადგენილების მიხედვით, ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში უწყვეტად, კვირაში სულ მცირე ორი სიხშირით ფრენის შესრულება თითოეულ პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებაზე.


8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო 3 მლრდ რუბლის ($47 266 000) ზარალს ელოდებიან.


ამ აკრძალვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ „ატლასგლობალი“ მომხმარებლებს მოსკოვი-თბილისის რეისებს სტამბოლის გავლით სთავაზობს.


ვლადიმერ პუტინის ბრძანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, რომლის წინაპირობაც თავის მხრივ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი სიტყვით მიმართვა გახდა.


ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.


სხვა სიახლეები